საპროკურორო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.10.2015
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №105
სარეგისტრაციო კოდი 010210060.22.027.016609
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.09.2020
დოკუმენტის ტექსტი
საპროკურორო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№105
2015 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საპროკურორო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საპროკურორო საბჭოს თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საპროკურორო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗
1. საპროკურორო საბჭო „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა.
2. თავის საქმიანობაში საპროკურორო საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗
1. კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საპროკურორო საბჭო იკრიბება ექვს თვეში ერთხელ მაინც, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე ასევე ვალდებულია მოიწვიოს საბჭოს სხდომა, როცა ამას მოითხოვს საბჭოს წევრთა 1/3. ასეთ შემთხვევაში, საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში.
2. საპროკურორო საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომამდე არანაკლებ 3 დღით ადრე წერილობით ეგზავნებათ შეტყობინება საბჭოს სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ. შეტყობინება ასევე უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით. წერილობით შეტყობინებას თან უნდა დაერთოს საპროკურორო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
3. საპროკურორო საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით საბჭოს სხდომის მოწვევის შემთხვევაში საბჭოს წევრებს სხდომამდე არაუგვიანეს 1 დღით ადრე ეგზავნებათ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის დასტური სხდომის მოწვევაზე, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
4. საპროკურორო საბჭოს სხდომები იმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობაში ან საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას.
მუხლი 3🔗
1. საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე –
საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს სხვა წევრი.
2. საპროკურორო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის დაწყებამდე ამტკიცებენ სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს წევრები.
3. საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომ –
მთავარი პროკურორი) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საპროკურორო საბჭოს სხდომას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილება მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების ან მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხი.
4. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. თუ საპროკურორო საბჭოს სხდომას არ ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, სხდომიდან ერთი კვირის ვადაში საბჭოს თავმჯდომარე ხელახლა მოიწვევს საპროკურორო საბჭოს სხდომას, რის შესახებაც საბჭოს წევრებს შეტყობინება ეგზავნებათ საბჭოს სხდომამდე არაუგვიანეს 1 დღით ადრე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
5. საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. საპროკურორო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე:
ა) საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა;
ბ) პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა;
გ) საგანგებო (ad hoc) პროკურორის შუამდგომლობით, მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის თაობაზე საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის დასკვნის მომზადების ვადის არაუმეტეს 2 თვით გაგრძელება.
7. საპროკურორო საბჭო წევრთა 2/3-ით გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება;
ბ) მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის თაობაზე საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება;
გ) საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის უარყოფა, რომლითაც არ არის დადასტურებული დასაბუთებული ვარაუდი მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ;
დ) დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესის მიმდინარეობისას, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობიდან მომხსენებლის არჩევა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ არის არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხის გადაწყვეტა.
8. საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უფლებამოსილი არიან განახორციელონ საპროკურორო საბჭოს სხდომის საწყისი ეტაპის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია, რის შემდეგაც, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის მითითებით, ვალდებული არიან დატოვონ საბჭოს სხდომა.
9. საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.
10. საპროკურორო საბჭოს სხდომის შესაბამის ნაწილზე დასასწრებად, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ გარეშე პირებიც, როცა მათი მონაწილეობა აუცილებელია საბჭოს მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის.
11. თუ საპროკურორო საბჭოს ერთ სხდომაზე სრულად ვერ განიხილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, საბჭოს სხდომა მომდევნო დღეს უნდა დასრულდეს, რის შესახებაც საბჭოს წევრებს საბჭოს თავმჯდომარემ იმავე დღეს უნდა შეატყობინოს და მიაწოდოს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
12. საპროკურორო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები. თუ სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს რომელიმე წევრი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო აღნიშვნა, ხელმოწერაზე უარის მიზეზის მითითებით.
13. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიმდინარეობს აუდიოჩაწერა, რის შესახებაც საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისას აფრთხილებს საბჭოს წევრებსა და დამსწრე პირებს.
14. საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს საბჭოს სხდომის ვიდეოჩაწერა.
მუხლი 4🔗
1. საპროკურორო საბჭო მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებას.
2. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია.
3. საპროკურორო საბჭოს მიერ მიღებული განკარგულებები და რეკომენდაციები, აგრეთვე საბჭოს სხდომის ოქმები, საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. საპროკურორო საბჭოს სხდომის ვიდეო- და აუდიოჩანაწერები ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის და ისინი კანონით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინახება.
4. საპროკურორო საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და მისი საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი).