შპს „ავტომშენი“-ს გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1787-2015
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2015 წლის 9 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ - შპს ,,ავტომშენი’’
( საიდენტიფიკაციო კოდი - 212705036).
დირექტორი - ალექსანდრე კუპატაძე.
მოთხოვნა - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ავტომშენის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გამოარკვია
შპს ,,ავტომშენის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ალექსანდრე კუპატაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოების 100% - იანი წილის მფლობელია შპს ,,რეაბილიტაცია’’. დღეის მდგომარეობით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში, უძრავი ქონება არ ერიცხება, ხოლო რაც შეეხება მოძრავ ქონებას, როგორც სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2015 წლის 07 სექტემბრის MIA 5 15 01963672 წერილიდან ირკვევა შპს „ავტომშენი“-ს (ს/ნ212705036) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „mod. MJA-6“ (შასი N46595) სახელმწიფო სანომრე ნიშნით DA-921. თუმცა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძიება ვერ მოხერხდა და უცნობია მისი სავარაუდო ნარჩენი ღირებულებაც. შპს ”ავტომშენს” (ს/ნ 212705036) უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ხოლო, არაუზრუნველყოფილი კრედიტორია, მხოლოდ მისი დირექტორი ალექსანდრე კუპატაძე (პირადი N54001002623, მის: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ფერდობი, მე-3 მკ/რ, მე-3 კვარტალი, მე-5 კორპუსი, ბინა-21) თანხით - 2000 (ორი ათასი) ლარი. შპს ”ავტომშენს” (ს/ნ 212705036) დებიტორული მოთხოვნა ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. დებიტორული მოთხოვნა შეადგენს - 1.06 (ერთი და 06) ლარს. შპს „ავტომშენს’’ ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს: სს ”თიბისი ბანკში” სადაც ერიცხება 6,17 ლარი. ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება სალაროში.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს შპს ,,ავტომშენის’’ გაკოტრებას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო :
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან), მოძრავი ქონების სახით საზოგადოების სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „mod. MJA-6“ (შასი N46595) სახელმწიფო სანომრე ნიშნით DA-921. თუმცა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძიება ვერ მოხერხდა და უცნობია მისი სავარაუდო ნარჩენი ღირებულებაც. საბანკო ანგარიში კომპანიას გახსნილი აქვს სს ,,თიბისი ბანკში’’, სადაც ერიცხება 6,17 ლარი (სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული ცნობა და ამონაწერი ანგარიშიდან), თანხა არ ერიცხება სალაროში. კომპანიის დებიტორული მოთხოვნა ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ თანხით 1,06 ლარი. კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება საწარმოს დირექტორის მიმართ - ალექსანდრე კუპატაძე თანხით 2,000 ლარი (სახელფასო დავალიანება).
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ავტომშენს’’ (დირექტორი ალექსანდრე კუპატაძე) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე