„საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№601
სარეგისტრაციო კოდი
120020000.10.003.018988
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №601

2015 წლის 2 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №348 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 120020000.10.003.017515) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი - მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის (შემდგომში – ერთობლივი მართვის ცენტრი) შექმნის წესს,  ამოცანებს, ფუნქციებს,  შემადგენლობასა და საქმიანობის ორგანიზებას.

2.   ერთობლივი მართვის ცენტრი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით,  საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციით (1982), ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ  საერთაშორისო კონვენციით (1974,  შესწორებული), ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1979), საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი აქტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), გემების  ბალასტური  წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (2004),  მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1978), ნავთობით გაჭუჭყიანებისაგან მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1969, შესწორებული), ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ საერთაშორისო კონვენციით, (MARPOL) (1973, შესწორებული), მოძრავი სატელიტური კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1976),  „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

       

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  ერთობლივი საზღვაო ოპერაციები – საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, მიმდებარე ზონაში, ტერიტორიულ ზღვაზე, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მათ საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული ერთობლივი ქმედებები საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული სიტუაციის შესახებ ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის, ასევე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ჩატარების, ზღვის გარემოს დაცვის, ბუნებრივ და სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის, კარანტინის მიზნით;

ბ)  საზღვაო ინციდენტი – გემის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებული არასასურველი საზღვაო მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი გემზე, გემის აფეთქება, მეჩეჩზე დაჯდომა, შეჯახება, გემის კორპუსის გაბზარვა, გემის კონსტრუქციული დაზიანება (ნახვრეტი გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილში, მთავარი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, გემზე არსებული საცხოვრებელი სადგომების მნიშვნელოვანი დაზიანება), გარემოს დაბინძურება, საზღვაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, გემის მართვადობის დაკარგვა, გემზე მყოფ ადამიანთა სიკვდილი, ჯანმრთელობის დაზიანება ან გემიდან გაუჩინარება, გემის დაღუპვა,  უგზო-უკვლოდ დაკარგვა;

გ)  საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობა – საზღვაო სივრცესა და საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ ინფორმირებულობა, რამაც შესაძლებელია, ზეგავლენა იქონიოს საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე ან ბუნებრივ  გარემოზე;

        დ)  ერთიანი ოპერაციული სურათი – ზღვაზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად ერთობლივი დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაციის ინტეგრირებული გამოსახულება.

 

მუხლი 3. ერთობლივი მართვის ცენტრის სტატუსი

1. ტექნოლოგიურად ერთობლივი მართვის ცენტრი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბებული მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიების, მონაცემთა ელექტრონული ბაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ერთობლიობა. ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი.

2. კრიზისული სიტუაციების დროს  ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი.

3. საომარი მდგომარეობის დროს ერთობლივი მართვის ცენტრი გადადის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ დაქვემდებარებაში.

 

მუხლი 4. ერთობლივი მართვის ცენტრის ამოცანები

ერთობლივი მართვის ცენტრის ამოცანებია:

ა) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის, საფრთხეების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების ეფექტიანი თანამშრომლობის, ურთიერთქმედების, ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ამოცანების შესრულებისა და გადაწყვეტილების მიღების დუბლირებას, მშვიდობიან დროსა და კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების შეთანხმებულ მოქმედებასა და სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას;

ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში რეალურ დროში საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის ერთიანი სისტემის შექმნა;

გ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ცალკეული უწყების ან ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ცენტრის შემადგენლობაში შემავალ უწყებათა (შემდგომში – მონაწილე უწყებები) მიერ განხორციელებული ერთობლივი ოპერაციების ხელშეწყობა;

დ) ზღვაზე განსაცდელში მყოფი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის, საქართველოს საზღვაო სივრცეში გარემოს დაცვისა და ხომალდების, ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ე) საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეებისა და გამოწვევების უწყვეტ რეჟიმში დროული გამოვლენის/იდენტიფიკაციის, შეტყობინების, შეფასების, ანალიზისა და რეაგირების უწყებათშორისი მექანიზმის ჩამოყალიბება.

 

მუხლი 5. ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციები

ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციებია:

ა) 24-საათიანი უწყვეტი ოპერატიული მზადყოფნისა და რეაგირების კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში მონაწილე უწყებების მიერ კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივი საზღვაო ოპერაციების კოორდინაცია და მართვა;

გ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში არსებული საფრთხეების, გამოწვევებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენცია, გამოვლენა, იდენტიფიკაცია და შეფასება;

დ) საქართველოს საზღვაო სივრცეში კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებით ერთობლივი რეაგირების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

ე) ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების ხელშეწყობა;

ვ) სასაზღვრო გამტარი პუნქტების (საბაჟო კონტროლის) გვერდის ავლით პირების, საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტებისა და სქემების გამოვლენა;

ზ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში არსებული ვითარებისა და მისი შესაძლო განვითარების შესწავლა,  ტენდენციებისა და ანომალიების გამოვლენა და მიღებული ინფორმაციის ანალიზი;

თ) მონაწილე უწყებათა რესურსების ოპტიმალურად თავსებადობის/გამოყენების, ასევე საკომუნიკაციო და სხვა საშუალებათა, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) საქართველოს მთავრობის ინფორმირების მიზნით, დადგენილი წესით, საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში მნიშვნელოვანი საფრთხის, ანომალიის ან ნებისმიერი სხვა საყურადღებო პრობლემის ან/და საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაგზავნა;

კ) საფრთხეების გამოვლენის, შეტყობინების პროცესის წარმართვის, საქმიანობის კოორდინაციისა და რეაგირების საკითხებზე მონაწილე უწყებებთან ერთობლივი სწავლებების ჩატარება წელიწადში არანაკლებ ორჯერ და სწავლების შედეგების შესახებ მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ლ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით თავდაცვითი საზღვაო სწავლებების, წვრთნებისა და ვარჯიშების ჩატარება წელიწადში არანაკლებ ორჯერ (ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში);

მ) ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის შედგენა და მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისათვის წარდგენა;

ნ) შავი ზღვის ქვეყნებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობა;

ო) არსებული ინფორმაციის დამუშავება, რომელიც დაკავშირებულია ან შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ერთობლივ საზღვაო ოპერაციებთან, საზღვაო ინციდენტთან ან პოტენციურ საფრთხეებთან;

პ) ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და შესრულების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების, ერთობლივ სწავლებათა და ზღვაზე კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება;

ჟ) საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

რ) საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების მონიტორინგი და რეალურ დროში ერთიანი ოპერაციული სურათის შენარჩუნება;

ს) საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საზღვაო-სატრანსპორტო  ინფრასტრუქტურის, გემებისა და მათი ტვირთების, ეკიპაჟების, მგზავრების შესახებ მონაცემთა ინტეგრირებული ელექტრონული ბაზების წარმოება;

ტ) პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდების დაგეგმვა და განხორციელება, მონაწილე უწყებებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით საკოორდინაციო საქმიანობის ყოველდღიური მოკლე ანგარიშის გაგზავნა;

უ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო პორტებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში გამოვლენილ საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული ერთობლივი ოპერაციების კოორდინირება რეაგირების გეგმის შესამუშავებლად და საჭირო რესურსების დასადგენად.

 

მუხლი 6. ერთობლივი მართვის ცენტრის შემადგენლობა

1. ერთობლივი მართვის ცენტრის შემადგენლობაში შედის შემდეგი სახელმწიფო უწყებები:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახური;

თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

ი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

კ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქაერონავიგაცია“;

ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური.

2. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, მონაწილე უწყებები ნიშნავენ მუდმივ წარმომადგენლებს/ ექსპერტებს, რომლებიც რჩებიან შესაბამისი მონაწილე უწყების მოსამსახურეებად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილნი არიან, მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული საზღვაო ინციდენტის ან ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობის თაობაზე.

3. სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით, ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსად 4 წლის ვადით ინიშნება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე.

4. ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის მოადგილედ 2 წლის ვადით ინიშნება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე ან სხვა მონაწილე უწყების წარმომადგენელი, ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანხმობით. ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის მოადგილეს ნიშნავს შესაბამისი მონაწილე  უწყების ხელმძღვანელი.

მუხლი 7. საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭო

1. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, იქმნება საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭო (შემდგომში – უწყებათშორისი საბჭო), რომლის შემადგენლობაშიც შედიან მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელები ან მათ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირები. უწყებათშორისი საბჭოს საქმიანობაში მისი წევრების წინადადებით შეიძლება მონაწილეობდნენ ხელისუფლების სხვა ორგანოთა წარმომადგენლებიც.

2. უწყებათშორისი საბჭო არის ერთობლივი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მხრიდან მხარდაჭერის არსებითი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობას, უწყებათშორის თანამშრომლობასა და საზღვაო სივრცეში საქართველოს ინტერესების დაცვას.

3. უწყებათშორისი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

4. უწყებათშორისი საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით:

ა) განსაზღვრავს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის  მიმართულებებსა და პრიორიტეტებს;

ბ) ადგენს უწყებათშორისი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;

გ) ადგენს მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა/ექსპერტთა მიერ ინფორმაციის დამუშავების, მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღების, მათთვის გადაცემისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის წესს;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი მართვის ცენტრის მიმართვის საფუძველზე იღებს  გადაწყვეტილებას კონკრეტული უწყებათშორისი ოპერაციების წარმართვასთან დაკავშირებით;

ე) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი მართვის ცენტრისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და რესურსების დროებითი გადაცემის შესახებ, ადგენს ამ რესურსების გადაცემის წესს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ქმნის უწყებათშორის სამუშაო ჯგუფებს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის სრულყოფისა და საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში კონკრეტულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

5. უწყებათშორისი საბჭოს საქმიანობას ორგანიზებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

6. უწყებათშორისი საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში, ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე. ასევე დასაშვებია საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა.

7. უწყებათშორისი საბჭოს სხდომა ფორმდება შესაბამისი ოქმით. სხდომა შეიძლება ჩატარდეს პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით, ასევე გამოკითხვის ფორმით.

 

მუხლი 8. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ორგანიზება

1. ერთობლივი მართვის ცენტრი ფუნქციონირებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში.

2. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ − ვ“ და „თ − კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უწყებები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავენ ოფიციალურ წარმომადგენლებს/ექსპერტებს, რომლებიც მშვიდობიან პერიოდში ჩაერთვებიან ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დღის განმავლობაში.

3. მონაწილე უწყებათა წარმომადგენლების/ექსპერტების საქმიანობის ვადა განისაზღვრება ერთი წლით, ყოველწლიური ცვალებადობის პრინციპით. საჭიროების შემთხვევაში, მონაწილე უწყებებს შეუძლიათ, მათ მიერ დანიშნულ წარმომადგენლებს/ექსპერტებს გაუხანგრძლივონ ერთობლივი მართვის ცენტრში მუშაობის ვადა ერთი წლით.

4. მშვიდობიან პერიოდში საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში, ერთობლივი მართვის ცენტრი დღე-ღამის განმავლობაში ახორციელებს მორიგეობას, რომელშიც ჩართულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან (სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი) ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში მონაწილე მოსამსახურეები. სხვა მონაწილე უწყებების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი წარმომადგენლების ჩართვა სამორიგეო საქმიანობის შესრულებაში. ერთობლივი მართვის ცენტრში მორიგის ფუნქციის განმახორციელებელი პირის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მონაწილე  უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსთან შეთანხმებით.

5. ერთობლივი მართვის ცენტრში დანიშვნის შემდეგ ყველა მონაწილე უწყების წარმომადგენელი/ექსპერტი ვალდებულია, შეასრულოს ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის დავალებები, რომლებიც გამომდინარეობს ცენტრის საქმიანობიდან.

6. ერთობლივი მართვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის, ერთობლივი ოპერაციის ჩატარების ან კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, მონაწილე უწყებათა წარმომადგენლები/ექსპერტები უნდა ფლობდნენ ზუსტ მონაცემებს თავიანთ უწყებებში არსებულ რესურსებთან დაკავშირებით და ჰქონდეთ კომუნიკაცია უწყების ხელმძღვანელებთან.

7. საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, უწყებათშორისი საბჭოს მიერ რეკომენდებულ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეიძლება მიეწოდოთ ინფორმაცია ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ.

8. ერთობლივი მართვის ცენტრს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კომუნიკაცია ჰქონდეს როგორც სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე საზღვაო სუბიექტებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

9. ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს მონაწილე უწყებათა წარმომადგენლები/ექსპერტები ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით. თუ მათ ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლიათ ცენტრში გამოცხადება/მუშაობა, მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, ჩაანაცვლონ ისინი თავიანთი წარმომადგენლების/ექსპერტების უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 9. ინფრასტრუქტურა და რესურსები

1. სასაზღვრო პოლიცია ერთობლივი მართვის ცენტრს უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკითა და კომუნიკაციის საშუალებებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით, იდენტიფიკაციისა და ზღვაზე რადიოტექნიკური დაკვირვების სხვა სისტემებით.

2. მონაწილე უწყებები, საზღვაო ვითარების შესახებ გაცნობიერებულობის ეფექტიანი სისტემის შექმნის მიზნით, ერთობლივი მართვის ცენტრს უზრუნველყოფენ საქმიანობისათვის აუცილებელი სისტემებითა და მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.

         

მუხლი 10. ინფორმაციის გაზიარება

1. ერთობლივი მართვის ცენტრი იყენებს უწყებათშორისი კომუნიკაციის ნებისმიერ ფორმას დაცვის ნებისმიერი დონით, მათ შორის: პირდაპირ ხმოვან და ვიზუალურ ტელეხიდებს, ელექტრონულ ფოსტასა  და პირისპირ შეხვედრებს. 

2. ერთობლივი მართვის ცენტრისათვის გადაცემული ყველა ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. მონაწილე უწყებებისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სხვადასხვა სამართლებრივ აქტში ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ერთობლივი მართვის ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უწყებათშორის საბჭოს შემდგომი რეაგირებისათვის.

 

მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატმა 2016 წლის 1 თებერვლამდე შექმნას მონაწილე უწყებათა წარმომადგენლების/ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებს:

ა) „ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;

ბ) ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საქმიანობის წესის განსაზღვრის მიზნით „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი.

         2. უწყებათშორისმა საბჭომ შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ჩამოაყალიბოს უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს „საიმედო, ღია და დახურული კავშირების ორგანიზების გეგმისა და ერთობლივი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა/ექსპერტთა მიერ ინფორმაციის დამუშავების, მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღების, ასევე მათთვის გადაცემისა და ინფორმაციის უსაფრთხოების წესის შესახებ“ სამართლებრივი აქტის პროექტს.

3. მონაწილე უწყებებმა არა უგვიანეს 2016 წლის 1 იანვრისა უზრუნველყონ ერთობლივი მართვის ცენტრში საკუთარი წარმომადგენლების/ექსპერტების დანიშვნა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სამუშაო ჯგუფმა 2016 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი