შპს ”საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი”-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/18746-15 (330210315001094964)
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
201 5 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი” (ს/კ 209437910)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის” (ს/კ 209437910) დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის” (ს/კ 209437910) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ საწარმო წარმოადგენს შპს „რეაბილიტაციის” 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. ის დღეისათვის არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაციას არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ორგანიზაციის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 930,61 ლარს. საწარმო ამჟამად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელმა მოითხოვა შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის” (ს/კ 209437910) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტს” (ს/კ 209437910) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის” (ს/კ 209437910) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 06 ოქტომბერს, ხოლო სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2015 წლის 05 ოქტომბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის” (ს/კ 209437910) კრედიტორს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი” (ს/კ 209437910) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად. ამასთან, უნდა გაუქმდეს სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაცია.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი” (ს/კ 209437910) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნება უზრუნველყოს განმცხადებელმა.
3. მოვალე შპს „საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტს” (ს/კ 209437910) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე