,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№261
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.10.003.001.205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 186, 30/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №261

2008 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წ ლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი:

„181. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) – ხაზობრივი ნაგებობის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირს მიმწოდებელსა ან/და მომხმარებლებს შორის;“.

2. მე-13 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი)

1. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედების, სახაზო ტრაქტების ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსი.

2. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) მოიცავს: საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მაგისტრალურ ხაზებსა და ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ხაზებს.

3. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანა (მონტაჟი) ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში/ღარებში, შახტებში ან/და გვირაბებში.

4. თუ კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გასაყვან/სამონტაჟო ტერიტორიაზე არ არსებობს მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანა, მაშინ კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანა (მონტაჟი) შესაძლებელია მიწის ზედაპირიდან არანაკლებ 5 მეტრის სიმაღლეზე.

5. თუ კავშირგაბმულობის ხაზის/ქსელის გაყვანა (მონტაჟი) დამატებით საჭიროებს სხვა კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს, მაშინ გაიცემა ცალკე მშენებლობის ნებართვა ასეთი შენობა-ნაგებობის კლასისთვის დადგენილი წესით.“.

4. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის წყალსადენი და წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, კავშირგაბმულობის ხაზი/ქსელი;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის (დაბალი წნევის) გაზსადენი, II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენი, II კატეგორიის წყალარინების მილი, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, III კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, III კატეგორიის საავტომობილო გზა, II კატეგორიის ქუჩა;“;

გ) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ხაზობრივი ნაგებობები – II კატეგორიის ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, II კატეგორიის რკინიგზა, II კატეგორიის საავტომობილო გზა, I კატეგორიის ქუჩა;“.

5. 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანისათვის (მონტაჟისათვის) ტრასის შერჩევის ტექნიკური პირობების განსაზღვრას, პრინციპებისა და პრიორიტეტების დადგენას.“.

6. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში-ღარებში, შახტებში, გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის (მონტაჟის) შემთხვევაში, თუ კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანა (მონტაჟი) არ საჭიროებს დამატებითი სამშენებლო სამუშაოების შესრულებას (მაგ.: თხრილების გაყვანა, არხების/ღარების მშენებლობა, საყრდენი ბოძებისა და ანძების მონტაჟი და სხვ.), არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტი მოიცავს:

ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეებთან შეთანხმების დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის (მონტაჟის) ტრასის პროექტს;

გ) ტოპოგრაფიულ რუკას არსებული კომუნიკაციების ჩვენებით.“.

7. მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 2A – მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებისა და არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტის საფუძველზე, გარდა კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟის, გაყვანის მშენებლობის ნებართვისა, რომელიც ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაიცემა. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხდება სანებართვო პირობების მიხედვით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              გ. მგალობლიშვილი