(შპს "პროგრესი XXI" -ის გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/19491-5
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/19491-15 (330210315001105468 )

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2015 წლი 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს „პროგრესი XXI” (ს/კ 208190152)

წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „პროგრესი XXI”-ის (ს/კ 208190152) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ საწარმო წარმოადგენს 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. ის დღეისათვის არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არანაირი უძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში; რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა. თუმცა ორგანიზაციას ბალანსზე ერიცხება 33 დასახელების ნივთი, რომელთა სავარაუდო ღირებულებაც განმცხადებლის მითითებით, აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს. საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს კი წარმოადგენენ დავით პატარიძე თანხით 7840 ლარი; დავით სურგულაძე, მოთხოვნით 6400 ლარი; გია ხანიაშვილი - 5600 ლარი; თემურ ფიფია, მოთხოვნით 1680 ლარი და გიორგი ფიფია - თანხით 1680 ლარი. საწარმოს ანგარიში გახსნილი აქვს მხოლოდ სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში”, თუმცა ანგარიშზე ნაშთი შეადგენს ნულ ლარს.

ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) დაევალა სასამართლოსათვის საწარმოს ბალანსზე არსებული მოძრავი ნივთების შეფასების აქტი (ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა) წარდგენა.

2015 წლის 12 ოქტომბერს განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) წარმომადგენელმა და წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების შეფასების შესახებ. მითითებული დასკვნის თანახმად, მოვალის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულება შეადგენს 7448,15 ლარს.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

 შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიაში’’. სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას” მიერ გაცემული ცნობის თანახმად 2015 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშზე ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს ”„პროგრესი XXI” (ს/კ 208190152) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 სექტემბრის წერილი). ერთადერთი აქტივი, რაც საწარმოს გააჩნია, არის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები, რომელთა ჯამური ღირებულებაც წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად 7448,75 ლარია.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს - გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად,გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვის შემდეგ შეუძლებელს გახდის ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „პროგრესი XXI”-ს (ს/კ 208190152) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ”პროგრესი XXI” (ს/კ 208190152) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „პროგრესი XXI”-მა (ს/კ 208190152). ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

მოსამართლე:  ბესიკ სისვაძე