შპს ”დე ენდ ვე”-ს ხარვეზის შევსების შედეგად განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18225-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/18225-15 (1089025)

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ხარვეზის შევსების შედეგად განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „დე ენდ ვე”(ს/კ 200117747)

წარმომადგენელი: ლევან კასრაძე (დირექტორი)

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „დე ენდ ვეს”დირექტორმა ლევან კასრაძემ და ითხოვა შპს „დე ენდ ვეს”მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს „დე ენდ ვეს” აქტივები ვერ უზრუნველყოფს არსებული ვალდებულებების შესრულებას და, შესაბამისად, კომპანია დგას მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე. საწარმოს ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენდა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მისთვის გაცემული ლიცენზიის ფარგლებში სანიტარიული ჭრების განხორციელება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის 5825 ჰექტარზე არსებული დაავადებული წაბლის კორომებით დაფარული ფართობის აღდგენა-გაჯანსაღებისათვის.

2014 წლის 17 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სსიპ – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა შპს „დე ენდ ვესთან” 2011 წლის 20 იანვარს გაფორმებული №2 ხელშეკრულება. შპს „დე ენდ ვემ” სასამართლოში გაასაჩივრა ეროვნული სატყეო სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და ხელშეკრულების მოქმედების აღდგენა, თუმცა საბოლოო შედეგი დღემდე გარკვეული არ არის. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალე კომპანიას სხვა აქტივი გარდა აღნიშნული ხელშეკრულებისა, არ ჰქონია. შემოსავალსაც მხოლოდ აღნიშნული საქმიანობიდან იღებდა. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით საწარმოს არ აქვს ტყით სარგებლობის უფლება, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და აქტივი. უფრო მეტიც, მას აქვს მთელი რიგი ვალდებულებები. კერძოდ, შპს „დე ენ ვეს” მიმართ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება გააჩნია მის 100%-იანი წილის მფლობელ დამფუძნებელ პარტნიორს შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალს”. ამ დავალიანების ოდენობა შეადგენს 7 917 552 ლარს. საწარმოს ამავდროულად აქვს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 115 082 ლარის ოდენობით, რომლის გასაჩივრებასაც ის აპირებს, თუმცა ასევე გაურკვეველია საჩივრის დაკმაყოფილების პერსპექტივა. შპს „დე ენდ ვეს” ჰყავს სხვა კრედიტორებიც: შპს „მალკო” და შპს „ს.ა ვუდი”. საწარმოს აქტივს წარმოადგენს მხოლოდ ანგარიშზე არსებული ნაშთი 3000,81 ლარი.

სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბრს მიიღო განჩინება და შპს „დე ენდ ვეს” (ს/კ 200117747) ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა სასამართლოსათვის კრედიტორთა – შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის”, შპს „მალკოს” და შპს „ს.ა ვუდის” მიმართ დავალიანებათა არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთა (სასამართლოს და ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებები, სასესხო ურთიერთობის ფარგლებში მოვალისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა) წარდგენა. ამასთან, შპს „დე ენდ ვეს” სასამართლოსათვის უნდა წარედგინა შესაბამისი ბანკის მიერ გაცემული ცნობა საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის არსებობის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და/ან მის არქივში (ტექინვენტარიზაციის ბიუროში) უძრავი ქონების მესაკუთრედ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომ მოვალე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არაა რეგისტრირებული სხვა საწარმოში წილის მესაკუთრედ; სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ და/ან მოსარგებლედ.

შპს „დე ენდ ვეს” დირექტორმა ლევან კასრაძემ, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით და ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 29 სექტემბერს. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებიდან ირკვევა, რომ შპს „დე ენდ ვეს” აქვს 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველ განცხადებაში ამ ფაქტის თაობაზე აღნიშნული არ ყოფილა და განმცხადებელი განმარტავდა, რომ მოვალის აქტივი მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განთავსებული 3000,81 ლარით შემოიფარგლებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მოვალის უკანასკნელი განმარტებებით მას აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 81 თეთრი ჰქონდა დარჩენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოვალეს დაევალა სასამართლოსათვის მისი აქტივის (კუთვნილი სატრანსპორტი საშუალებების) შეფასების თაობაზე აუდიტორის, ექსპერტის ან სპეციალური საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა.

2015 წლის 2 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „დე ენდ ვეს” წარმომადგენელმა, დირექტორმა ლევან კასრაძემ და წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ მის საკუთრებაში არსებული „ნისან ტერანო”, სახელწიფო ნომრით „GQG 203”, შეფასებულია 7200 (შვიდი ათას ორასი) ლარად; „ჰიუნდაი ტუქსონი”, სახელმწიფო ნომრით „GYG 755”, შეფასებულია 12700 (თორმეტი ათას შვიდასი ლარი) და „ლენდ როვერ დეფენდერი” სახელმწიფო ნომრით „WUV 780”, შეფასებულია 12 000 (თორმეტი ათასი) ლარად. ამდენად, მოვალის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ჯამური ღირებულება 31 900 (ოცდათერთმეტი ათას ცხრაასი) ლარია.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებებიდან და მათზე თანდართული მასალებიდან გამომდინარე გარემოებების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „დე ენდ ვეს” (ს/კ 200117747) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-8, 21-ე, 24-27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დე ენდ ვეს” (ს/კ 200117747) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. შპს „დე ენდ ვეს” (ს/კ 200117747) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს შპს „დე ენდ ვეს” (ს/კ 200117747) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს „დე ენდ ვეს” (ს/კ 200117747) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოვალეს მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს შპს „დე ენდ ვეს” (ს/კ 200117747), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „დე ენდ ვეს” (ს/კ 200117747) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 16დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

11. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს  დაფაზეც.

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                ბესიკ სისვაძე