საბურავების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.10.2015
ძალაში შესვლა 22.10.2015
ძალის დაკარგვა 14.12.2018
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016068
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,211 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2015 მიღება
22.10.2015 ძალაში შესვლა
14.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ნანობაშვილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბურავების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №14 2015 წლის 21 ოქტომბერი ქ. თბილისი საბურავების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 20​2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საბურავების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 22 ოქტომბრიდან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი საბურავების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საბურავების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 20​2 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საბურავების კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ეს წესი ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბურავების სახელმწიფო შესყიდვაზე. 3. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. აღნიშნული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბურავების სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საბურავის შესყიდვის შემთხვევებისა. 4. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, საბურავების ხელშეკრულების დადების მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების გარეშე. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები. 5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას. 6. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით. მატერიალური ფორმით შედგენილ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით. გადაწყვეტილება მიიღება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე წევრთა უმრავლესობის მიერ. 7. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაძლებელია განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. 8. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათაგან გამომდინარე, ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 2🔗. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება 1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) განთავსებასა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციულ და მიმდინარე საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო. 3. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის პირობები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და პირობები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით. 4. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა იმართება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი საბურავის ჯამურ ღირებულებაზე. 5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა, პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა. მუხლი 3🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა 1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 19​1 მუხლის შესაბამისად დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური). 2. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. 3. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. მუხლი 4🔗. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა 1. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადება ფასდება და გამარჯვებული პრეტენდენტი ვლინდება სატენდერო კომისიის მიერ ამ წესის, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით. 2. სატენდერო წინადადების შეფასებისას და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისას დაცული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პრინციპები. 3. სატენდერო წინადადების განხილვასა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები. 4. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს შესყიდვის ობიექტის ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ თანაბარი უმცირესი ჯამური ღირებულების დაფიქსირების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა აღნიშნული ღირებულება. 5. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის აღნიშნულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, უარი თქვას აღნიშნულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე. 7. კონსოლიდირებული ტენდერიდან ელექტრონულ ვაჭრობაში გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი მნიშვნელოვნად აღემატება დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის წინადადების ფასს, ასევე სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს კონსოლიდირებული ტენდერი. მუხლი 5🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი საბურავების მიწოდების ვადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. 3. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. 4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სხვა მიმწოდებლისაგან საბურავის შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით, მიმართავს სატენდერო კომისიას. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა მიმწოდებლისგან საბურავის შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბურავის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით, გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულების 10%-ის ოდენობის თანხა, იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს საბურავის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტისა და ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაბარზომიერების პრინციპებით. მუხლი 6🔗. ანგარიშსწორების პირობები 1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. საბურავის მიწოდების გეოგრაფიულ არეალთან, ტრანსპორტირების ხარჯებსა და მიწოდების პერიოდულობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით. 3. სატენდერო კომისია, ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით, აგრეთვე დაინტერესებული პირის მხრიდან შესაბამისი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, უფლებამოსილია, გადახედოს მიმწოდებლის მიერ საბურავის შემოთავაზებულ ფასს და, ბაზარზე შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განიხილოს მისაწოდებელი საბურავის ერთეულის ფასის ცვლილება. მიმწოდებელსა და სატენდერო კომისიას შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტას. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ სანქციის ოდენობას და გამოყენების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სანქციის ოდენობა და გამოყენების წესი განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. მუხლი 7🔗. ხელშეკრულების შეუსრულებლობა 1. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. 2. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) საბურავის ღირებულების 20%-ის ოდენობით. 3. ხელშეკრულებით განსაზღვრული საბურავის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია და იმავდროულად მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.