შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ
მიღების თარიღი 23.06.2015
ძალაში შესვლა 07.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №180/5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016351
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად" წოდებულნი,
ითვალისწინებენ რა საბაჟო გადასახდელების ზუსტი გაანგარიშებისა და მათი საბაჟო ადმინისტრაციების მიერ კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებით აკრძალვების, შეზღუდვებისა და კონტროლის ზომების სათანადო აღსრულების მნიშვნელობას;
ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები ზარალს აყენებს მხარეთა უსაფრთხოებასა და მათ ეკონომიკურ, კომერციულ, ფისკალურ, სოციალურ, ჯანდაცვასა და კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ ინტერესებს;
აღიარებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროებას, რაც დაკავშირებულია მათი საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისა და აღსრულების საკითხებთან;
დარწმუნებულნი არიან რა, რომ საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ მიმართული ქმედება უფრო ეფექტური იქნება საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთშეთანხმებულ სამართლებრივ დებულებებზე დამყარებული მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
a) „საბაჟო ადმინისტრაცია“ ნიშნავს:
- საქართველოსთვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
„შემოსავლების სამსახურს” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს;
- არგენტინის რესპუბლიკისთვის: საჯარო შემოსავლების ფედერალურ ადმინისტრაციას;
b) „საბაჟო მოთხოვნა“ ნიშნავს საბაჟო გადასახდელის ნებისმიერ ოდენობას, რომლის აკრეფა ვერ ხორციელდება ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე;
c) „საბაჟო გადასახდელი" ნიშნავს მხარეების ტერიტორიებზე საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის საბაჟო ტარიფს, გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს, გარდა გაწეულ მომსახურებაზე დაწესებული მოსაკრებლებისა და საფასურებისა;
d) „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს ნებისმიერ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ აქტს, რომელსაც თითოეული საბაჟო ადმინისტრაცია იყენებს ან აღასრულებს საქონლის შემოტანასთან, გატანასთან, გადატვირთვასთან, ტრანზიტთან, დასაწყობებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, იმ სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტების ჩათვლით, რომლებიც არეგულირებენ აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას, ასევე ფულის გათეთრებასთან ბრძოლას;
e) „საბაჟო სამართალდარღვევა“ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას;
f) „ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს, მიუხედავად იმისა, დამუშავებულია თუ გაანალიზებული იგი, და დოკუმენტებს, ანგარიშებსა და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის, მათ ელექტრონულ ვერსიებს, დამოწმებულ ან ავთენტურ ასლებს;
g) „საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ჯაჭვი“ ნიშნავს წარმოშობის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე გატარებულ ყველა პროცესს, რომელიც დაკავშირებულია საზღვრებს შორის საქონლის გადაადგილებასთან;
h) „უფლებამოსილი პირი“ ნიშნავს ნებისმიერ საბაჟო ოფიცერს ან საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებაზე უფლებამოსილ სხვა სახელმწიფო მოხელეს;
i) „პირი“ ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, თუ შინაარსი სხვაგვარად არ მოითხოვს;
j) „პირადი მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც იდენტიფიცირებულია ან ექვემდებარება იდენტიფიცირებას;
k) „თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია“ ნიშნავს საბაჟო ადმინისტრაციას, რომლისგანაც ითხოვენ დახმარებას;
l) „თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაცია“ ნიშნავს საბაჟო ადმინისტრაციას, რომელიც ითხოვს დახმარებას;
m) „თხოვნის წარმდგენი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომლის საბაჟო ადმინისტრაცია ითხოვს დახმარებას;
n) „თხოვნის მიმღები მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომლის საბაჟო ადმინისტრაციას თხოვნით მიმართეს დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
მუხლი 2🔗
შეთანხმების მოქმედების სფერო
1. ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მხარეები, თავიანთი საბაჟო ადმინისტრაციების მეშვეობით, ერთმანეთს გაუწევენ ადმინისტრაციულ ურთიერთდახმარებას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთის, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ამ შეთანხმების თანახმად, ურთიერთდახმარება უნდა იქნეს გაწეული თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი საბაჟო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში.
3. ეს შეთანხმება მოიცავს მხარეთა შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხებს და გავლენას ვერ მოახდენს მათ შორის დადებულ შეთანხმებებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ. თუ ურთიერთდახმარება უნდა განხორციელდეს თხოვნის მიმღები მხარის სხვა უწყების მიერ, თხოვნის მიმღებმა ადმინისტრაციამ უნდა მიუთითოს ამგვარ უწყებებზე და, თუ ცნობილია, შესაბამისი მოქმედი შეთანხმების ან ურთიერთშეთანხმების შესახებ.
4. ამ შეთანხმების დებულებები არ აძლევს რომელიმე პირს უფლებას, შეზღუდოს დახმარების აღმოჩენის თაობაზე თხოვნის შესრულება.
მუხლი 3🔗
ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისა და აღსრულების თაობაზე
1. მხარეები, მიღებული თხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებას, საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთის, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს შემდეგ მონაცემებს:
a) მათ საბაჟო კანონმდებლობაში შეტანილ მნიშვნელოვან ცვლილებებს;
b) სამართალაღსრულების ახალ საშუალებებს, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია;
c) საბაჟო სამართალდარღვევების ახალ ტენდენციებს, საშუალებებს ან მეთოდებს;
d) იმ საქონელს, რომელიც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევების ობიექტს, ასევე, ასეთი საქონლის ტრანსპორტირებასა და დასაწყობების მიზნით გამოყენებულ მეთოდებს;
e) იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ან არსებობს ეჭვი, რომ ჩაიდინეს საბაჟო სამართალდარღვევა;
f) ნებისმიერ სხვა მონაცემსა და სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საბაჟო ადმინისტრაციებს დაეხმარებათ რისკების შეფასებაში კონტროლისა და ხელშეწყობის მიზნებისთვის.
2. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას აწვდის შემდეგ ინფორმაციას:
a) თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი კანონიერად არის თუ არა გატანილი თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიიდან;
b) თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიიდან გატანილი საქონელი კანონიერად არის თუ არა შემოტანილი თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, ასევე, ნებისმიერი საბაჟო პროცედურის შესახებ, რომელიც განხორციელდა საქონლის მიმართ.
მუხლი 4🔗
საბაჟო გადასახდელების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია
1. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია, 24-ე მუხლის დაურღვევლად, საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენებისა და საბაჟო დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას აწვდის ინფორმაციას, თუ თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას წარმოეშვა ეჭვი დეკლარაციის ნამდვილობასთან ან სისწორესთან დაკავშირებით.
2. თხოვნა უნდა შეიცავდეს იმ შემოწმების პროცედურების ჩამონათვალს, რომელიც თხოვნის წარმდგენმა ადმინისტრაციამ განახორციელა ან შეეცადა განეხორციელებინა, და კონკრეტულ მოთხოვნილ ინფორმაციას.
მუხლი 5🔗
საბაჟო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია
თითოეული საბაჟო ადმინისტრაცია, თხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას მიაწვდის ინფორმაციას ისეთი დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ქმედებების შესახებ, რომლებიც ბადებენ საფუძვლიან ეჭვს, რომ განხორციელდა ან განხორციელდება საბაჟო სამართალდარღვევა მეორე მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗
ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლა
26-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაცვალონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში.
მუხლი 7🔗
ინფორმაციის წინასწარ გაცვლა
26-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინასწარ გაცვალონ ცალკეული სახის ინფორმაცია მეორე მხარის ტერიტორიაზე საქონლის პარტიის შეტანამდე.
მუხლი 8🔗
შეტყობინება
1. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა საჭირო ზომას, რათა იმ პირს, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, აცნობოს ამ პირთან დაკავშირებით თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის მიერ საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას მიღებული ყველა გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ხვდება ამ შეთანხმების მოქმედების სფეროში.
2. ასეთი შეტყობინებების გაგზავნა უნდა მოხდეს თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი მსგავსი გადაწყვეტილებების პროცედურების გათვალისწინებით.
მუხლი 9🔗
საბაჟო მოთხოვნის შესრულება
1. თხოვნის საფუძველზე, საბაჟო ადმინისტრაციები ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას საბაჟო მოთხოვნის შესრულებაში, თუ ეს ნებადართულია თხოვნის წარდგენის მომენტში ორივე მხარის მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
2. საბაჟო მოთხოვნის შესრულების მიზნით დახმარების გაწევა განხორციელდება ამ შეთანხმების 26-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
ზედამხედველობა და ინფორმაციის მიწოდება
1. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია განახორციელებს ზედამხედველობას და თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
a) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ ან დასაწყობებულ საქონელს, რომელიც გამოყენებულ იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებულ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენაში თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე;
b) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებულ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენაში თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე;
c) შენობებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებულ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე;
d) პირებს, რომლებმაც დაარღვიეს ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო სამართალდარღვევაში თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიიდან.
2. თითოეულ საბაჟო ადმინისტრაციას შეუძლია ასეთი ზედამხედველობა განახორციელოს საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ქმედებები წარმოადგენენ საბაჟო სამართალდარღვევას მეორე მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 11🔗
კონტროლირებადი მიწოდება
საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმებით და მათი კონტროლით, ნებართვა გასცენ თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე უკანონო ან საეჭვო ტვირთის გადაადგილებაზე, ტერიტორიიდან გატანაზე, ტრანზიტით გადატანაზე ან ტერიტორიაზე შეტანაზე, თუკი ეს ემსახურება საბაჟო სამართალდარღვევების გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. თუ ასეთი ნებართვის გაცემა არ შედის საბაჟო ადმინისტრაციის კომპეტენციაში, მაშინ ეს ადმინისტრაცია თანამშრომლობის მიზნით მიმართავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყებებს ან საქმეს გადასცემს ასეთ უწყებებს.
მუხლი 12🔗
ექსპერტები და მოწმეები
თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია თავის უფლებამოსილ პირებს მიანიჭოს უფლებამოსილება, რომ თხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე საბაჟო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის დროს სასამართლოში ან ტრიბუნალში წარდგნენ ექსპერტების ან მოწმეების სახით.
მუხლი 13🔗
ცხელ კვალზე დევნა
1. თითოეული მხარის უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ ტერიტორიაზე იმ პირის დევნას, რომელმაც ჩაიდინა საბაჟო სამართალდარღვევა ან მონაწილეობა მიიღო ასეთ დარღვევაში, შეუძლიათ დევნა განაგრძონ მეორე მხარის ტერიტორიაზე თხოვნის მიმღები მხარისათვის წინასწარი მოთხოვნის გაგზავნის, ნებართვის მიღებისა და სხვა პირობების გათვალისწინებით.
2. დევნის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მოთხოვნის საფუძველზე, მხარის კომპეტენტური უწყებები, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება დევნა, პასუხისმგებელნი არიან დაადგინონ ძებნილი პირის ვინაობა.
3. თუ დევნა ხორციელდება საზღვაო წყლებში და იგი გრძელდება ღია ზღვაში, დევნა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად, როგორც ეს ასახულია გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციაში.
მუხლი 14🔗
ტრანსსასაზღვრო ვიზუალური ზედამხედველობა
თითოეული მხარის უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ ტერიტორიებზე იმ პირის ზედამხედველობას, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ჩაიდინა საბაჟო სამართალდარღვევა, შეუძლიათ ზედამხედველობა განაგრძონ მეორე მხარის ტერიტორიაზე წინასწარი მოთხოვნის გაგზავნის, ნებართვის მიღებისა და მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.
მუხლი 15🔗
ფარული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება
1. თითოეულ მხარეს შეუძლია მეორე მხარის უფლებამოსილ პირებს მისცეს ნებართვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ მის ტერიტორიაზე თავიანთი ვინაობის დამალვით, რათა დადგინდეს ან დაზუსტდეს საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტები, თუ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ამის გარკვევა. აღნიშნულ უფლებამოსილ პირებს ეძლევათ უფლება, საგამოძიებო საქმიანობის პროცესში შეაგროვონ ინფორმაცია და დაუკავშირდნენ გამოძიებასდაქვემდებარებულ ან მათთან დაკავშირებულ სხვა პირებს.
2. საგამოძიებო მოქმედებები უნდა გატარდეს იმ მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები.
მუხლი 16🔗
ერთობლივი საზედამხედველო და საგამოძიებო ჯგუფები
1. მხარეებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ერთობლივი საზედამხედველო ან საგამოძიებო ჯგუფები, კონკრეტული სახის საბაჟო სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, რომელიც საჭიროებს თანმიმდევრული და კოორდინირებული ღონისძიებების გატარებას.
2. აღნიშნული ჯგუფები იმოქმედებენ იმ მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ამგვარი ღონისძიებები.
მუხლი 17🔗
თხოვნის მიწოდება
1. ამ შეთანხმების ფარგლებში თხოვნა დახმარების აღმოჩენის თაობაზე უნდა გადაეცეს უშუალოდ მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას.
2. თხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ინგლისურ ენაზე და თან უნდა ერთოდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. თხოვნის მიმღებ ადმინისტრაციას შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი თხოვნის წერილობითი დადასტურება. გარკვეულ შემთხვევებში, თხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ასეთი თხოვნა უმოკლეს ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით ან, ორივე საბაჟო ადმინისტრაციების თანხმობის შემთხვევაში, უნდა მიეწოდოს ელექტრონული საშუალებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შედგენილი თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
a) თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის სახელწოდება;
b) თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის სახელწოდება;
c) ამ შეთანხმებაზე მითითება;
d) საკითხის შინაარსი, დახმარების ფორმა და თხოვნის მიზეზი;
e) განსახილველი საქმის და მისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტების მოკლე მიმოხილვა;
f) თუ ცნობილია იმ პირთა სახელი/გვარი და მისამართი, რომლებსაც უკავშირდება თხოვნა.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაცია ითხოვს გარკვეული პროცედურის ან მეთოდოლოგიის გამოყენებას, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია შეასრულებს ასეთ თხოვნას თავისი კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტების გათვალისწინებით.
5. ამ შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხარეების საბაჟო ადმინისტრაციების მიერ სპეციალურად ამ მიზნებისათვის დანიშნულ უფლებამოსილ პირებს შორის. ამ უფლებამოსილ პირთა სია გადაეცემა მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას ამ შეთანხმების 26-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 18🔗
ინფორმაციის მოპოვების საშუალებები
1. თუ თხოვნის მიმღებ ადმინისტრაციას არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა დაიწყოს ამ ინფორმაციის მოპოვება.
2. თუ თხოვნის მიმღებ ადმინისტრაციას არ გააჩნია უფლებამოსილება დაიწყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მოპოვება, მას შეუძლია მიუთითოს შესაბამის უწყებაზე და ამ უწყებას შესასრულებლად გადაუგზავნოს თხოვნა.
მუხლი 19🔗
უფლებამოსილ პირთა ყოფნა მეორე მხარის ტერიტორიაზე
თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად დანიშნულ უფლებამოსილ პირებს, წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის ნებართვით, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და მის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საბაჟო სამართალდარღვევის გამოძიების მიზნით შეუძლიათ:
a) თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის ოფისებში გაეცნონ დოკუმენტებსა და საბაჟო სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას და გადაიღონ მათი ასლები;
b) დაესწრონ თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის მიერ იმ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესს, რომელიც შედის თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის ინტერესებში.
მუხლი 20🔗
თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირთა
ყოფნა თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის მიწვევით
1. თხოვნის შესაბამისად, როდესაც თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია მიზანშეწონილად ან აუცილებლად მიიჩნევს თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირის დასწრებას დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების ჩატარების დროს, მან აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას და მიიწვიოს მონაწილეობის მისაღებად. ამგვარი მონაწილეობა განისაზღვრება ამ შეთანხმების მე-19 და 21-ე მუხლებით და თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის მიერ დადგენილი პირობებით.
2. საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით და 26-ე მუხლის გათვალისწინებით გაზარდონ მიწვეული უფლებამოსილი პირის ფუნქცია საკონსულტაციო ფუნქციისგან განსხვავებით.
მუხლი 21🔗
ჩამოსულ უფლებამოსილ პირებზე გავრცელებული წესები
1. ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, როდესაც ერთი მხარის უფლებამოსილი პირები იმყოფებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე, მათ მთელი ვიზიტის განმავლობაში უნდა შეეძლოთ პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა მეორე მხარისთვის.
2. თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის მიერ დანიშნულ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამ შეთანხმების მე-19 და მე-20 მუხლების თანახმად იმყოფებიან თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, ექნებათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ამ შეთანხმების 26-ე მუხლის შესაბამისად.
3. ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, უფლებამოსილი პირები მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე და ისარგებლებენ ისეთივე დაცვით როგორც თავისი საბაჟო მოხელეები სარგებლობენ, რაც გათვალისწინებულია ამ მხარის სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტებით.
მუხლი 22🔗
ინფორმაციის გამოყენება
1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მხარეების საბაჟო ადმინისტრაციების მიერ და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი საბაჟო ადმინისტრაცია ნებართვას იძლევა სხვა უწყებების მიერ ან სხვა მიზნებისათვის მისი გამოყენების თაობაზე.
2. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვლება კონფიდენციალურად და ისარგებლებს სულ მცირე იგივე დონის დაცვით და კონფიდენციალობით, როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია თხოვნის მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
მუხლი 23🔗
პერსონალური მონაცემების დაცვა
1. ამ შეთანხმების საფუძველზე, პერსონალური მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე საბაჟო ადმინისტრაციები, 26-ე მუხლის შესაბამისად, არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემების მიმღები მხარის ტერიტორიაზე ექნებათ დაცვის ის დონე, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. თხოვნის საფუძველზე, საბაჟო ადმინისტრაცია, რომელიც იღებს პერსონალურ მონაცემებს, ამ მონაცემების გადამცემ საბაჟო ადმინისტრაციას აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ.
3. ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია თხოვნის შესრულების მიზნებისათვის.
4. პერსონალური მონაცემების გადამცემი საბაჟო ადმინისტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ ასეთი მონაცემები იყოს სათანადოდ და კანონიერად შეგროვებული და ზუსტი, გადაცემის მომენტისთვის განახლებული და არ აჭარბებდეს იმ მიზნებს, რისთვისაც იგი იქნა წარდგენილი.
5. თუ აღმოჩნდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არასწორია ან მისი გაცვლა არ შეიძლებოდა, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. ის საბაჟო ადმინისტრაცია, რომელმაც მიიღო ასეთი მონაცემები, ჩაასწორებს ან გააუქმებს მათ.
6. საბაჟო ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების გადაცემას ან მიღების რეგისტრაციას.
7. საბაჟო ადმინისტრაციები მიიღებენ უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების დაცვას უნებართვო გამოყენების, შეცვლის ან გავრცელებისაგან.
მუხლი 24🔗
გამონაკლისები
1. თუ ამ შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილი თხოვნა დახმარების თაობაზე არღვევს ან ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, სახელმწიფო პოლიტიკას ან ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს ან ზიანს აყენებს კანონიერ კომერციულ ან პროფესიულ ინტერესებს, მხარეს შეუძლია უარი თქვას დახმარების გაწევაზე, ან, საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს დახმარება გარკვეული პირობებით.
2. დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ან სასამართლო წარმოებას. ამ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები მხარის საბაჟო ადმინისტრაცია კონსულტაციებს გამართავს თხოვნის წარმდგენ მხარის საბაჟო ადმინისტრაციასთან, რათა განისაზღვროს შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაციის მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
3. დახმარებაზე უარის თქმის ან მისი გადავადების შემთხვევაში, უარის თქმა ან გადავადება დაუყოვნებლივ წერილობით ფორმით უნდა ეცნობოს თხოვნის წარმდგენ მხარეს.
მუხლი 25🔗
ხარჯები
1. ამ შეთანხმების გამოყენების დროს გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს თხოვნის მიმღები მხარის მიერ.
2. ექსპერტებისა და მოწმეების ხარჯებს, ასევე, თარჯიმანთა და მთარგმნელთა მომსახურების საფასურს, სახელმწიფო მოხელეთა გარდა, გაიღებს თხოვნის წარმდგენი მხარე.
3. თუ თხოვნის შესრულება საჭიროებს მნიშვნელოვანი მოცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯებს, მხარეები გაივლიან კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომელთა საფუძველზე მოხდება თხოვნის შესრულება და ხარჯების გაწევა.
მუხლი 26🔗
შეთანხმების შესრულება და გამოყენება
საბაჟო ადმინისტრაციები (საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კოორდინაციით), ერთობლივად შეიმუშავებენ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ შეთანხმების დებულებების გამოყენებას.
მუხლი 27🔗
შეთანხმების ტერიტორიული გამოყენების სფერო
ამ შეთანხმების მოქმედება ვრცელდება ორივე მხარის ტერიტორიაზე, როგორც ეს განსაზღვრულია მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
მუხლი 28🔗
დავების მოგვარება
1. ნემისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ამ შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად, მხარეებს შორის გადაწყდება მოლაპარაკების გზით.
2. გადაუწყვეტელი დავები უნდა მოგვარდეს დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 29🔗
კონსულტაციები
თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გავლა ამ შეთანხმების შესრულების, გამოყენების, მისი შესწორების ან ამ შეთანხმების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 30🔗
ცვლილებები
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში.
მუხლი 31🔗
ძალაში შესვლა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარის მიერ მეორე მხარისათვის ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
მუხლი 32🔗
ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტში მიმდინარე სასამართლო წარმოება უნდა იქნეს დასრულებული ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. ბუენოს-აირესში, 2015 წლის 23 ივნისი, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით არგენტინის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
(ხელმოწერილია)