შპს „შუქურა 2011“-ის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1060

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

 

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ.  ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს ,,შუქურა 2011’

წარმომადგენელი : რევაზ ფუტკარაძე

მოთხოვნა -  მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

    

 განმცხადებელი (კრედიტორი) - სსიპ - შემოსავლების სამსახური;

 მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

გამოარკვია:

 

შპს ,,შუქურა 2011’’-ის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა საზოგადოების წარმომადგენელმა რევაზ ფუტკარაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია სალდირებული საგადასახადო დავალიანება 245 989,63 ლარის და საურავი 24 674,01 ლარის ოდენობით. კომპანიას უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია, შპს ,,შუქურა 2011”-ს საბანკო ანგარიშებზე თანხები არ ირიცხება. კომპანია დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს. განმცხადებელი განმარტავს, რომ კომპანიას არ შესწევს უნარი გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით უზრუნველყოს საპროცესო ხარჯების დაფარვა და ითხოვს შპს ,,შუქურა 2011”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

 

2015 წლის 19 ივნისის განჩინებით  შპს ,,შუქურა 2011”-ს  უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან  მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,შუქურა 2011’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 25 ივნისს.

 

2015 წლის 27 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ შპს „შუქურა 2011’’-ს ერიცხება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 274 158,72 ლარის ოდენობით, შესაბამისად განცხადების წარმოებაში მიღება და შპს „შუქურა 2011’’-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

 

სასამართლომ განიხილა განცხადება და თანდართული მასალები და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე.

 

2015 წლის 10 აგვისტოს განცხადებით მომართა სასამართლოს სსიპ - შემოსავლების სამსახურმა და 2015 წლის 31 ივლისის განცხადებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება ითხოვა 14 დღის ვადით, რაც დაკმაყოფილდა 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით.

 

2015 წლის 1 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გადახდისუუნარობის განცხადების პარალელურად მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა შპს „შუქურა 2011’’-ის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე. განმცხადებლის მოსაზრებით, მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებამდე და რეგისტრაციის გაუქმებამდე უნდა მოხდეს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, რაც წარმოადგენს 2015 წლის 21 ივლისის №21-04/76344 განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, წინაააღმდეგ შემთხვევაში თუკი მოხდება მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება და რეგისტრაცია გაუქმდება, ხელი შეეშლება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის საქმეზე მიღებული ბრძანების აღსრულებას და საბიუჯეტო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას.

 

2015 წლის 1 სექტემბრის განჩინებით სსიპ - შემოსავლების სამსახურის  შუამდგომლობა 2015 წლის 21 ივლისის №21-04/76344 განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასახელებული განჩინება სსიპ - შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2015 წლის 16 სექტემბერს.

 

2015 წლის 21 სექტემბერს (იხ. საფოსტო კონვერტი) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა სსიპ - შემოსვალების სამსახურმა და 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინების გაუქმება და შპს ,,შუქურა 2011”-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეჩერება ითხოვა.

 

2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ - შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალები გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ - შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინება.

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სსიპ - შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში, ხოლო მოვალე შპს ,,შუქურა 2011’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

  

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.  

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ - შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

    

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ - შემოსავლების სამსახურმა არ შეავსო ხარვეზი, მას უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს ,,შუქურა 2011’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ - შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს ,,შუქურა 2011’’ (ს/კ 445398999) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. შპს ,,შუქურა 2011’’ (ს/კ 445398999) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს ,,შუქურა 2011’’ (ს/კ 445398999) რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                                                                        გ. მაკარიძე