წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.11.2015
ძალის დაკარგვა 08.02.2016
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016177
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.02.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.10.2014
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2015 წლის 2 ნოემბერი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №30 დადგენილება (ვებგვერდი, 13.10.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.155.016145) „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი
წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა
ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში (შემდგომში –
მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების სახეებია:
1. ფულადი სოციალური დახმარება.
2. არაფულადი სოციალური დახმარება.
მუხლი 2🔗.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. ფულადი სოციალური დახმარების სახეებია:
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება;
გ) 2008 წელს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახების სოციალური დახმარება;
დ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკი) პირთა დახმარება;
ე) სოციალურად დაუცველ ოჯახებზე დახმარება;
ვ) სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება;
ზ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება;
თ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ი) მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება;
კ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ლ) ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება;
მ) თირკმლის ჩანაცვლებით (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება;
ნ) სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ხდება ერთჯერადად, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტისა.
მუხლი 3🔗.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
წალკის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გაჭირვებულ (ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, დაბალშემოსავლიანობა) პირებზე და არასრულწლოვან ბავშვებზე სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან ან ნაწილობრივ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ოჯახის წევრების გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (ოპერაცია), რომელიც სრულად არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით.
გ) არ დაფინანსდება პლასტიკური ოპერაციები, სტაციონარული და მედიკამენტოზური მკურნალობა.
თავი II
ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 4🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 100 ლარის ოდენობით.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ;
გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი);
ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 5🔗.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება
1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი);
გ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 6🔗.
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახების დახმარება
1. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახებისათვის სოციალური დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 600 ლარისა.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
მუხლი 7🔗.
ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარება
1. ხანდაზმული (100 წლის და მეტი) მოქალაქეებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 100 ლარის ოდენობით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი);
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 8🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება
1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს (რომელთაც აქვთ 57 000-დან 80 000-მდე სარეიტინგო ქულა) დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 100 ლარის ოდენობით;
2. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი);
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
3. დახმარება პირველ რიგში გაეწევათ ბენეფიციარებს, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა პირები, მარტოხელა პენსიონერები, შრომისუნარმოკლებული და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები.
მუხლი 9🔗.
სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება;
1. სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 ლარისა;
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი);
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) გამგეობის შესაბამისი სამსახურის ან კომისიის დასკვნა საცხოვრებელი პირობების მდგომარეობის შესახებ.
ე) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან ( ხანძრის შემთხვევაში);
ვ) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
მუხლი 10🔗.
მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება
1. საცხოვრებელი სახლის სიძველის გამო მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისადმი (რომელთაც აქვთ 80 000-მდე სარეიტინგო ქულა) საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაკეთებლად ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 500 ლარისა;
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი);
გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) გამგეობის შესაბამისი სამსახურის ან კომისიის დასკვნა საცხოვრებელი პირობების მდგომარეობის შესახებ.
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 11🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილები 18 წლამდე ასაკის, დახმარება გაიცემა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით;
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი);
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით;
ე) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 12🔗.
მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება
1. მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი);
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მარჩენალდაკარგული ოჯახის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 13🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. სარიტუალო მომსახურეობაზე დახმარება გაიცემა:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პირების დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
დ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერებისა და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისხარჯებისათვის გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი);
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან;
დ) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
3. თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯების შესახებ.
4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს პირის გარდაცვალებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.
მუხლი 14🔗.
ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება
1. ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარისა.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი განცხადება, სადაც მითითებული იქნება ფულადი დახმარების მიზნობრიობა;
ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 15🔗.
თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება
1. თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფ მოქალაქეებზე სოციალური დახმარება გაიცემა ყოველთვიურად - არაუმეტეს 200 ლარისა ტრანსპორტირებისათვის.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი);
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
მუხლი 16🔗.
სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა
გარდა ერთჯერადი სოციალური დახმარებისა, დამატებით ფულადი საჩუქარი გაიცემა დღესასწაულებთან დაკავშირებით შემდეგ კატეგორიებზე:
ა) 9 მაისს - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე - 100 ლარის ოდენობით;
ბ) 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე - 100 ლარის ოდენობით;
გ) საახალწლოდ - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე, ხანდაზმულ პენსიონერებზე (100 წლის და მეტი), მარტოხელა პენსიონერებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე (I და II-ჯგუფის ინვალიდებზე), მრავალშვილიან დედებზე (4 და მეტი შვილები 18 წლამდე ასაკის) – 100 ლარის ოდენობით;
თავი III
არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 17🔗.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გაჭირვებული (ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, დაბალშემოსავლიანობა) მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან ან ნაწილობრივ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამიდან/და სამედიცინო პოლისით
1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გაჭირვებული (ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, დაბალშემოსავლიანობა) მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს:
ა) 700 ლარამდე - 100 %-ით;
ბ) 2000 ლარამდე - 50 %-ით;
გ) 2000 -ზე ზევით - 1300 ლარით;
2. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გაჭირვებული (ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, დაბალშემოსავლიანობა) მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს დარჩენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1300 ლარისა;
3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ოპერაცია), რომელიც სრულად არ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პაკეტით, პაკეტს ზემოთ სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;
4. დახმარების მისაღებად სოციალური დახმარების გამცემ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშ ფაქტურა (კალკულაცია);
დ)ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) მომართვა ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
თავი IV
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 18🔗.
სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი ორგანო
1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება მუნიციპალიეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურს.
3. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე.
მუხლი 19🔗.
კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობში შემოსულ განცხადებებს კომისია განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ორჯერ.
2. საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მუხლი 20🔗.
კომისიის მიერ განცხადებების განხილვის წესი
სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური, ასევე შესაბამისი კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
მუხლი 21🔗.
დახმარების გაცემის წესი
1. სოციალური დახმარებები გაიცემა სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
2. ფულადი დახმარება ჩაირიცხება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო პირად ანგარიშზე.
3. არაფულადი სოციალური დახმარების შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 22🔗.
კომისიის სხდომის ოქმები
1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც ინახება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
2. კომისიის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს ამავე კომისიის მდივანი.