„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.156.016220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №26

2015 წლის 13 ოქტომბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №48 დადგენილებაში ((www.matsne.gov.ge), 15/07/2014, 010250050.35.156.016166), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

ბ) „გ.ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) ამტკიცებს შესყიდვების გეგმას, არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს წარუდგენს შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას:  კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ. ამ დებულების შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ, მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის.

2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ამ დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით, შეუზღუდავად ისარგებლოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებით.

3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

ა) დასახლების საერთო კრება;

ბ) პეტიცია;

გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;

ე) მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

5. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ამ დებულების განსაზღვრული ფორმების გარდა, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

„მუხლი 361. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს ღონისძიებები თავიანთი საქმიანობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებისათვის.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საჯაროობასთან, მათ შორის, კოლეგიური ორგანოს სხდომის საჯაროობასთან, და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და მათ საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით.

3. მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი პროექტები და სხვა საჯარო ინფორმაცია. აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, გამოაქვეყნონ ან/და საჯაროდ გამოაცხადონ:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე მთავრობის სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

ბ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) დასახლების საერთო კრების ოქმები, გამგეობის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;

დ) ამ დებულების შესაბამისად, ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;

ე) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი;

ზ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

თ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

ი) მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ დებულების გათვალისწინებული ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

კ) პეტიცია, მისი საკრებულოშო რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ლ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინიციატივა, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.".

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 362 მუხლი:

„მუხლი 362. დასახლების საერთო კრება

1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის,

გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი“/„დაბა“/„ქალაქი“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).

3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

4. ეს დებულება განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება.

5. იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება, შეიძლება დაწესდეს საერთო კრების დასახლების ცალკეულ ნაწილებში ეტაპობრივად მოწვევის პროცედურა. საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 855 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

6. იმ დასახლებაში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის  დადგენილებით, აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და კანონის გათვალისწინებით, განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი.

7. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.

8. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.

9. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.

10. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.".

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 363 მუხლი:

„მუხლი 363. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება

1. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;

თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;

კ) განახორციელოს კანონით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, დავალება საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით.

3. საერთო კრების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის წარედგინებათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 855 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი ამ დებულებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს.

4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების საერთო კრებისთვის განსახილველად წარდგენა.".

7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 364 მუხლი:

„მუხლი 364. დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი

1. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:

ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;

ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;

გ) საერთო კრების რჩეულს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელსს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და საერთო კრების დღის წესრიგი. საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.

3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის გამგეობა. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი საჯაროდ ქვეყნდება.

5. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ დებულების მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას.

6. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

7. საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან. სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.

8. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.

9. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვროს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე.

10. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ დებულების მოთხოვნები. რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

11. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება. აღნიშნულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება ამ მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით, გარდა საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის წარდგენის პროცედურისა.

13. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხდება ამ მუხლის მე-4, მე-9 და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლება არ აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის არჩევის საკითხი.

14. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.

15. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).".

8. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 365 მუხლი:

„მუხლი 365. დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი

1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ისა. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელე ან/და საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.

2. საერთო კრების ამ დებულების 364 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების ამ დებულების 364 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული.

3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. საერთო კრების ამ დებულების 364 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო ამ დებულების 364 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართვისას ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი. საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იქნეს საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, საერთო კრების მიერ განხილული ნსაკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები. საერთო კრების ოქმის ასლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი საერთო კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილებით ამტკიცებს საერთო კრების ტიპურ დებულებას. საერთო კრების ტიპური დებულებით ამ დებულების შესაბამისად განისაზღვრება საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიციირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის პროცედურა, საერთო კრების მდივნისა და საერთო კრების რჩეულის უფლებები და მოვალეობები, საერთო კრების რჩეულის არჩევის პროცედურა. ამ დებულებისა  და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად საერთო კრების ტიპური დებულებით შეიძლება აგრეთვე განისაზღვროს საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.“.

9. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 366 მუხლი:

„მუხლი 366. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ამ დებულების  შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.

2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.

3. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. გამგებლის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს

სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.“.

10. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 367 მუხლი:

„მუხლი 367. მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა

1. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებული, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლის საჯარო ანგარიშების განხილვას.

3. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისრეაციული სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნება.“.

11. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 368 მუხლი:

„მუხლი 368 მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირი

1. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან გახდეს სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პარტნიორი/აქციონერი/წევრი. კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელია/პარტნიორია/აქციონერია/წევრია მუნიციპალიტეტი.

2. მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, ერთობლივი საქმიანობის მიზნით, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ერთობლივად დააფუძნონ სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან გახდნენ სხვა პირების, მათ შორის, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების, მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები/აქციონერები/დამფუძნებლები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრები.

3. ამ მუხლის მე-7–მე-13 და მე-15 პუნქტები ვრცელდება მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მხოლოდ იმ საწარმოზე, სადაც მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, აგრეთვე მხოლოდ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, რომლის წევრია/წევრები არიან მხოლოდ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირისა. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების სხვა საწარმოს და სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით). ეს მუხლი არ ვრცელდება “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-20 მუხლის შესაბამისად დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე. აღნიშნული იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მისი წესდებით (დებულებით).

4. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის/აქციების შეძენის შესახებ ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად გახდომის შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუნიციპალიტეტის საკრებულო თანხმობას გასცემს ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობაზე, რაც არ გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეგისტრაციო განაცხადის და მასზე თანდართული დოკუმენტების მოწონებას.

5. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას ახორციელებს/ახორციელებენ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, როგორც პარტნიორი/აქციონერი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება (დებულება), განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პარტნიორის/აქციონერის სხვა უფლებამოსილებები. მუნიციპალიტეტის იმ საწარმოში, სადაც შესაბამისი მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობა 50%-ს არ აღემატება, ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს, როგორც პარტნიორი/აქციონერი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი საწარმოს წესდების (დებულების) შესაბამისად.

6. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს ახორციელებს/ახორციელებენ მუნიციპალიტეტის/ მუნიციპალიტეტების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება (დებულება), განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი/წევრი შესაბამისი მუნიციპალიტეტია, ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს, როგორც დამფუძნებელი/წევრი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად.

7. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისება, გარდა ქონების ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად გასხვისებისა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით და 118-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეძენილი/მიღებული ქონებისა, ხდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.

8. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობით ან უპირობოდ.

9. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებს, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, ქონებით სარგებლობისა და ქონების მართვის უფლებით გადაცემის, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგებლისის წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

11. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონება აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/ მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონება აუქციონის გარეშე, საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს/მუნიციპალიტეტებს. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების ამ პუნქტის შესაბამისად სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ დებულების და შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად, როგორც იურიდიული პირის დამფუძნებელი /პარტნიორი/ აქციონერი/წევრი, იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

12. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ დებულებისა და შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად, როგორც იურიდიული პირის დამფუძნებელი /პარტნიორი/ აქციონერი/წევრი, იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუნიციპალიტეტის/ მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქონების გასხვისებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, გარდა ამ დებულების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

13. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი, იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

14. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად დაარეგულიროს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც საჭიროებს ნორმატიული აქტით მოწესრიგებას.

15. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში გაითვალისწინოს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი.

16. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან, დაფინანსებასთან, კონტროლთან, ხელმძღვანელთა დანიშვნასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის, დამფუძნებლების /პარტნიორების /აქციონერების/წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, რომელიც არ წესრიგდება ამ დებულებით, რეგულირდება დამფუძნებლების/პარტნიორების/აქციონერების/წევრების შეთანხმებით (წესდებით (დებულებით)).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი