ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1678-2015 შპს "ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანება " მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1678-2015
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2015 წლის 25 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანება’’
(ს/კ 230028546).
დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’
წარმომადგენელი : ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანების’’ (წარმომადენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანების” სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ კომპანია შპს „ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანება” (ს/ნ 230028546) წარმოადგენს, 100% შპს „რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში, უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს ,,ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანებას” (ს/ნ 230028546) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი. რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და ყადაღით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 115 829.44 ლარს (31369.83 ლარი (ნარჩენი) +84459.61 ლარი (საურავი) = 115 829.44 ლარი). შპს „ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანებას“ (ს/ნ 230028546) დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. შპს „ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანებას“ (ს/ნ 230028546) ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში’’, ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს შპს ,,ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანების’’ გაკოტრებას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან და ცნობა სსიპ – მომსახურების სააგენტოდან). საბანკო ანგარიშები და სალაროში კომპანიას თანხა არ ერიცხება (ცნობა საბანკო ანგარიშიდან). არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. ამავდროულად კომპანიას აქვს უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 115 829,44 ლარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ზესტაფონის საზოგადოებრივი კვების გაერთიანებას’’ (წარმომდგენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე