⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2026)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის N580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №129/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,454 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2015 მიღება
01.01.2026 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის N580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №129/ნ 2015 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის, „სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო – კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №360 დადგენილების, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანება (სსმ, №93, 01.07.2008 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.011.963). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ახორციელებს წერილობითი კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას, დაცვა-აღრიცხვასა და პოპულარიზაციას. 2. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. ცენტრი არის  „მეცნიერების,   ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2006 წლის 16 მარტის  №58 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის საფუძველზე. 4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი, ბეჭედი და ბლანკი. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ცენტრის მიზანია: ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდას ან ინტელექტუალურ განვითარებას; ბ) ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის საფუძველზე უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ოპტიმალური პირობები; გ) მხარი დაუჭიროს ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელობის პროპაგანდას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე. 2. ცენტრის ფუნქციების და საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელების მიზნით: ა.ა) სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ა.ბ) ძველი ქართული სასულიერო და საერო მწერლობის დარგებისა და საისტორიო დოკუმენტების, საარქივო მასალის შესწავლა და შესაბამისი კრიტიკული კვლევების გამოცემა; ა.გ) ინოვაციური მეთოდების დანერგვა სამეცნიერო პროდუქციის რეალიზაციისა და სამეცნიერო მომსახურების ბაზის უზრუნველსაყოფად; ა.დ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება; ა.ე) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება; ბ) აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების მოწყობა-ორგანიზაცია; გ) მეცნიერების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის სპეციალური სამკითხველო დარბაზების ფუნქციონირებისა და მასალაზე მუშაობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) ცენტრში დაცული ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების, საარქივო წერილობითი და ფოტო მასალის, მემორიალური ნივთების, კარტოგრაფიული და ხელოვნების ნიმუშების დაცვა, აღრიცხვა, დიგიტალიზაცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება; ე) მდგრადი განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხელნაწერების დიგიტალიზაციის პროცესის ფასილიტაცია; ვ) დიგიტალიზაციის  განყოფილების (ლაბორატორიის ) განვითარების მიზნით, როგორც ადამიანური, ისე ტექნოლოგიური რესურსების განვითარების კუთხით, თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება შესაბამის წამყვან საერთაშორისო დაწესებულებებთან;  ზ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ექსპერტიზა და კლასიფიკაცია; სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა, სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია; სიძველეთა დაცვა-აღრიცხვის კონტროლი; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით; თ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სრულყოფისა და შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების დანერგვის მიზნით განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასწრაფო-გადაუდებელი,   გეგმური, მცირე და დიდი მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება; სიძველეთა დაცვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა; კ) ცენტრის ფონდების შევსების მიზნით ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ნიმუშების მოძიება, შეკრება, შეძენა და/ან შეწირულობის სახით მიღება; ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით სტაციონალური ექსპოზიციებისა და მოძრავი გამოფენების მოწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; მ) გამოფენების, კოლექციებისა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; ნ) საქართველოს კანონმდებლობისა და თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის აღწერილობების, კატალოგების, ტექსტების, მონოგრაფიების, ლექსიკონების, სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიული, საენციკლოპედიო და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის, ბუკლეტების, ღია ბარათების, პლაკატების, სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის სხვა ლიტერატურის გამოცემა; ო) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ცენტრში სტაჟირების გავლის შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა, რომლის წესიც განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით; პ) შემოქმედებითი ინიციატივის მქონე მოყვარულთა გაერთიანებებისა და ინტერესთა კლუბების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის მხარდაჭერა; ჟ) საომარი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ცენტრის საცავებში თავმოყრილი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა. 3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებითა და კონკურენტუნარიანი სამეცნიერო პროდუქციის შექმნის მიზნით ცენტრი განსაზღვრავს სამეცნიერო პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის მიერ განხორციელებული კვლევის შინაარსის თავისუფლებას და უქმნის მათ საქმიანობისათვის საჭირო პირობებს. 4. სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს (სამეწარმეო და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც არ ეწინააღმდეგება ცენტრის ძირითად მიზნებსა და ფუნქციებს და რომელთა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად მოხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. მუხლი 3🔗. ურთიერთობა მესამე პირებთან, უფლება-მოვალეობები ცენტრს უფლება აქვს: ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ; ბ) მისცეს თანხმობა ცენტრის კოლექციებში შემავალი ნიმუშების ციფრული ასლების გამოქვეყნებაზე, ფაქსიმილურ გამოცემაზე ან ნებისმიერი სხვა სახით გამოყენებაზე; გ) მოითხოვოს ცენტრში დაცული მასალის ნებისმიერი სახით პუბლიკაციისას ცენტრის სახელწოდების მითითება; დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია; ე) აწარმოოს საქმიანობა, მათ შორის, ეკონომიკური, რომელიც თვისობრივად პასუხობს ცენტრის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები მოახმაროს ცენტრის ძირითად მიზნებს, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. ცენტრის მართვის ორგანოები და სტრუქტურა 1. ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას წარმართავს ცენტრის დირექტორი, ხოლო სამეცნიერო მართვის, კვლევისა და განვითარების საკითხებს განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო საბჭო. 2. ცენტრის სტრუქტურა მოიცავს: ა) საორგანიზაციო ხასიათის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს – ადმინისტრაციას (დეპარტამენტს); ბ) სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის  სტრუქტურულ ერთეულს -  ხელნაწერთმცოდნეობის  ინსტიტუტს (დეპარტამენტი); გ) გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს: გ.ა) საერთაშორისო ურთიერთობათა, განვითარების და საგანმანათლებლო პროექტების დეპარტამენტი; გ.ბ) ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტი; გ.გ) დიგიტალიზაციის განყოფილება  (ლაბორატორია); გ.დ) ბიბლიოთეკა-მუზეუმი (განყოფილება). 3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მართვისა და საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებით. 4. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციებია: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; გ) ადამიანური რესურსების მართვა, ერთიანი საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია; დ) ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნა, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიური ურთიერთობა, ასევე ცენტრის მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა და სამეცნიერო პროექტების, დაგეგმილი ან განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული პირისთვის; ე) ფინანსური რესურსების მართვის საფუძველზე ცენტრის პერსონალისათვის შრომისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის ნორმალური პირობების შექმნა; ვ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი; ზ) ცენტრის ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენის უზრუნველყოფა; თ) მატერიალურ ფასეულობათა მიღება და მოვლა-პატრონობა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით; ი) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. ხელნაწერთმცოდნეობის ინსტიტუტი (დეპარტამენტი), არის ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციებია: ა) ქართული სასულიერო და საერო მწერლობის დარგებისა და საისტორიო დოკუმენტების, საარქივო მასალის შესწავლა და სამეცნიერო, კრიტიკული ნაშრომების გამოქვეყნება; ბ) ხელნაწერების ფილოლოგიური, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა; გ) ხელნაწერთა აღწერილობებისა და კატალოგების შექმნა და გამოქვეყნება; დ) ხელნაწერთმცოდნეობის ინსტიტუტის (დეპარტამენტის) დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება; 6. საერთაშორისო ურთიერთობათა, განვითარების და საგანმანათლებლო პროექტების დეპარტამენტის  ფუნქციებია: ა) საერთაშორისო სამეცნიერო და საგამოფენო/საგანმანათლებლო პროფილის მქონე დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და იმპლემენტაცია. ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციების მეშვეობით, ცენტრისთვის პრიორიტეტული პროექეტბის განხორციელების მიზნით, თანხების მობილიზება. გ) ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით  საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან და საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფოს საელჩოებთან თანამშრომლობა. დ) საგანმანათლებლო სისტემის ყველა ეტაპზე სამუზეუმო განათლების ჩართვისა და ამ პროცესში სიძველეთა კოლექციისა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების შერწყმის მიზნით მუშაობა; ე) კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდის მიზნით, პერმანენტულად  სხვადასხვა თემატური გამოფენის მოწყობის უზრუნველყოფა; ვ) მდგრადი განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხელნაწერების დიგიტალიზაციის პროცესის ფასილიტაცია; ზ) დიგიტალიზაციის განყოფილების (ლაბორატორიის) განვითარების მიზნით, როგორც ადამიანური, ისე ტექნოლოგიური რესურსების განვითარების კუთხით, თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება შესაბამის წამყვან საერთაშორისო დაწესებულებებთან;  თ) საერთაშორისო ურთიერთობათა, განვითარების და საგანმანათლებლო პროექტების დეპარტამენტის  დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 7. ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტი აერთიანებს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული საბუთებისა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო ფონდების საცავებს, ხელნაწერთა სამკითხველო დარბაზს და კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიას და მისი ფუნქციებია: ა) ფონდსაცავებში  ხელნაწერი მემკვიდრეობის შენახვა; ბ) ფონდების მართვა; გ) ხელნაწერების მკითხველებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; დ) საცავებიდან გამოთხოვილი მასალის აღრიცხვის ყოველდღიურად წარმოება; ე) ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტთან) ერთად ხელნაწერების გამოყენების და მათზე მუშაობის ოპტიმალური სისტემის შექმნა; ვ) ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტთან) შეთანხმებით საფონდო საქმისწარმოების, სამკითხველო დარბაზით სარგებლობის, საცავებში ხელნაწერი მასალის შენახვის წესებისა და ინსტრუქციების შემუშავება; ზ) ფონდების სისტემატიზაციის განხორციელება; თ) ახალი შემოსული საფონდო მასალის აღრიცხვისა და შესაბამის ფონდებში ახალი მასალის ჩართვის უზრუნველყოფა; ი) ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 8. დიგიტალიზაციის განყოფილების (ლაბორატორიის)  ფუნქციებია: ა) ცენტრში თავმოყრილი ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და საარქივო მასალის დიგიტალური ასლების შექმნა. ბ) დიგიტალური ასლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა. 9.  ბიბლიოთეკა- მუზეუმის (განყოფილების) ფუნქციებია: ა) ცენტრში შემოსული ნაბეჭდი ერთეულების დამუშავება და ჩართვა საერთო კატალოგში; მკითხველთა მომსახურება; წიგნადი ფონდის შევსება. ბ) ცენტრის სამუზეუმო ნაწილის-მემორიალური მუზეუმ- კაბინეტების მომსახურება და აქ არსებული მასალების აღრიცხვა და სისტემატიზაცია. გ) სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის შექმნა, ტერმინოლოგიური და საენციკლოპედიო ხასიათის ლიტერატურის გამოცემა. მუხლი 5🔗. ცენტრის სამეცნიერო საბჭო 1. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება ცენტრის მეცნიერთაგან ხუთი წლის ვადით ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს. 2. სამეცნიერო საბჭო: ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს და სამინისტროს წარუდგენს ცენტრის დირექტორს; ბ) განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო მართვის, კვლევისა და განვითარების საკითხებს; გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ დებულებას; დ) განიხილავს და დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო პროგრამების პროექტებს;  სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ე) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ სამეცნიერო საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილი საკითხის განხილვისას, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან სამეცნიერო საბჭოში სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტამდე გამართოს კონსულტაცია მთელ სტრუქტურულ ერთეულთან; ვ) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს,  რომლებსაც ამტკიცებს დირექტორი; იმ შემთხვევაში თუ დირექტორი არ ეთანხმება სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატურას, სამეცნიერო საბჭო ვალდებულია აირჩიოს სტრუქტურული ერთეულის ახალი კანდიდატი. სამეცნიერო საბჭოს მიერ ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატის არჩევამდე და დამტკიცებამდე, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია დანიშნოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ზ) ამტკიცებს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; თ) ცენტრის დირექტორისგან ისმენს და განიხილავს ცენტრის განვლილი წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ი) ისმენს,  განიხილავს და აფასებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს; შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამეცნიერო მუშაობის შემდგომი სრულყოფის მიზნით; კ) ისმენს დირექტორის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფების დასკვნებს; ლ) ამზადებს ცენტრის მიერ სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წარსადგენ ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის წლიურ ანგარიშს; მ) იღებს გადაწყვეტილებას გამოცემებისათვის ცენტრის გრიფის მინიჭების შესახებ; ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს ცენტრის საკუთრი შემოსავლებიდან სახელობითი ფულადი ჯილდოს (პრემიის) და სტიპენდიის გაცემის წესს; ო) გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. 3. სამეცნიერო საბჭოს სხდომები ფორმდება სხდომის ოქმის სახით. მუხლი 6🔗. ცენტრის სამეცნიერო საბჭოსა და მისი წევრების უფლებამოსილება 1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ დებულებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის არჩევის შემდეგ, პირველ სხდომაზე, რომელიც გაიმართება სამეცნიერო საბჭოს არჩევიდან არაუგვიანეს 10  დღის ვადაში. 2. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება სამეცნიერო საბჭოს წევრთა ორი მესამედი მაინც. 3. სამეცნიერო საბჭოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალიწინებული, სამეცნიერო საბჭო დადგენილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს დადგენილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე. 5. სამეცნიერო საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ,  მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ.  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას იწვევს საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე. 6. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. 7. სამეცნიერო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი სურვილი; ბ) სამეცნიერო საბჭოს დადგენილება,  თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეციერო საბჭოს სხდომებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) ცენტრის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლება. 8. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა მოქმედი სამეცნიერო საბჭოს დარჩენილი ვადით. მუხლი 7🔗. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე 1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე,  რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; ბ) ორგანიზაციას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას; გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეცნიერო საბჭოს დადგენილების მიღებაში; დ) მეთვალყურეობას უწევს სამეცნიერო საბჭოს დადგენილებების შესრულებას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს- განკარგულებას. 3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი სურვილი; ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება,   მიღებული სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,  თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) ცენტრის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლება. 4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა მოქმედი სამეცნიერო საბჭოს დარჩენილი ვადით. მუხლი 8🔗. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს არჩევა 1. სამეცნიერო საბჭო აირჩევა ცენტრის მეცნიერთა საერთო კრების მიერ, ცენტრის მეცნიერთაგან, ფარული კენჭისყრით, ხუთი წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ცენტრის მეცნიერი თანამშრომლების საერთო რაოდენობის ორი მესამედი მაინც. 2. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ცენტრში მომუშავე სამეცნიერო პერსონალისაგან. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. 3. სამეცნიერო საბჭოს წევრის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან და დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან. 4. არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ცენტრის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს. 5. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების ვადებს ნიშნავს ცენტრის დირექტორი. 6. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების რაოდენობის მიხედვით:   სამეცნიერო საბჭოში აირჩევა ორი წევრი ყოველი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულიდან   (თუ სტრუქტურულ ერთეულში მეცნიერ-თანამშრომელთა რაოდენობა ათს არ აღემატება) ან სამი წევრი ყოველი სტრუქტურული ერთეულიდან (თუ სტრუქტურულ ერთეულში მეცნიერ თანამშრომელთა რაოდენობა ათს აღემატება). აგრეთვე, თითო წევრი გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის სტრუქტურული ერთეულებიდან. 7. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და მასში შემავალი ერთეულების ხელმძღვანელები. 8. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც დააგროვებენ არჩევნებში მონაწილე მეცნიერთა ხმების ნახევარზე მეტს. მეცნიერი ხმას აძლევს კენჭისყრაზე დაყენებულ კანდიდატთაგან მაქსიმუმ იმდენს, რამდენი წევრიც უნდა აირჩეს სამეცნიერო საბჭოს კონკრეტულ არჩევნებზე. 9. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრების ორი ან მეტი კანდიდატი  (ერთი და იგივე სტრუქტურული ერთეულიდან)   დააგროვებს ხმათა თანაბარ რაოდენობას, დირექტორის მიერ ინიშნება არჩევნების შემდგომი ტური იმ კანდიდატთა შორის, რომელთაც თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტრუქტურული ერთეულიდან სამეცნიერო საბჭოში აირჩევა ორი მეცნიერი და ორივე თანაბარი რაოდენობის ხმებს დააგროვებს).  შემდგომი ტურის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. შემდგომ ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. 10. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს ვერ იქნა არჩეული სამეცნიერო საბჭო სრული შემადგენლობით, დარჩენილ ადგილზე დირექტორის მიერ ინიშნება ხელახალი არჩევნები. 11. თუ რომელიმე სტრუქტურული ერთეულიდან ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩა კანდიდატი, რომელიც მოაგროვებდა არჩევნებში მონაწილე მეცნიერთა ხმების ნახევარზე მეტს, სამეცნიერო საბჭო დაიწყებს მუშაობას აღნიშნული სტრუქტურული ერთეულიდან არჩეული მეცნიერის გარეშე, ღიად დარჩენილ ადგილზე კი გამოცხადდება დამატებითი არჩევნები. 12. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, დირექტორი ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს წევრის დამატებით (რიგგარეშე) არჩევნებს. სამეცნიერო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით. მუხლი 9🔗. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია 1. ცენტრში სამეცნიერო საბჭოს არჩევის პროცესის ორგანიზების მიზნით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან. 2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატი ან მისი ნათესავი; ბ) ცენტრის დირექტორი ან მისი ნათესავი; გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი. 3. „ნათესავში“ იგულისხმება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2  პუნქტით გათვალისწინებული პირები. 4. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის დირექტორი. 5. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. 6. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობაზე, კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საზოგადოების წარმომადგენელი. 7. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობას,  საარჩევნო კომისიის წევრების გამოსავლენად დირექტორის მიერ საჯაროდ ტარდება წილის ყრა. 8. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ხმათა უმრავლესობით. მუხლი 10🔗. ცენტრის დირექტორის კომპეტენცია 1. ცენტრს წარმოადგენს მისი დირექტორი. 2. დირექტორი: ა) წარმართავს ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტს, რომელსაც ათანხმებს სამინისტროსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს; გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომლების შერჩევის მიზნით. შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესებს, ვადებს და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; დ) ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან ითანხმებს სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს; ე) სამეცნიერო საბჭოსგან ითანხმებს სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო პროგრამების პროექტებს; ვ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულების დადებას;  უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე თანამშრომლები; ზ) სამეცნიერო პერსონალთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით, შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით; თ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმება სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატურას, სამეცნიერო საბჭოს მიერ ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელახლა არჩევამდე, უფლებამოსილია დანიშნოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; ი) საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ან საკუთარი წინადადებით, სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; კ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში განსახილველად წარადგენს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ მომზადებულ წლიურ სამეცნიერო ანგარიშს; ლ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სხვა ტიპის დაწესებულებებთან; მ) ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით; ნ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ო) შეიმუშავებს და სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საერთო ბიუჯეტს; პ) ცენტრში მიმდინარე სამუშაოების შესწავლისა და შეფასების მიზნით პერიოდულად ქმნის მონიტორინგის ჯგუფებს, რომლებიც დასკვნებს წარუდგენენ დირექტორსა და სამეცნიერო საბჭოს; ჟ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს-სარესტავრაციო საბჭოს და ისმენს მის ანგარიშს; რ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს განვლილი წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის დებულების ან დებულებაში ცვლილების პროექტებს; ტ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; უ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს  -ბრძანებას; ქ) უფლებამოსილია არაუმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები. ღ) ამტკიცებს ცენტრის საორგანიზაციო და გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის  სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ყ) ამტკიცებს სტაჟირების გავლის ინსტრუქციას. სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; შ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ჩ) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან სახელფასო დანამატის გაცემის შესახებ, იმ შემთხვევაში, როცა ცენტრის თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაო აღემატება ცენტრში მის ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს; ც) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს და კომისიებს. ძ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორი ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში. 4. დირექტორი პასუხისმგებელია ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე. 5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი სურვილი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს/თანამდების პირის მიერ გათავისუფლება; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული სხვა შემთხვევები. 6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ცენტრის სხვა თანამშრომელი. 7. დირექტორის მოადგილე დირექტორის დავალებით კურირებს  ცენტრში მისთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დირექტორის დავალებით მისი მოადგილე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებსაც. მუხლი 11🔗. დირექტორის არჩევისა და დანიშვნის წესი 1. ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. 2. დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო. 4. დირექტორის არჩევნების თარიღს განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭო. 5. დირექტორის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზაციის მიზნით სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს. 6. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს და წარმოდგენილ საბუთებს. კონკურსის სამდივნო შედგება ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრების, ცენტრის სხვა მეცნიერების ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. კონკურსის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. 7. სამდივნო დირექტორების კანდიდატურებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს. 8. დირექტორის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს სამეცნიერო საბჭოს წევრთა ხმების ნახევარზე მეტს. 9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში. 10. დირექტორს სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მუხლი 12🔗. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,  რომელიც: ა) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს; ბ) ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებულ სამეცნიერო პროგრამების პროექტებს; გ) ცენტრის დირექტორს უთანხმებს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს; დ) დირექტორის წინაშე აყენებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამდებობებიდან პირის გათავისუფლების ან დაწინაურების,  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ე) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. 3. ცენტრის საორგანიზაციო ხასიათის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები და გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის  სტრუქტურული ერთეულები ექვემდებარებიან ცენტრის დირექტორს. 4. ცენტრის საორგანიზაციო ხასიათის დამხმარე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა)  წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს; ბ) ცენტრის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს; გ) ცენტრის დირექტორის წინაშე აყენებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის თანამდებობებიდან გათავისუფლების ან დაწინაურების,  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 13🔗. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი 1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. ცენტრის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის წესით ირჩევს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს  3  წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს. 3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესსა და პირობებს  განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი. მუხლი 14🔗. ცენტრის პერსონალი 1. ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან. 2. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები-მეცნიერი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო საქმიანობას. 3. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება: ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა; გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა. 4. ცენტრის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან: ა) დირექტორი; ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დირექტორი. 5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ცენტრში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 6. ცენტრის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო ნუსხით. მუხლი 15🔗. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი 1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს,  თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს,  თუ იგი არის დოქტორანტი, აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს,   თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი. მუხლი 16🔗. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები 1. მეცნიერს უფლება აქვს: ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები,  გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას; ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა დამატებით მიიღოს მონაწილეობა საგრანტო და ფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში;   აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის (გრანტების) დაფინანსებით იმ შემთხვევაშიც, თუ შეიცვლის სამუშაო ადგილს; დ)  ისარგებლოს ცენტრის კოლექციით, ბიბლიოთეკით და ცენტრის სხვა ქონებით; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. მეცნიერი ვალდებულია: ა) დაიცვას ცენტრის დებულებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; გ) გაუფრთხილდეს ცენტრის ქონებას; დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში. მუხლი 17🔗. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები 1. სამინისტრო, აკონტროლებს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას და ეფექტიანობას და ზედამხედველობს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ცენტრს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 2. ცენტრი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტება. მუხლი 18🔗. ცენტრის ქონება 1. ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ცენტრის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებული იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად. 2. ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას, კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 3. ცენტრი ახორციელებს ცენტრში დაცულ მასალაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული საავტორო და სხვა უფლებების დაცვას. 4. ცენტრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. 5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ცენტრს შეუძლია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა,  გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების განსაზღვრა; ვ) სახელობითი ფულადი ჯილდოს (პრემიის) და სტიპენდიის დაწესება; ზ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით,   თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 19🔗. ცენტრის დაფინანსება 1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობები; ე) საგამომცემლო საქმიანობის შედეგად შემოსული სახსრები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ცენტრის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. ცენტრში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 20🔗. ცენტრის ბალანსის შედგენა და შემოწმება ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 21🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის საქმიანობის    შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. 3. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის დირექტორი.  ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 4. ლიკვიდატორი: ა) დანიშვნისთანავე ადგენს ბალანსს; ბ) ცენტრის ცნობილ კრედიტორებს სპეციალური შეტყობინებით აცნობს ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. თუ კრედიტორების მისამართი უცნობია,  შეტყობინება ლიკვიდაციის თაობაზე ხდება საჯარო განცხადებით; გ) ამთავრებს მიმდინარე საქმეებს,  ასრულებს ცენტრის ვალდებულებებს; დ) უფლებამოსილია დაამთავროს სასამართლო პროცესი,  ან მორიგებით დაასრულოს დავები; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 23🔗. გარდამავალი დებულება ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეს  ცენტრის სამეცნიერო საბჭოს და 2015 წლის  1 ნოემბრამდე არჩეულ იქნეს საბჭო ახალი შემადგენლობით.