„სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.11.2015
ძალაში შესვლა 01.09.2016
ძალის დაკარგვა 01.06.2024
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №185
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
ცვლილება შეტანილია აქტით
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
დოკუმენტის ტექსტი
„სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობის წესის“ დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№185
2015 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 და 102 მუხლების, 2011 წლის 17 ოქტომბრის EU რეგულაციების №1034/2011 და №1035/2011 შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობის წესი“.
მუხლი 2🔗
„სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობის წესი“ ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან, გარდა მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა.
მუხლი 3🔗
„სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობის წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების
ზედამხედველობის წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და რეგულირების სფერო
1. წესის მიზანია, სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც გამოიხატება:
ა) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილებების შეფასებაში;
ბ) ცვლილების განხორციელებამდე საჭირო გამოსასწორებელი ქმედებების ჩატარებაში;
გ) სააერნაოსნო მომსახურების სისტემის ფუნქციონირების პერიოდში რისკის შეფასების და რისკის შემცირების უზრუნველყოფაში.
2. წინამდებარე წესი ვრცელდება:
ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე;
ბ) ყველა სხვა საავიაციო საწარმოზე, რომლის საქმიანობაზეც ზეგავლენას ახდენს დაგეგმილი ცვლილება.
მუხლი 2🔗.
ტერმინები და განმარტებები
ამ წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამოსასწორებელი ქმედება – გამოვლენილი შეუსაბამობის წარმოქმნის მიზეზის აღმოფხვრისაკენ მიმართული ქმედება;
ბ) ფუნქციონალური სისტემა – პროცედურები, ადამიანური რესურსები და მოწყობილობები (ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით), რომლებიც ერთობლიობაში განკუთვნილია სააერნაოსნო მომსახურების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
გ) უსაფრთხოების არგუმენტი – დემონსტრირება და მტკიცებულება იმისა, რომ ფუნქციონალური სისტემის შემოთავაზებული ცვლილება შეიძლება განხორციელდეს იმ მიზნების და სტანდარტების ფარგლებში, რომლებიც დადგენილია არსებული ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის და უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნების გათვალისწინებით.
დ) საავიაციო საწარმო – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაზე ზეგავლენას ახდენს მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება, ან თუ მისი საქმიანობა ახდენს ზეგავლენას მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე.
მუხლი 3🔗.
ცვლილების განხორციელებამდე გასატარებელი ქმედებები
1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ფუნქციონალურ სისტემაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილების (შემდგომ – ცვლილება) განხორციელებამდე:
ა) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) წარადგენს განაცხადს (დანართი №1) და ცვლილებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო დოკუმენტს;
ბ) ატყობინებს ამის თაობაზე იმ საავიაციო საწარმოებს, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს დაგეგმილმა ცვლილებამ.
2. განაცხადს უნდა დაერთოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იმ საავიაციო საწარმოების ნუსხა, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ცვლილებამ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
შენიშვნა: განაცხადი ცვლილების თაობაზე სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ სააგენტოში უნდა წარადგინოს, თუ უკვე ხელმისაწვდომია ცვლილების შესახებ საკმარისი მონაცემები და დადგენილია საფრთხის სიმძიმის კლასი, ანუ იმ ეტაპზე, როდესაც ხდება ცვლილებასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშება და ბიზნეს ან წლიურ გეგმაში ჩართვა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ზეგავლენას ახდენს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საავიაციო საწარმოებზე, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო:
ა) უგზავნის შეტყობინებას იმ საავიაციო საწარმოებს, რომელზეც ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ზემოაღნიშნულმა ცვლილებამ;
ბ) ახორციელებს ცვლილების კოორდინირებულ შეფასებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ საავიაციო საწარმოებთან ერთად;
გ) განსაზღვრავს რისკების ალბათობას და რისკების შემცირებისაკენ მიმართულ ქმედებებს, რომელიც ცვლილების დანერგვით, შესაძლოა კონკრეტულ საავიაციო საწარმოზე აისახოს.
მუხლი 4🔗.
საავიაციო საწარმოს ვალდებულება
საავიაციო საწარმოებმა, რომლებზეც ზეგავლენა მოახდინა ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა რისკების ალბათობამ და რისკების შემცირებისაკენ მიმართულმა ქმედებებმა, საჭირობისამებრ, ერთმანეთთან უნდა შეათანხმონ რისკების ალბათობა და რისკების შემცირებისაკენ მიმართული ქმედებები.
მუხლი 5🔗.
ცვლილების განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა
1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის საფუძველზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ესაჭიროება თუ არა შეთანხმება ცვლილებას.
2. სააგენტო ახორციელებს განაცხადში მითითებული ცვლილების შეთანხმებას, თუ:
ა) რისკის კლასიფიკაციის სქემის (დანართი №2) მიხედვით დადგინდა, რომ იდენტიფიცირებული საფრთხის სიმძიმე პირველ ან მე-2 კლასს მიეკუთვნება;
ბ) ცვლილების განხორციელებისათვის საჭიროა ახალი საავიაციო სტანდარტების შემოღება.
3. ცვლილების შეთანხმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სააგენტოში ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით.
4. ცვლილების განხილვისას, სააგენტო:
ა) აფასებს ამ წესის მე-9 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილი უსაფრთხოების არგუმენტის საფუძვლიანობას;
ბ) ახორციელებს ცვლილების სხვა უწყებებთან და სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან კოორდინირებას, საჭიროებისამებრ.
5. იმ შემთხვევაში, თუ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების არგუმენტი მიიჩნევა არასრულყოფილად, სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.
6. გადაწყვეტილება ცვლილების შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში.
7. სააგენტოს გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
8. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უფლებამოსილია გაასაჩივროს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
ცვლილებების მონაცემთა ბაზა
სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა აწარმოოს ცვლილებების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) დაგეგმილი, შეთანხმების/დანერგვის პროცესში მყოფი, დანერგილი ან გაუქმებული ცვლილების შესახებ;
ბ) სააგენტოსთვის მიწოდებული განაცხადის ასლები;
გ) სააგენტოს მიერ ცვლილების განხილვის შემთხვევაში, ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.
მუხლი 7🔗.
ცვლილების მართვის პროცედურა
1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ცვლილების მართვის პროცედურა.
2. სააგენტოსთან შეთანხმებას საჭიროებს, აგრეთვე, ცვლილების მართვის პროცედურაში შეტანილი ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება.
3. სააგენტოს მიერ პროცედურის შეთანხმება ნიშნავს, რომ ცვლილებების მართვის პროცედურა აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.
4. თუ დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, სააგენტოს მიმართავს შეთანხმებული პროცედურიდან გადახვევაზე თანხმობის მისაღებად და წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას პროცედურიდან გადახვევის შესახებ.
5. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ შემუშავებული ცვლილების მართვის პროცედურა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროცედურებზე ორიენტირებულ ნაწილს:
ა.ა) ფუნქციებს, პასუხისმგებლობას და საქმიანობას ცვლილებების მართვასა და უსაფრთხოების შეფასებასთან დაკავშირებით;
ა.ბ) ფუნქციონალური სისტემის იმ ნაწილების იდენტიფიცირებას, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს შემოთავაზებული ცვლილება;
ა.გ) უსაფრთხოების შეფასების იმ სახეობას (ტიპს), რომელიც გამოყენებული იქნება იდენტიფიცირებულ ცვლილებასთან მიმართებაში;
ა.დ) იმ პირების კვალიფიკაციას, რომლებსაც დაეკისრებათ ცვლილების მართვა და უსაფრთხოების შეფასება;
ა.ე) ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა უსაფრთხოების შეფასების ჩატარება;
ა.ვ) საავიაციო საწარმოების იდენტიფიცირების მეთოდს, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს დაგეგმილმა ცვლილებამ;
ა.ზ) იდენტიფიცირებულ საავიაციო საწარმოებთან და დაინტერესებულ პირებთან ცვლილების შესახებ შეტყობინების გაგზავნის ფორმას;
ბ) მეთოდოლოგიაზე ორიენტირებულ ნაწილს:
ბ.ა) უსაფრთხოების შეფასების მეთოდოლოგიის აღწერას;
ბ.ბ) უსაფრთხოების დამხმარე შეფასების მეთოდოლოგიის აღწერას (იდენტიფიცირებულ საავიაციო საწარმოებთან მიმართებაში);
ბ.გ) დაგეგმილი ცვლილების რისკის შემცირების მეთოდის აღწერას.
მუხლი 8🔗.
ფუნქციონალური სისტემის ცვლილებების უსაფრთხოების შეფასება
1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ ფუნქციონალური სისტემის ცვლილებების უსაფრთხოდ უზრუნველყოფის მიზნით, უნდა განახორციელოს უსაფრთხოების შეფასება დოკუმენტირებულ და საფუძვლიან არგუმენტზე დაყრდნობით, დაამტკიცოს, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები საფუძვლიანია, დამაკმაყოფილებელია და იქნება დაცული სააგენტოსთვის შესათანხმებლად წარდგენილი ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაშიც.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ ცვლილების უსაფრთხოების შეფასება უნდა მოიცავდეს:
ა) ცვლილების მასშტაბების განსაზღვრას, რომელიც გულისხმობს:
ა.ა) იმ მოწყობილობის, პროცედურების, ადამიანური რესურსების, სტრუქტურული და გარემოსთან დაკავშირებულ ელემენტებს, რომლებშიც შედის ცვლილება;
ა.ბ) შეცვლილ ელემენტებსა და ფუნქციონალური სისტემის დანარჩენ ნაწილებს შორის ურთიერთკავშირს;
ა.გ) შეცვლილი ელემენტების ურთიერთკავშირს გარემოსთან, სადაც სავარაუდოდ მოხდება მათი ამოქმედება;
ა.დ) ცვლილების მოქმედების პერიოდი გულისხმობს პერიოდს მისი დაგეგმვიდან შემდეგი ცვლილების განხორციელებამდე, და მოიცავს ექსპლუატაციაში შეყვანას, მომსახურების რეჟიმსა და გაუარესებული მახასიათებლებით მუშაობის დაგეგმილ რეჟიმზე გადასვლის ჩათვლით;
ბ) საფრთხის ფაქტორების იდენტიფიკაციას;
გ) უსაფრთხოების იმ კრიტერიუმების განსაზღვრას, რომლებიც გამოყენებული იქნება ცვლილებასთან მიმართებაში ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად;
დ) ცვლილებით განპირობებულ ზეგავლენასთან დაკავშირებულ რისკის შეფასებას და ანალიზს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებით გამოწვეული რისკის შემცირებისაკენ მიმართული ქმედებების გატარებას იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს უსაფრთხოების მოქმედი კრიტერიუმები;
ვ) დადასტურებას, იმის გადამოწმებას, რომ განხორციელებული ცვლილება დააკმაყოფილებს უსაფრთხოების კრიტერიუმებს;
ზ) მონიტორინგის მოთხოვნების დადგენას, ფუნქციონალურ სისტემაში ცვლილების განხორციელების შემდეგ გაწეული მომსახურების უსაფრთხოების კრიტერიუმების შესაბამისობის კონტროლის უზრუნველსაყოფად.
შენიშვნა. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან მიმართებით იმ ცვლილებების მაგალითები, რომლებიც შესაძლოა საჭიროებდეს უსაფრთხოების შეფასებას, მოცემულია ამ წესის დანართში №3.
მუხლი 9🔗.
უსაფრთხოების კრიტერიუმები
1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ფუნქციონალურ სისტემაში შესატანი ცვლილების უსაფრთხოებას განსაზღვრავს კრიტერიუმების მიხედვით, უსაფრთხოების რისკის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით:
ა) უსაფრთხოების რისკის ან მასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორების მკაფიოდ განსაზღვრული რაოდენობრივი დონით;
ბ) საერთაშორისო სტანდარტებით ან/და ნორმატიული და ინდივიდუალური აქტებით;
გ) მასთან არსებული სისტემის ან სხვაგან მოქმედი ანალოგიური სისტემის უსაფრთხოების მახასიათებლებით.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები:
ა) დასაბუთებულ იქნეს თითოეულ კონკრეტულ ცვლილებასთან მიმართებაში, ცვლილების ტიპის გათვალისწინებით;
ბ) ხელს უწყობდეს უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
მუხლი 10🔗.
პასუხისმგებლობა
1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.