შპს „GIZZA“-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2210
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
2015 წლის 30 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ - შპს “GIZZA” ( საიდენტიფიკაციო კოდი: 445419306).
წარმომადგენელი - რევაზ ფუტკარაძე.
მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
განმცხადებელი (კრედიტორი) - სსიპ შემოსავლების სამსახური.
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,
გამოარკვია:
2014 წლის 24 დეკემბერს შპს ”GIZZA”-ს სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა საზოგადოების წარმომადგენელმა რევაზ ფუტკარაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია საგადასახადო დავალიანება 525 630,4 ლარის ოდენობით. კომპანიას არ გააჩნია არანაირი ქონება, გარდა კომპიუტერული კომპლექტისა, რომელიც დაყადაღებულ იქნა 2013 წლის 28 ნოემბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ და რომლის ღირებულება საგადასახადო ოფიცრის მიერ განისაზღვრა 400 ლარით, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ - 80 ლარით. შპს “GIZZA”-ს გააჩნია ორი საბანკო ანგარიში: თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში, თუმცა არც ერთ მათგანზე თანხები არ ირიცხება და იგი დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს. განმცხადებელი ითხოვს შპს “GIZZA’’-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შპს ”GIZZA”-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”GIZZA”-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 12 იანვარს.
2015 წლის 11 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ შპს ”GIZZA”-ს ერიცხება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 594 900,04 ლარის ოდენობით, შესაბამისად, განცხადების წარმოებაში მიღება და შპს ”GIZZA”-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით სსიპ - შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის განთავსება. აღნიშნული განჩინება სსიპ - შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2015 წლის 13 თებერვალს.
2015 წლის 18 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ - შემოსავლების სამსახურმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელება.
2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) კალენდალური დღით.
2015 წლის 6 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ - შემოსავლების სამსახურმა, სადაც აღნიშნა შემდეგი: ვინაიდან შპს „GIZZA”-მ შპს ,,გიზას’’ გადასცა მის საკუთრებაში არსებული ქონება - 536518,20 ლარის სასაქონლო მარაგი, ამასთან, ზემოაღნიშნული გადასახადის გადამხდელებს გააჩნდათ ერთი და იგივე საქმიანობის სფერო და იურიდიული მისამართი, სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ აღძრული იქნა სარჩელი შპს ”GIZZA”-ს, შპს ,,გიზას’’ და ზაურ გორგილაძის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ - შემოსავლების სამსახურის სარჩელი. სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ საქმის განხილვა უშაულო და არსებით გავლენას მოახდენს გაკოტრების საქმის წარმოებაზე და ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 თებერვლის №21-04/11408 განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების შეჩერებას აღიარებით სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2015 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ - შემოსავლების სამსახურს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) კალენდალური დღით და დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „ბანკი რესპუბლიკა”, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: REPLGE22, ანგარიშის №GE74BR0000010517463483 GEL) 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.
2015 წლის 23 მარტს (იხ. საფოსტო კონვერტი) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა სსიპ - შემოსვალების სამსახურმა და 2015 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება და შპს „GIZZA”-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეჩერება ითხოვა.
2015 წლის 27 მარტის განჩინებით სსიპ - შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. შპს „GIZZA”-ს მიმართ არსებული საქმის მასალები გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განჩინება. შპს ”GIZZA”-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე შემოსავლების სამსახურის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა შეჩერდა შპს „GIZZA”-ს, შპს „გიზასა“ და ზაურ გორგილაძის მიმართ შემოსავლების სამსახურის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2015 წლის 5 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „GIZZA”-ს წარმომადგენელმა რევაზ ფუტკარაძემ და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელმა წარმოადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების შპს „GIZZA”-ს, შპს ,,გიზას’’ და ზაური გორგილაძის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით შპს „GIZZA”-ს, შპს ,,გიზას’’ და ზაური გორგილაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ - შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „GIZZA”-ს ცრუმაგიერ პირებად აღიარებულ იქნა შპს ,,გიზა’’ და ზაურ გორგილაძე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სსიპ - შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად. ასევე შპს „GIZZA”-ს, შპს ,,გიზას’’ და ზაურ გორგილაძის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად; უცველად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება №2/2210-14. სამოქალაქო საქმეზე და სსიპ - შემოსავლების სამსახურს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) კალენდალური დღით. განმცხადებელს დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „ბანკი რესპუბლიკა”, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: REPLGE22, ანგარიშის №GE74BR0000010517463483 GEL) 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სსიპ - შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში, ხოლო მოვალე შპს „GIZZA”-ს უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ - შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ - შემოსავლების სამსახურმა არ შეავსო ხარვეზი, მას უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად შპს „GIZZA” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ - შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს ”GIZZA”-ს (ს/კ 445419306) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. შპს „GIZZA”-ს (ს/კ 445419306) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს ”GIZZA”-ს (ს/კ 445419306) რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), განჩინების მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: გ. მაკარიძე