შპს „გიოლა“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1778-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,გიოლა’’
საიდენტიფიკაციო კოდი – 221281271
დირექტორი – გრიგოლ ლაღაძე
მოთხოვნა –მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,გიოლას’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი ,
გამოარკვია:
შპს ,,გიოლას’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა გრიგოლ ლაღაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული საბიუჯეტო დავალიანება 64380,28 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა სხვა კრედიტორი შპს ,,გიოლას’’ არ ჰყავს. საზოგადოების აქტივი შეადგენს 417,40 ლარს (ზედმეტად გადახდილი მოგების გადასახადი), ასევე ერიცხება ავტომანქანა, რომლის ნარჩენი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით შედაგენს 2703,21 ლარს. საზოგადოება არ ფუქნციონირებს, არ აქვს შემოსავლები, საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს პროკრედიტ ბანკში და სს თიბისი ბანკში, თუმცა საგადასახადო დავალიანების გამო კომპანიის აქტივებზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ გაკოტრების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი საპროცესო ხარჯების დაფარვა და ითხოვს შპს ,,გიოლას’’ გაკოტრებას.
2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,გიოლას’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,გიოლას’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 23 ოქტომბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით , თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,გიოლა’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,გიოლას’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დაადგინა :
1. შპს ,,გიოლა’’ (ს/ნ 221281271) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,გიოლას’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გ. მაკარიძე