შპს „ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/16798-15
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”
წარმომადგენელი : შპს „რეაბილიტაცია” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: შპს „ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის
მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2015 წლის 19 აგვისტოს შპს „ქ. ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ქ. ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას ბალანსსა და საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში, ხოლო რაც შეეხება მოძრავ ქონებას, როგორც სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ 2015 წლის 29 ივლისის წერილიდან ირკვევა, შპს ,,ყვარლის სასწრაფო-03’’-ის (ს/ნ 241569968) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება RAF 22031 სახელმწიფო სანომრე ნიშნით TSU-742. თუმცა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ 2011 წლის 03 აგვისტოს №1-3/737 ბრძანებით, სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, ამოღებულია ორგანიზაციის კაპიტალიდან, მაგრამ სახელმწიფოს იგი საკუთარ სახელზე არ დაურეგისტრირებია. შესაბამისად, შპს „ქ. ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03” არ ფლობს არანაირ მოძრავ ქონებას. შპს „ქ. ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო ორგანიზაციის უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 1886.56 ლარს. შპს „ქ. ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03” დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ორგანიზაციას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ლიბერთი ბანკში’’. საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა კი შეადგენს 5.89 (ხუთი ლარი და ოთხმოცდა ცხრა თეთრი) ლარს. საწარმოს თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 ივლისის ცნობის მიხედვით, შპს „ქ. ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ივლისის ცნობის მიხედვით, შპს „ქ. ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03” (ს/ნ 241569968) არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. მოვალე არის გადახდისუუნარო და იგი ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანებისა და საპროცესო ხარჯების გადახდას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებით შპს „ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ს არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 08 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03” (ს/ნ 241569968) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ქ.ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი