შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/16799-15
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი”
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაციის” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის” მიმართ
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2015 წლის 19 აგვისტოს შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის” წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის” ს/ნ(241557427) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. სსიპ – ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’’ 2015 წლის 29 ივლისის ცნობის მიხედვით, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის” საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით: ,,ყვარელი, აღმაშენებლის ქუჩა №22’’, ტექნიკური აღრიცხვის მასალის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მფლობელად მითითებულია შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი”. ქ. ყვარელში, აღმაშენებლის ქ. №16-ს ძველი ნუმერაციით მინიჭებული ჰქონდა №22, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.12.2008 წლის ამონაწერით. ამჟამად აღმაშენებლის ქ.№16-ში განთავსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №57.06.59.030) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტზე, რაც დასტურდება 2015 წლის 17 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერით. შესაბამისად, საწარმოს არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი” არ ფლობს არანაირ მოძრავ ქონებას. ორგანიზაციას საგადასახადო და უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ამავე ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელი სერგო ჭონქაძე, რომლის მიმართ რიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს 320 (სამასოცი) ლარს. შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრს” დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ორგანიზაციას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ლიბერთი ბანკსა’’ და სს ,,საქართველოს ბანკში’’. საწარმოს არც საბანკო ანგარიშზე და არც სალაროში თანხა არ ერიცხება. შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
სსიპ – ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ 2015 წლის 29 ივლისის ცნობის მიხედვით, შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის” სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აგვსტოს განჩინებით შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის ” განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრს ” არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის ” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 8 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით , თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი’’ (ს/ნ 241557427) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ , №6) , განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი