შპს „220 ვოლტსის“ კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8238-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის
მოწვევის თაობაზე
2015 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „220 ვოლტსის” (ს/კ 206344945) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია შპს „220 ვოლტსის” მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმე. 2015 წლის 5 ივნისის კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ წარმომადგენლებმა ითხოვეს დამატებითი დრო მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენისათვის. 2015 წლის 9 ნოემბერს მეურვემ სასამართლოს მიმართა განცხადებით და განმარტა, რომ შეფასებულია მოვალე საწარმოს მთელი ქონება. მეურვეს მიაჩნია, რომ არსებობს საქმის წარმოების შემდგომ ეტაპზე გადასვლის საფუძვლები და ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ კრედიტორთა პირველი კრების პირველი სხდომის დღის - 2015 წლის 5 ივნისის შემდეგ სასამართლოს წარედგინა კიდევ ორი იურიდიული პირის ორი განცხადება მოთხოვნათა აღიარებისა და კრედიტორთა რეესტრში მოთხოვნათა შეტანის თაობაზე. ასევე არაა მიღებული გადაწყვეტილება გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხთან მიმართებით. ამ ვითარებისა და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-14, მე-15-ე და მე-16 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესთა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში მორიგი სხდომის მოწვევის საფუძველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „220 ვოლტსის” (ს/კ 206344945) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხომა შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების მოსმენა და ანალიზი (განხილვა);
ბ) დამატებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;
გ) გაკოტრების მმართველის არჩევა.
2. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 25 დეკემბერი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სხდომის დარბაზი №23) 1400 (თოთხმეტი) საათზე.
3. ამ განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურომ“ არაუგვიანეს 2015 წლის 10 დეკემბრისა. ამასთან, სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს, მათ შორის, უცხოელ კრედიტორებს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
4. განემარტოს მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“, რომ მან სასამართლოს წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს მოხსენება მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.
5. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე