მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2015
ძალის დაკარგვა 23.12.2015
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016295
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2015 წლის 22 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის, მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
2. წესის მიღების მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ობიექტების სახელდების მოწესრიგება.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)გეოგრაფიული ობიექტი –
მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლება, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი და სხვა მსგავსი სისტემის ობიექტი;
ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, სადგური, პლატფორმა, აეროდრომი);
გ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ზოგადეროვნული და ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით;
დ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა;
ე) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან /და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში;
ვ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება.
მუხლი 3🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1. სახელწოდება ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული და შინაარსობრივად მიზანშეწონილი.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს სხვა ენაზეც.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტებისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა
1. გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) რეგიონში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;
ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია;
გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება;
დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას;
ე) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა;
ვ) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები;
ზ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნიათ;
თ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან კატეგორია;
ი) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი მშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის აუცილებლობას.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდება
1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ ან ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებულ სახელდებისას მისი სახელ-გვარი ან ზედწოდება უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით(მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიც არის: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“).
3. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგალითად: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).
4. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგალითად: „მეფე დემეტრე თავდადებულის ქუჩა“).
5. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა გადმოიცეს სიტყვიერად და არა ციფრებით (მაგალითად: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღის გამოყენებისას გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობა (მაგალითად: „26 მაისის მოედანი“).
6. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ: „დიდგორის ქუჩის II ჩიხი“). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც.
7. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.
9. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
10. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლში დადგენილი სახელდების წესის გარდა, დაადგინოს დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ წესსა და საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 6🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების შეზღუდვა
1. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც:
ა) აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის მიხედვით;
ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.
2. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).
3. დაუშვებელია ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა, იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას.
4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.
5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ ამ წესის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით.
მუხლი 7🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ წესისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:
ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული სხვა სუბიექტი.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) გეოგრაფიული ობიექტის აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა.
5. საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია, რომელმაც საკითხის განხილვისას უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.
6. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას კომისია განიხილავს 30 სამუშაო დღის ვადაში, საკითხის სირთულის მიხედვით პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს დაინტერესებულ პირთან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებით.
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
8. წინამდებარე წესის მოთხოვნებთან ინიციატივის შესაბამისობის შემთხვევაში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია თავის დადებით დასკვნა-რეკომენდაციას და განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
9. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარმოდგენილ დასკვნა-რეკომენდაციას და განკარგულების პროექტს თან უნდა ერთოდეს (კონკრეტული საჭიროების შესაბამისი) დოკუმენტაცია:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პირის შესახებ;
დ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, კრების გადაწყვეტილება და ა.შ.).
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზაციის, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;
გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;
დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.
12. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულების სახით, იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
13. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.)
14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
გ) მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
14. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.