ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1778-2015 (შპს "გიოლას" გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ")
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1778-2015
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2015 წლის 15 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,გიოლა’’
საიდენტიფიკაციო კოდი – 221281271
დირექტორი – გრიგოლ ლაღაძე
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,გიოლას’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი ,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,გიოლას’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა გრიგოლ ლაღაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული საბიუჯეტო დავალიანება 64380,28 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა სხვა კრედიტორი შპს ,,გიოლას’’ არ ჰყავს. საზოგადოების აქტივი შეადგენს 417,40 ლარს (ზედმეტად გადახდილი მოგების გადასახადი), ასევე ერიცხება ავტომანქანა, რომლის ნარჩენი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით შედაგენს 2703,21 ლარს.საზოგადოება არ ფუქნციონირებს, არ აქვს შემოსავლები, საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს „პროკრედიტ ბანკში ” და სს „თიბისი ბანკში ”, თუმცა საგადასახადო დავალიანების გამო კომპანიის აქტივებზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ გაკოტრების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი საპროცესო ხარჯების დაფარვა და ითხოვს შპს ,,გიოლას’’ გაკოტრებას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე , ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან), მოძრავი ქონების სახით ერიცხება ავტომანქანა, რომლის ნარჩენი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით შედაგენს 2703,21 ლარს (ცნობა სსიპ _ მომსახურების სააგენტოდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში’’ და სს ,,პროკრედიტ ბანკში’’, სადაც თანხა არ ერიცხება (სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული ცნობა და საბანკო ანგარიშებიდან ცნობები), თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში. საზოგადოების აქტივი შეადგენს 417,40 ლარს (ზედმეტად გადახდილი მოგების გადასახადი), ამავდროულად, კომპანიას აქვს კრედიტორული საბიუჯეტო დავალიანება 64380,28 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,გიოლას’’ (დირექტორი გრიგოლ ლაღაძე) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე