სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებისა და გავლის წესის, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2015
ძალის დაკარგვა 05.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016563
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.06.2017
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებისა და გავლის წესის, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №148
2015 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებისა და გავლის წესის, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეები და გავლის წესი, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეები და გავლის წესი, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სპეციალური კონკურსის ჩატარებისა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის გამოვლენის წესს; სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებს, გავლის პერიოდულობასა და წესს; სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესს.
მუხლი 2🔗. სპეციალური კონკურსის ჩატარების პრინციპები
სპეციალური კონკურსი (შემდგომში –
კონკურსი) ტარდება კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 3🔗. მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია
1. კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია (შემდგომში –
კომისია).
2. კომისიას ქმნის და შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში –
მინისტრი).
3. კომისიის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ოფიცრისა და რიგითის კანდიდატის (შემდგომში –
კანდიდატი) შერჩევა.
4. კომისიის ამოცანებია კანდიდატის პროფესიული დონის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებებისა და კვალიფიკაციის შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა.
5. კომისიის ფუნქციებია:
ა) კანდიდატის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და პირადი შესაძლებლობების შეფასების პროცედურის წარმართვა;
ბ) კურსანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, რომელთაგან მინისტრი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს (შემდგომში –
თავმჯდომარე), თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს.
2. თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
3. კომისიის მდივანი აწარმოებს სხდომის ოქმებსა და თავმჯდომარის დავალებით სხვა შესაბამის დოკუმენტაციას.
4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ საერთაშორისო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომელთა კანდიდატურასაც მინისტრს წარუდგენს თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗. კომისიის წევრის აცილება
1. კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე ან მსვლელობისას განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შესაძლოა მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული კომისიის წევრი ვერ მიიღებს კანდიდატის შეფასებაში და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კანდიდატის საბოლოო შეფასებამდე, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კანდიდატის საბოლოო შეფასების შემდეგ, კომისიის წევრს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ სამი წევრი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 7🔗. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის მიერ იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისია შედგება არანაკლებ სამი წევრისაგან, რომელთაგან მინისტრი ნიშნავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საპრეტენზიო კომისიის მდივანი.
4. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება საპრეტენზიო კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
7. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
8. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღეში. გამოვლენილი ხარვეზების და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დგება ოქმი და წარედგინება კომისიას.
9. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 8🔗. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კონკურსის გამოცხადებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
3. კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
4. კანდიდატებს უფლება აქვთ კონკურსის გამოცხადების დღიდან კონკურსში მონაწილეობის მიზნით შეიტანონ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები მხოლოდ ელექტრონული ფორმით ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვებგვერდის მეშვეობით.
5. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი წარდგენის ვადას და ფორმას;
გ) კანდიდატისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ამ თანამდებობისათვის დადგენილ ფიზიკური მომზადების ნორმატივებს;
დ) კონკურსის ჩატარების თარიღს;
ე) კონკურსის თემატიკას;
ვ) შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობას;
ზ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
თ) კონკურსის ეტაპებს;
ი) კომისიის მისამართს.
მუხლი 9🔗. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადებების წარდგენა
1. მიღებული განცხადებების გადარჩევას, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას და მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი დოკუმენტაცია.
3. კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად, არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.
მუხლი 10🔗. მოთხოვნები, რომელიც წაეყენება კანდიდატს
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.
მუხლი 11🔗. განცხადებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
1. იმ კანდიდატებს, რომლებიც დაშვებულნი იქნენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე, აღნიშნულის შესახებ ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგი ეტაპის ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე.
2. კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაშვებაზე აღნიშნულის შესახებ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, რომელთაც უფლება აქვთ, კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
3. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი განცხადებებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს ამ თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 12🔗. კონკურსის ეტაპები
1. კონკურსის ეტაპებია:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) ზოგადი უნარების ტესტი;
გ) პროფესიული ცოდნის ტესტი;
დ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
ე) გასაუბრება.
2. სხვადასხვა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე, კომისიის მიერ შესაძლებელია დადგინდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სხვადასხვა ეტაპები.
3. კონკურსის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ, კანდიდატთა შედეგების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის კომისიისა და კანდიდატებისათვის მიწოდებას.
მუხლი 13🔗. ტესტების შედგენა და მისი ჩატარების ორგანიზება
1. ტესტის შედგენის და ტესტირების ჩატარების ორგანიზებას კონკურსის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ –
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში –
ცენტრი).
2. ტესტირების მიზანია შეფასდეს კანდიდატის ზოგადი უნარები და პროფესიული ცოდნის დონე.
3. ცენტრი პასუხისმგებელია ტესტის სისწორეზე.
მუხლი 14🔗. ტესტირების ხანგრძლივობა
1. ტესტზე პასუხის გასაცემად კანდიდატს, როგორც წესი, ეძლევა 70-დან 120 წუთამდე დრო ტესტების რაოდენობის მიხედვით, თითო ტესტზე 2 წუთის პრინციპის დაცვით. ტესტირებისათვის გამოყოფილი დროის ათვლა იწყება ტესტირების ინსტრუქტაჟის დასრულებიდან. ტესტების დროის ამოწურვისას, ტესტზე მუშაობის დასრულება ფიქსირდება პროგრამულად. თუ კანდიდატი ტესტირებისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში ვერ მოასწრებს ყველა დავალებაზე პასუხის დაფიქსირებას, ტესტური დავალება შეფასდება მის მიერ გაცემული პასუხების რაოდენობის მიხედვით.
2. ტესტირების დროის ამოწურვის შესახებ კანდიდატი იღებს ორ გაფრთხილებას: ტესტირების დროის დამთავრებამდე 20 და 10 წუთით ადრე.
მუხლი 15🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე
ტესტირების დაწყებამდე ცენტრის წარმომადგენელი კანდიდატებს უტარებს ინსტრუქტაჟს, რომლის მიზანია მათ გააცნონ ტესტის ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის მონიშვნის წესი, ტესტირების პროცესის ხანგძლივობა, მათი უფლება-მოვალეობები და სხვა საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტესტირების მიმდინარეობისას.
მუხლი 16🔗. ტესტირებაზე გამოცხადება/გამოუცხადებლობა
1. ტესტირების დღეს კანდიდატი უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე.
2. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა). პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გარეშე კანდიდატი ტესტირებაზე არ დაიშვება.
3. ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე იწყება კანდიდატთა რეგისტრაცია. დაგვიანებული კანდიდატი მიუხედავად გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზისა (საპატიოა თუ არასაპატიო) ტესტირებაზე არ დაიშვება.
მუხლი 17🔗. ტესტირების ოთახში შესვლის უფლება
1. ტესტირების ოთახში დაიშვება კანდიდატი, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი და დამკვირვებელი. უცხო პირთა შესვლა ტესტირების ოთახში აკრძალულია.
2. კომისიის წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შევიდეს ტესტირების ოთახში და დააკვირდეს ტესტირების პროცესის მიმდინარეობას.
3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტში მითითებული პირები რეგისტრირდებიან სპეციალურ ჟურნალში.
მუხლი 18🔗. ტესტირების პროცესში კანდიდატის უფლება-მოვალეობები
1. ტესტირების პროცესში კანდიდატს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია, იმაზე თუ რა სახის ტესტირება უნდა გაიაროს და რა დროა განკუთვნილი ტესტირებისთვის;
ბ) გააპროტესტოს ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის/დამკვირვებლის მოქმედება;
გ) შეიტანოს სასმელი წყალი ტესტირების ოთახში;
დ) სურვილის შემთხვევაში დროებით დატოვოს ტესტირების ოთახი (კანდიდატის მიერ გარეთ გასვლაზე დახარჯული დრო აკლდება ტესტირებისთვის განკუთვნილ დროს).
2. ტესტირების პროცესში კანდიდატი ვალდებულია:
ა) ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათით ადრე გამოცხადდეს ცენტრში რეგისტრაციისთვის;
ბ) წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ტესტურ დავალებებზე იმუშავოს დამოუკიდებლად;
დ) დაემორჩილოს ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის/დამკვირვებლის მითითებებს.
3. ტესტირების პროცესში კანდიდატს ეკრძალება:
ა) გადალაპარაკება/კარნახი, დახმარების გაწევა სხვა კანდიდატისათვის;
ბ) სხვა კანდიდატის მონიტორზე გამოსახულების ყურება ან/და სხვა კანდიდატისაგან დახმარების მიღება;
გ) დამხმარე მასალის (სახელმძღვანელოები, ჩანაწერები, სამართლებრივი აქტები) და სხვა ტექნიკური (მობილური ტელეფონი და სხვა) თუ მატერიალური საშუალებების გამოყენება;
დ) ტესტირების ადგილის უნებართვოდ დატოვება;
ე) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
ვ) ტესტზე მუშაობის გაგრძელება ტესტირების დროის ამოწურვის შემდეგ;
ზ) ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის/დამკვირვებლის დაუმორჩილებლობა;
თ) ტესტირების პროცესის მსვლელობისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა.
4. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ ცენტრის მიერ მიწოდებული დამატებითი სამუშაო (სანიშნი) ფურცელი, რომელიც რჩება ცენტრში და ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
5. ტესტირების პროცესზე შესაძლებელია განხორციელდეს დაკვირვება ვიდეო აღჭურვილობის და ხმის ჩაწერის მეშვეობით.
მუხლი 19🔗. ტესტების მიმდინარეობა და შედეგების შეჯამება
1. ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
2. პროგრამაში შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, პროგრამა კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე აძლევს ტესტურ დავალებებს.
3. თუ ტესტირების მიმდინარეობისას, კანდიდატს ტექნიკური პრობლემის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში ხელი ეშლება ტესტზე მუშაობაში, მას განაცდური დროის მიხედვით მიეცემა დამატებითი დრო ტესტის დასასრულებლად.
4. ტესტირების მიმდინარეობისას, კანდიდატს უფლება აქვს გააპროტესტოს ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის/დამკვირვებლის მოქმედება. კანდიდატის საჩივარს დაუყოვნებლივ, ერთპიროვნულად იხილავს ცენტრის დირექტორი და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
5. ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, პროგრამა ავტომატურად ითვლის სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობას და კანდიდატი დასრულებისთანავე იღებს ინფორმაციას მის მიერ მიღებული შედეგის შესახებ.
6. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი სპეციალურ უწყისში აღნიშნავს კანდიდატის მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობას, რასაც კანდიდატი ადასტურებს ხელმოწერით.
მუხლი 20🔗. რეაგირება ტესტირების დროს წესების დარღვევაზე
1. ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში, კანდიდატი იღებს გაფრთხილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდგომ, კანდიდატის მიერ წესების გამეორებით დარღვევის შემთხვევაში, იგი იხსნება ტესტირებიდან.
3. შესრულებული ნაშრომის შეფასების ან/და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორი.
მუხლი 21🔗. ტესტირების შედეგების შეფასება და გამსვლელი ქულა
1. კანდიდატის მიერ ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა ფასდება მაქსიმალური 100 ქულით, ქულათა შეფასება ხდება პროგრამულად, კითხვის სირთულის მიხედვით. შეფასების სისტემა მოიცავს მინიმუმ 1 ქულას და მაქსიმუმ 9 ქულას კითხვაზე.
2. კანდიდატი, რომელიც ტესტირების შედეგად დააგროვებს არანაკლებ 51 ქულას, გადადის კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
მუხლი 22🔗. ფიზიკური ნორმატივების მიმდინარეობა და შედეგების შეჯამება
1. ფიზიკური ნორმატივების ჩასაბარებლად დაიშვებიან კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს კონკურსის წინა ეტაპი.
2. ფიზიკური ნორმატივები ტარდება ცენტრის მიერ, ცენტრის ტერიტორიაზე ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე.
3. ფიზიკური ნორმატივების ჩატარების ადგილზე დაიშვებიან კანდიდატები, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლები და დამკვირვებლები. ფიზიკური ნორმატივების ჩატარების ადგილზე უცხო პირთა დაშვება აკრძალულია.
4. უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს ფიზიკური ნორმატივების ჩატარების ადგილზე შესვლის უფლების მქონე პირებს და აძლევს მათ დროებით საშვს.
5. ფიზიკური ნორმატივების ჩატარების ადგილზე სამედიცინო პერსონალის (სასწარაფო დახმარება ან სამინისტროს სამედიცინო პერსონალი) ყოფნა სავალდებულოა.
6. ფიზიკური ნორმატივები დგინდება შესაბამისი თანამდებობისათვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 23🔗. ფიზიკური ნორმატივების შეფასება
1. კანდიდატის მიერ ფიზიკური ნორმატივების დასრულების შემდეგ, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ითვლის და აცხადებს შედეგებს. შედეგები ჯამდება წინასწარ მომზადებული სქემის (წესის დანართი №1) მიხედვით.
2. ცენტრი პასუხისმგებელია შეფასების სისწორეზე.
3. ფიზიკური ნორმატივების მიმდინარეობისას, კანდიდატს უფლება აქვს გააპროტესტოს ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მოქმედება. კანდიდატის საჩივარს დაუყოვნებლივ იხილავს ცენტრის დირექტორი და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას.
მუხლი 24🔗. ფიზიკურ ნორმატივებზე გამოცხადება/არ გამოცხადება
1. ფიზიკური ნორმატივების ჩატარების დღეს კანდიდატი უნდა გამოცხადდეს ნორმატივების ჩატარების ადგილზე დაწყებამდე 1 საათით ადრე.
2. კანდიდატმა თან უნდა იქონიოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა).
3. პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გარეშე პირი ფიზიკურ ნორმატივებზე არ დაიშვება.
4. ფიზიკური ნორმატივების დაწყებამდე 1 საათის განმავლობაში, ხდება კანდიდატთა რეგისტრაცია.
მუხლი 25🔗. გასაუბრება
1. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ კანდიდატის პირადი უნარ-ჩვევების, პიროვნული მახასიათებლებისა და პროფესიული უნარების დადგენის მიზნით.
2. გასაუბრებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის წინა ეტაპები.
3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური გასაუბრებაზე დაშვებულ კანდიდატს წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს გასაუბრების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, გასაუბრების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.
მუხლი 26🔗. გასაუბრების ჩატარების წესი
1. გასაუბრებაზე კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ მათთვის წინასწარ მითითებულ დროს. დაგვიანებული კანდიდატები გასაუბრებაზე არ დაიშვებიან.
2. გასაუბრებაზე გამოცხადებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
3. გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზისა (საპატიოა თუ არასაპატიო), კანდიდატი იხსნება გასაუბრებიდან.
4. გასაუბრებაზე კომისია კანდიდატს კითხვებს აძლევს მისი პირადი თვისებების, ასევე დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათავლისწინებით, კანდიდატის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების და ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მისი მზაობის დადგენის მიზნით.
5. გასაუბრების მიმდინარეობისას შესაძლებელია განხორციელდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შესახებაც კანდიდატს წინასწარ ეცნობება.
6. გასაუბრების დასრულების შემდეგ კანდიდატი ტოვებს ოთახს. კომისია ისმენს მოწვეული სპეციალისტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომენტარებს დასმულ კითხვებზე კანდიდატის პასუხებთან დაკავშირებით, რის შემდეგ კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად აფასებს კანდიდატს დადგენილი ფორმის მიხედვით (წესის დანართი №2).
7. ყველა კანდიდატის მიერ გასაუბრების გავლის შემდეგ იმართება კომისიის სხდომა. სხდომაზე ჯამდება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ქულები. კომისიის წევრის მიერ კანდიდატისადმი დაწერილი შეფასება კონფიდენციალურია. ოქმში ფიქსირდება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული საერთო ქულა.
8. საბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 27🔗. შერჩეული კანდიდატის სტატუსი
კომისია შერჩეულ კანდიდატს ანიჭებს კურსანტის სტატუსს. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური კურსანტის სტატუსმინიჭებულ პირთა სიას აწვდის ცენტრს სტატუსის მინიჭებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 28🔗. სასწავლო პროცესი და შეფასების სიტემა
1. კურსანტი, სტატუსის მინიჭებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, იწყებს სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსს ცენტრში.
2. სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსი ხორციელდება ცენტრის მიერ წინასწარ მომზადებული პროგრამის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
3. სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსი სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას, ფსიქოლოგიურ მომზადებას; წამების პრევენციის საკითხებს; ეროვნულ კანონმდებლობას და პატიმრებთან მოპყრობის საერთაშორისო სტანდარტებს; მოშიმშილე და განსაკუთრებული კატეგორიის პატიმრებთან მოპყრობის სპეციფიკას და სხვა.
4. სასწავლო პროცესი ითვალისწინებს პრაქტიკულ კურსს შესაბამის სამსახურში.
5. სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის გავლის შემდეგ კურსანტი აბარებს გამოცდას.
6. გამოცდების შედეგები მიიღება კანდიდატის მიერ სასწავლო პროცესზე დასწრების, სასწავლო პროცესში ჩართულობის, აქტიურობისა და ცოდნის შეჯამებით, წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით (წესის დანართი №3), რომლის შესახებ კურსანტს ეცნობება სასწავლო პროცესის დაწყებისას.
7. საბოლოო გამოცდის შედეგის გაუმჯობესების მიზნით კურსანტს შესაძლებლობა ეძლევა ერთხელ გადააბაროს საბოლოო გამოცდა, ჩატარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 29🔗. სერტიფიცირების სიტემა და პერიოდული გადამზადება
1. გამოცდის შედეგების მიხედვით კურსანტს ეძლევა შესაბამისი დონის სერტიფიკატი, ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება და ინიშნება სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი.
2. მოსამსახურე სერტიფიკატის განახლების მიზნით 3 წელიწადში ერთხელ გადის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსებს, რის შემდეგაც აბარებს გამოცდებს.
მუხლი 30🔗. სამსახურში სამუშაოდ მიღებაზე უარი
1. სამსახურში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძველია კურსანტის მიერ სავალდებულო პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის გავლის შემდეგ ჩაბარებული გამოცდის შედეგების მიხედვით სერტიფიკატის მიუღებლობა.
2. გამოცდების შედეგების საფუძველზე ხდება მოსამსახურის სერტიფიკატის განახლება. თუ გამოცდების შედეგების საფუძველზე მოსამსახურემ სერტიფიკატი ვერ განაახლა, იგი სამსახურიდან თავისუფლდება.
მუხლი 31🔗. გარდამავალი დებულება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოქმედი თანამშრომლების გადამზადების პროგრამას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.