შეთანხმება საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ
მიღების თარიღი 04.09.2015
ძალაში შესვლა 01.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №საქართველოს სახელით
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016359
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელით | ნორვეგიის სამეფოს სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ ოქმი საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ
შეთანხმება
საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ
საქართველო და ნორვეგიის სამეფო,
შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
გამოთქვამენ რა, ადამიანებს შორის კონტაქტების ხელშეწყობის სურვილს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების თანმიმდევრულად განვითარების თვალსაზრისით, და მიიღწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების გზით;
ადასტურებენ რა, თავიანთ განზრახვას, გრძელვადიან პერსპექტივაში დააწესონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი თავიანთი მოქალაქეებისათვის იმ პირობით, თუ შესრულდება კარგად ორგანიზებული და უსაფრთხო მობილურობის ყველა პირობა;
ითვალისწინებენ რა, რომ ნორვეგიის სამეფოს ყველა მოქალაქე თავისუფლდება ვიზის აღების ვალდებულებისგან, თუ ისინი საქართველოში მიემგზავრებიან არაუმეტეს სრული ერთი წლის ვადით ან საქართველოს ტერიტორიას გადიან ტრანზიტით;
აღიარებენ რა, რომ თუ საქართველო ხელახლა შემოიღებს სავიზო ვალდებულებებს ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეებისათვის, ან გარკვეული კატეგორიის ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეებისათვის, ის შეღავათები, რომლებიც ამ შეთანხმებით ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, ავტომატურად და ნაცვალგების საფუძველზე გავრცელდება ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეებზე;
აცნობიერებენ რა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებამ ხელი არ უნდა შეუწყოს უკანონო მიგრაციას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ რა უსაფრთხოებისა და რეადმისიის საკითხებს;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მოქმედების მიზანი და მასშტაბი
1. ამ შეთანხმების მიზანია გაამარტივოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს ყოფნას თითოეულ ჯერზე არაუმეტეს 90 დღისა 180 დღის განმავლობაში.
2. თუ საქართველო ხელახლა შემოიღებს სავიზო ვალდებულებებს ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეებისათვის ან ნორვეგიის სამეფოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეების მიმართ, ის შეღავათები, რომლებიც ამ შეთანხმებით ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, ავტომატურად და ნაცვალგების საფუძველზე გავრცელდება ნორვეგიის სამეფოს შესაბამის მოქალაქეებზეც.
მუხლი 2🔗
ზოგადი დათქმა
1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სავიზო შეღავათები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან გათავისუფლებულნი სავიზო ვალდებულებისაგან ნორვეგიის სამეფოს კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, ამ შეთანხმებით ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით.
2. საქართველოს ან ნორვეგიის სამეფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ვრცელდება ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით, როგორიცაა ვიზის გაცემაზე უარი, სამგზავრო დოკუმენტების აღიარება, საარსებო საშუალებების დამადასტურებელი საბუთი და შესვლის და გაძევების ზომებზე უარი.
მუხლი 3🔗
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისთვის:
a) „საქართველოს მოქალაქე” ნიშნავს პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა საქართველოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
b) „ნორვეგიის სამეფოს მოქალაქე” ნიშნავს პირს, რომელსაც გააჩნია ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეობა სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
c) „ვიზა” ნიშნავს ნორვეგიის სამეფოს მიერ გაცემულ ნებართვას, რომელიც აუცილებელია ნორვეგიის სამეფოს ან შენგენის რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის ან დარჩენისთვის არაუმეტეს 90 დღის ვადით 180 დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება ნორვეგიის სამეფოს ან შენგენის სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის თარიღიდან;
d) „კანონიერად მცხოვრები პირი” ნიშნავს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უფლებამოსილია ან აქვს ნებართვა იმყოფებოდეს ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე.
e) „შენგენის წევრი სახელმწიფო” ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც სრულად იყენებს შენგენის კანონმდებლობას (Schengen acquis-ს).
მუხლი 4🔗
დოკუმენტური მტკიცებულებები მგზავრობის მიზანთან დაკავშირებით
1. მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მგზავრობის მიზნის დასასაბუთებლად, საქართველოს მოქალაქეთა შემდეგი კატეგორიებისთვის, საკმარისია შემდეგი სახის დოკუმენტაციის ფლობა:
a) ახლო ნათესავებისთვის – მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან:
- მასპინძელი პირის წერილობითი მოთხოვნა;
(b) ოფიციალური დელეგაციების წევრებისთვის, რომლებიც, საქართველოში გაგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც ორგანიზებულია ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ:
- საქართველოს ორგანოს მიერ გაცემული წერილი იმის დასტურად, რომ განმცხადებელი წარმოადგენს იმ დელეგაციის წევრს, რომელიც მიემგზავრება მეორე მხარის ტერიტორიაზე ზემოაღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, და ოფიციალური მიწვევის თანდართული ასლი.
c) მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, ასპირანტებისათვის და თანმხლები მასწავლებლებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრენინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილების მიღების მიზნით:
- მასპინძელი უნივერსიტეტის, კოლეჯის ან სკოლის წერილობითი მოთხოვნა ან ჩარიცხვის ცნობა ან სტუდენტის ბილეთი ან იმ სასწავლო კურსების სერტიფიკატი, რომლებშიც აღნიშნულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ;
d) იმ პირებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან მკურნალობის მიზნით და იმ პირებისათვის, რომელთა თანხლებაც აუცილებელია:
- იმ სამედიცინო დაწესებულების ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ დაწესებულებაში სამედიცინო მკურნალობის გავლის აუცილებლობას, თანხლების აუცილებლობას და სამედიცინო მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად საკმარისი ფულადი სახსრების არსებობას;
e) ჟურნალისტებისთვის და სამსახურებრივი სტატუსით მათი თანმხლები აკრედიტებული პირებისთვის:
- პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამისი პირი არის კვალიფიციური ჟურნალისტი ან რომ თანმხლები პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს და დოკუმენტი, გაცემული მისი დამქირავებლის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ მგზავრობის მიზანია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ან ამგვარ საქმიანობაში დახმარების გაწევა;
f) საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირებისთვის და სამსახურებრივი სტატუსით მათი თანმხლები პირებისთვის:
- წერილობითი მოთხოვნა ნორვეგიის სამეფოს მასპინძელი ორგანიზაციის, კომპეტენტური ორგანოების, ეროვნული სპორტული ფედერაციების ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან;
g) იმ პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე გამართულ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში:
- წერილობითი მოთხოვნა მასპინძელი ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული პირი მონაწილეობს შესაბამის ღონისძიებაში;
h) მეწარმეებისთვის და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის:
- წერილობითი მოთხოვნა მასპინძელი იურიდიული პირის ან კომპანიის, ორგანიზაციის ან ოფისის ან ასეთი იურიდიული პირის ან კომპანიის, ნორვეგიის სამეფოს ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა, ან საორგანიზაციო კომიტეტების, ან ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე გამართულ სავაჭრო ან სამრეწველო გამოფენების, კონფერენციების და სიმპოზიუმების მხრიდან, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სახელმწიფო სარეგისტრაციო პალატის მიერ;
i) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იმ წარმომადგენელთათვის, რომლებიც მიემგზავრებიან სასწავლო ტრენინგებში, სემინარებში, კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში:
- მასპინძელი ორგანიზაციის მიერ გაცემული წერილობითი მოთხოვნა, დასტური, რომ მოცემული პირი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ორგანიზაციის დაფუძნების სერტიფიკატი შესაბამისი რეესტრიდან;
j) იმ პირებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ სამეცნიერო, კულტურულ, შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში:
- მასპინძელი ორგანიზაციის წერილობით მოთხოვნა აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ;
k) მძღოლებისთვის, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო სატვირთო და მგზავრთა ტრასნპორტირების მომსახურებას ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე, საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით:
- საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტირების განმახორციელებელი, საქართველოს გადამზიდველთა ეროვნული კომპანიის ან ასოციაციის წერილობითი მოთხოვნა, სადაც მითითებულია მგზავრობის მიზანი, ხანგრძლივობა და სიხშირე;
l) პირთათვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დაძმობილებული ქალაქების მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ გაცვლით პროგრამებში:
- წერილობითი მოთხოვნა ასეთი ქალაქების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის/მერის ან მუნიციპალურ ორგანოთა მხრიდან;
m) პირთათვის, რომლებიც მიემგზავრებიან სამხედრო და სამოქალაქო საფლავების მონახულების მიზნით:
- ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საფლავის არსებობას და დაცულობას, ასევე განმცხადებელსა და დაკრძალულ პირს შორის ოჯახურ ან სხვა ნათესაურ კავშირს.
2. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგს:
a) მიწვეული პირისთვის: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, პასპორტის ნომერი, მგზავრობის დრო და მიზანი, პასპორტში ჩანაწერების რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში, მეუღლისა და ბავშვების სახელები, რომლებიც თან ახლავს მიწვეულ პირს;
b) მიმწვევი პირისთვის: სახელი, გვარი და მისამართი;
c) მიმწვევი იურიდიული პირის, კომპანიის ან ორგანიზაციისთვის: სრული დასახელება და მისამართი და:
- თუ მოთხოვნა გაცემულია ორგანიზაციის ან ორგანოს მიერ, იმ პირის სახელი და თანამდებობა, რომელიც ხელს აწერს ამგვარ მოთხოვნას;
- თუ მიმწვევი პირი არის იურიდიული პირი ან კომპანია ან სამსახური, ან ასეთი იურიდიული პირის ან კომპანიის ფილიალი, რომელიც შექმნილია ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე, რეგისტრაციის ნომერი, როგორც ამას მოითხოვს ნორვეგიის სამეფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
3. ამ მუხლის 1-ელ პარაგრაფში მითითებულ პირთა კატეგორიებისთვის, ყველა კატეგორიის ვიზა გაიცემა ნორვეგიის სამეფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურით, მგზავრობის მიზნის დასაბუთების, მოწვევის ან რაიმე დამადასტურებელი საბუთის წარდგენის გარეშე.
მუხლი 5🔗
მრავალჯერადი ვიზების გაცემა
1. ნორვეგიის სამეფოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო სამსახურები გასცემენ მრავალჯერად ვიზებს ხუთ წლამდე ვადით შემდეგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებზე:
a) მეუღლეები, შვილები (მათ შორის ნაშვილები), რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 21 წელი ან არიან კმაყოფაზე მყოფი პირები, მშობლები, რომლებიც სტუმრად ჩადიან ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან იმ ვადით, რომელიც განისაზღვრება მათი კანონიერად ცხოვრების ნებართვის მოქმედების ვადით;
b) ეროვნული და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრები, თუ ისინი არ არიან განთავისუფლებულნი სავიზო ვალდებულებისგან ამ შეთანხმების საფუძველზე, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით, იმ ვადით, რომელიც განისაზღვრება მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადით, თუ იგი ხუთ წელზე ნაკლებია;
c) ოფიციალური დელეგაციების პერმანენტული წევრები, რომლებიც საქართველოში გაგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ.
2. ნორვეგიის სამეფოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო სამსახურები გასცემენ მრავალჯერად ვიზებს ერთ წლამდე ვადით შემდეგი კატეგორიის პირებზე, იმ პირობით, რომ წინა წელს, მათ მიღებული ჰქონდათ ერთი ვიზა მაინც, გამოიყენეს ეს ვიზა შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ნორვეგიის სამეფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მათ მიერ მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი:
a) ოფიციალური დელეგაციების წევრები, რომლებიც საქართველოში გაგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც ორგანიზებულია ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ;
b) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან ნორვეგიის სამეფოს სასწავლო ტრენინგებში, სემინარებში, კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში;
c) იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში და რეგულარულად მგზავრობენ ნორვეგიის სამეფოში;
d) პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში და რეგულარულად მგზავრობენ ნორვეგიის სამეფოში;
e) სტუდენტები და ასპირანტები, რომლებიც რეგულარულად მგზავრობენ სწავლის ან სასწავლო ტრენინგებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მათ შორის გაცვილითი პროგრამების ფარგლებში;
f) პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დაძმობილებული ქალაქების ან მუნიციპალური ორგანოების მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ გაცვლით პროგრამებში;
g) პირები, რომლებსაც რეგულარულად ესაჭიროებათ გამგზავრება მკურნალობის მიზნით და ის პირები, რომელთა თანხლებაც აუცილებელია;
h) ჟურნალისტები და სამსახურებრივი სტატუსით მათი თანმხლები აკრედიტებული პირები;
i) მეწარმეები და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რეგულარულად მგზავრობენ ნორვეგიის სამეფოში;
j) საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურებრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები;
k) მძღოლები, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო სატვირთო და მგზავრთა ტრასნპორტირების მომსახურებას ნორვეგიის სამეფოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით.
3. ნორვეგიის სამეფოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო სამსახურები გასცემენ მრავალჯერად ვიზებს მინიმუმ ორი წლის და მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირთა კატეგორიებზე, იმ პირობით თუ წინა ორი წლის განმავლობაში მათ გამოიყენეს ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზები შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ნორვეგიის სამეფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, და თუ კიდევ არსებობს საფუძველი მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნისთვის.
4. ნორვეგიის სამეფოს ან შენგენის სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ მუხლის 1-იდან მე-3 პუნქტის ჩათვლით მითითებულ პირთა ყოფნის მთლიანი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში.
მუხლი 6🔗
მოსაკრებელი სავიზო განაცხადების განხილვისთვის
1. საქართველოს მოქალაქეთა სავიზო განაცხადების განხილვის საფასური შეადგენს 35 ევროს.
აღნიშნული თანხა შესაძლებელია გადაიხედოს მე-13 (3) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
თუ საქართველო ხელახლა შემოიღებს სავიზო ვალდებულებას ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეებისათვის, საქართველოს მიერ დაკისრებული სავიზო მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 35 ევროს ან მე-13 (3) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, მოსაკრებლის გადახედვის შემთხვევაში, შეთანხმებულ თანხას.
2. როდესაც ნორვეგიის სამეფო თანამშრომლობს მომსახურების გარეშე მიმწოდებელთან, დამატებითი მომსახურებისთვის შესაძლებელია დაწესდეს მოსაკრებელი. მომსახურების მოსაკრებელი პროპორციული უნდა იყოს მომსახურების გარე მიმწოდებლის მიერ თავისი მოვალეობების შესრულების პროცესში გაწეულ ხარჯებთან და არ უნდა აღემატებოდეს 30 ევროს. ნორვეგიის სამეფო უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რათა ყველა განმცხადებელმა განაცხადით მიმართოს უშუალოდ მის საკონსულოს.
3. სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან შემდეგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეები:
a) პენსიონერები;
b) ბავშვები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 12 წელი;
c) სახელმწიფო და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრები, თუ ისინი არ არიან გათავისუფლებულნი სავიზო ვალდებულებისაგან ამ შეთანხმების საფუძველზე;
d) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი თანმხლები პირები, საჭიროების შემთხვევაში;
e) ახლო ნათესავები – მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან;
f) ოფიციალურ დელეგაციათა წევრები, რომლებიც, საქართველოში გაგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც ორგანიზებულია ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ;
g) მოსწავლეები, სტუდენტები, ასპირანტები და თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრენინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით;
h) ჟურნალისტები და სამსახურებრივი სტატუსით მათი თანმხლები აკრედიტებული პირები;
i) საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურებრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები;
j) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც მიემგზავრებიან სასწავლო ტრენინგებში, სემინარებში, კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში;
k) პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში;
l) პირები, რომლებმაც წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათი გამგზავრების აუცილებლობას ჰუმანიტარული მიზნებით, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობის კურსის გავლის მიზნით, და ასეთ პირთა თანმხლები პირები, ან ახლო ნათესავის დაკრძალვაზე დასწრების ან მძიმედ ავადმყოფი ახლო ნათესავის მონახულების მიზნით.
მუხლი 7🔗
სავიზო განაცხადების განხილვის პროცედურის ხანგრძლივობა
1. ნორვეგიის სამეფოს დიპლომატიური მისიები და საკონსული სამსახურები ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით ცალკეულ შემთხვევებში, კერძოდ, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შემოწმება.
3. ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება შემცირდეს ორ სამუშაო დღემდე ან უფრო ხანმოკლე პერიოდამდე გადაუდებელ შემთხვევებში.
მუხლი 8🔗
გამგზავრება დოკუმენტების დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში
საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან რომლებსაც მოჰპარეს ეს დოკუმენტები იმ დროს, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს ან ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე, შეუძლიათ დატოვონ აღნიშნული სახელმწიფოს ტერიტორია საქართველოს ან ნორვეგიის სამეფოს დიპლომატიური მისიების ან საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მათ აძლევს საზღვრის გადაკვეთის უფლებას, რაიმე ვიზის ან ნებართვის გარეშე.
მუხლი 9🔗
ვიზის გახანგრძლივება განსაკუთრებულ შემთხვევებში
საქართველოს მოქალაქისთვის გაცემული ვიზის მოქმედების ვადა და/ან ყოფნის ხანგრძლივობა შესაძლებელია გახანგრძლივდეს, თუ ნორვეგიის სამეფოს კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ ვიზის მფლობელმა წარმოადგინა ფორსმაჟორის დამადასტურებელი საბუთი ან ჰუმანიტარული მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის მას დატოვოს ნორვეგიის სამეფოს ტერიტორია ვიზის მოქმედების ვადის ან ვიზით ნებადართული ყოფნის ხანგრძლივობის ამოწურვამდე. ამგვარი გახანგრძლივება არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას.
მუხლი 10🔗
დიპლომატიური პასპორტები
1. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ პასპორტებს, შეუძლიათ შევიდნენ, დატოვონ და ტრანზიტით გაიარონ ნორვეგიის სამეფოს ტერიტორია ვიზების გარეშე.
2. ამ მუხლის 1 პარაგრაფში მითითებულ პირებს შეუძლიათ დარჩნენ ნორვეგიის სამეფოს ან სხვა რომელიმე შენგენის წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა 180 დღის განმავლობაში.
მუხლი 11🔗
ვიზების ტერიტორიული მოქმედება
ნორვეგიის სამეფოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიდა წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ენიჭებათ უფლება იმგზავრონ ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიის ფარგლებში იმავე პირობებით, რომლითაც სარგებლობენ ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეები.
მუხლი 12🔗
ხელშეკრულების იმპლემენტაციის მონიტორინგი
მხარეთა წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციის განხილვის მიზნით, გამართავენ შეხვედრას, და თუ მიიჩნევენ აუცილებლად, წარმოადგენენ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის წინადადებას, კერძოდ საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შესაბამისად.
მუხლი 13🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას ან დამტკიცებას მხარეთა მიერ თავიანთი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად და ძალაში შედის იმ დღის მომდევნო მეორე თვის პირველ დღეს, როდესაც ერთ-ერთი მხარე მეორე მხარეს გაუგზავნის ბოლო შეტყობინებას ხსენებული პროცედურების დასრულების შესახებ.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით, თუ მისი მოქმედება არ შეწყდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
3. წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა მხარეთა წერილობითი თანხმობით. ცვლილებები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ მიზნით აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
4. თითოეულ მხარეს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეაჩეროს მთლიანად ან ნაწილობრივ, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. შეთანხმების მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მეორე მხარეს უნდა ეცნობოს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 48 საათით ადრე. ის მხარე, რომელმაც შეაჩერა წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის შესახებ.
5. თითოეულ მხარეს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ამგვარი შეტყობინებიდან 90 დღის შემდეგ. წინამდებარე შეთანხმება ავტომატურად წყვეტს მოქმედებას, „საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2011 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების შეწყვეტასთან ერთად.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 4 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ნორვეგიულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
ნორვეგიის სამეფოს სახელით
დანართი
ნორვეგიის სამეფოს დეკლარაცია შენგენის კანონმდებლობის (Schengen Acquis) შესახებ
ნორვეგიის სამეფოს მთავრობა, რომელიც არის იმ შეთანხმების მონაწილე, რომელიც დადებულია ევროკავშირის საბჭოსა და ისლანდიასა და ნორვეგიას შორის და რომელიც ეხება ამ უკანასკნელის ასოცირებას 1999 წლის 18 მაისის შენგენის კანონმდებლობის (Schengen Acquis) იმპლემენტაციის, გამოყენების და განვითარების პროცესთან, აცხადებს, რომ ვიზა, რომელიც გაცემულია ნორვეგიული მხარის მიერ წინამდებარე ორმხრივი შეთანხმების თანახმად, უნდა გაიცეს ნორვეგიული მხარის იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს ხსენებული 1999 წლის 18 მაისის შეთანხმებიდან.
ერთობლივი დეკლარაცია დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებული მე-10 მუხლის შესახებ
შეთანხმების მე-13 (4) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, ნორვეგიის სამეფომ შესალოა აღძრას შეთანხმების, კერძოდ კი მისი მე-10 მუხლის ნაწილობრივ შეჩერების საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მე-10 მუხლს არასწორად ახორციელებს ან თუ ეს საფრთხეს უქმნის საჯარო უსაფრთხოებას.
მე-10 მუხლის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, ორივე მხარე დაიწყებს კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლის ფარგლებში, იმ პრობლემათა აღმოფხვრის მიზნით, რომელიც იწვევს შეჩერებას.
ორივე მხარე იღებს ვალდებულებას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭონ დიპლომატიური პასპორტების უსაფრთხოების მაღალ დონეზე უზრუნველყოფას, კერძოდ, ბიომეტრიული საიდენტიფიკაციო ნიშნების ინტეგრირების გზით. ნორვეგიის სამეფოსთვის ზემოაღნიშნული უზრუნველყოფილ იქნება წევრ სახელმწიფოთა მიერ გაცემულ პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტებში უსაფრთხოების პარამეტრებისა და ბიომეტრიის სტანდარტების შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 13 დეკემბრის (EC) 2252/2004 რეგულაციაში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.