განჩინება სს „ხორშის ეთერზეთი“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1881-2015
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2015 წლის 23 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ - სს ,,ხორშის ეთერზეთი’’
( საიდენტიფიკაციო კოდი - 239897858).
დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’
წარმომადგენელი : ბიძინა ჩიკვილაძე.
მოთხოვნა - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,ხორშის ეთერზეთის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,
გამოარკვია:
სს ,,ხორშის ეთერზეთის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ სს „ხორშის ეთერზეთი“ (ს/ნ 239897858) წარმოადგენს, 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. როგორც, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის 15 ივლისის №172195 წერილიდან ირკვევა, სს „ხორშის ეთერზეთის“ (ს/ნ 239897858) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე მდებარე: 1. რაიონი სენაკი, სოფელი ხორში ს/კ 44.12.04.090 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 34546.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; 2. რაიონი სენაკი, სოფელი ხორში ს/კ 44.12.04.091 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 26000.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; 3. რაიონი სენაკი, სოფელი ხორში ს/კ 44.12.04.092 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 15000.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; 4. რაიონი სენაკი, სოფელი ხორში ს/კ 44.12.04.093 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 3158.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა;
ამჟამად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიას, არც ბალანსზე და არც საკუთრებაში, უძრავი ქონება არ ერიცხება.
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2015 წლის 15 ივლისის MIA 9 15 01547326 წერილის თანახმად, სს „ხორშის ეთერზეთის“ (ს/ნ 239897858) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალება „SAZ 3507-16“ (ძრავის N21167, შასის N0871857) სახელმწიფო სანომრე ნიშნით FAJ-795 რეგისტრირებულია „ხორშის ეთერზეთების მეურნეობის“ (ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი და სამართლებრივი ფორმა მითითებული არ არის, მისამართი: სენაკის რაიონი, სოფელი ხორშა) სახელზე. გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობა დაუდგენელია. შესაბამისად უცნობია მისი ნარჩენი ღირებულებაც. კომპანიას ბალანსზე სხვა მოძრავი ქონება არ ერიცხება.
სს „ხორშის ეთერზეთს“ (ს/ნ 239897858) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ხოლო, უზრუნველყოფილი კრედიტორია, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და ყადაღით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 86 803.60 (ოთხმოცდაექვსიათას რვაასსამი ლარი და სამოცი თეთრი ) ლარს (22 283.60 ლარი (ნარჩენი) + 64 520.00 ლარი (საურავი) = 86 803.60 ლარი). საწარმოს დებიტორული მოთხოვნები არ ერიცხება.
სს „ხორშის ეთერზეთს“ (ს/ნ 239897858) ანგარიშსწორების ანგარიში არ აქვს გახსნილი არცერთ ბანკში. ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს სს ,,ხორშის ეთერზეთის’’ გაკოტრებას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის ამონაწერები);
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ წერილით ირკვევა, რომ სს „ხორშის ეთერზეთის“ (ს/ნ 239897858) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალება „SAZ 3507-16“ (ძრავის N21167, შასის N0871857) სახელმწიფო სანომრე ნიშნით FAJ-795 რეგისტრირებულია „ხორშის ეთერზეთების მეურნეობის“ (ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი და სამართლებრივი ფორმა მითითებული არ არის, მისამართი: სენაკის რაიონი, სოფელი ხორშა) სახელზე. როგორც განმცხადებელი განმარტავს აღნიშნული ავტომობილი მოძიებული ვერ იქნა და შესაბამისად უცნობია მისი ნარჩენი ღირებულებაც. კომპანიას ბალანსზე სხვა მოძრავი ქონება არ ერიცხება (წერილი სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან).
საბანკო ანგარიში კომპანიას გახსნილი არ აქვს, თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში (ცნობა შემოსავლების სამსახურიდან).
კომპანიას დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. კომპანიას არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ხოლო, უზრუნველყოფილი კრედიტორია, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით - 86 803.60 ლარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სს ,,ხორშის ეთერზეთს’’ (წარმომადენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე