შპს „მომავალი“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/647
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2015 წლის 30 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარ გიორგიძე
განმცხადებელი /მოვალე/ - შპს ,,მომავალი’’
(საიდენტიფიკაციო კოდი - 238750106)
დირექტორი - შპს ,,რეაბილიტაცია’’
წარმომადგენელი - ბიძინა ჩიკვილაძე.
მეურვე - საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე.
კრედიტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - თამთა ფორჩხიძე.
კრედიტორი - მაია დარსაველიძე.
კრედიტორი - მაია ცანავა-ურუმაშვილი.
წარმომადგენელი - ნინელი ქოიავა, მარინა ორმოცაძე.
კრედიტორი - ნაზი ბუაძე.
კრედიტორ ი - ლიუზა ჯვარშეიშვილის უფლებამონაცვლე კატო ჯვარშეიშვილი.
კრედიტორი - რუსუდან სტურუა.
მომრიგებელი საბჭოს წევრები: რუსუდან სტურუა, მაია ცანავა-ურუმაშვილი და ამირან დადვანი.
კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,მომავლის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გაკოტრების საქმე შპს ,,მომავლის’’ მიმართ.
2015 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება (ოქმი №1) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად, მომრიგებელმა საბჭომ არსებითად განიხილა ორგანიზაციის გადახდისუუნარობის საკითხი და მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს ,,მომავლის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო: ორგანიზაციას გააჩნია კრედიტორული დავალიანება, როგორც სახელფასო ასევე საბიუჯეტო, რაც ჯამში შეადგენს 45 912, 75 ლარს. სსიპ _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 აგვისტოს №1/1-1835 ბრძანებით შპს ,,მომავალის’’ კაპიტალი შეადგენს 448 492 ლარს. შპს ,,სამტრედიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (ს/კ 34.08.13.069) საბაზრო ღირებულებამ, რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენსაც შპს ,,მომავალი’’, აუდიტორული შეფასების შემდეგ, შეადგინა 180 000 ლარი. ორგანიზაციას გააჩნია ასევე დებიტორული მოთხოვნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომელიც შეადგენს 35 269 ,73 ლარს.
სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა და განმარტეს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის მიზნით, რის გამოც ითხოვენ შპს ,,მომავლის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტას. მოთხოვნას დაეთანხმნენ კრებაზე მონაწილე მხარეები.
სასამართლომ განიხილა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს ,,მომავლის’’ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ;
ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.
სასამართლო სხდომაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ მათ შეისწავლეს კომპანიაში არსებული ვითარება და მიზანშეწონილად მიაჩნიათ შეწყდეს შპს ,,მომავლის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,მომავლის’’ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეწყდეს შპს ,,მომავლის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5-9, 33-34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მომავლის’’ მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე