ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1881-15 (სს "ხორშის ეთერზეთის" გაკოტრების შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1881-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 4 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ - სს ,,ხორშის ეთერზეთი’’
(საიდენტიფიკაციო კოდი - 239897858).
დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’
წარმომადგენელი: ბიძინა ჩიკვილაძე.
მოთხოვნა - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,ხორშის ეთერზეთის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გამოარკვია:
სს ,,ხორშის ეთერზეთის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ სს „ხორშის ეთერზეთი“ (ს/ნ 239897858) წარმოადგენს, 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. როგორც, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის 15 ივლისის №172195 წერილიდან ირკვევა, სს „ხორშის ეთერზეთის“ (ს/ნ 239897858) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე მდებარე: 1. რაიონი სენაკი, სოფელი ხორში ს/კ 44.12.04.090 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 34546.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; 2. რაიონი სენაკი, სოფელი ხორში ს/კ 44.12.04.091 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 26000.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; 3. რაიონი სენაკი, სოფელი ხორში ს/კ 44.12.04.092 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 15000.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; 4. რაიონი სენაკი, სოფელი ხორში ს/კ 44.12.04.093 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 3158.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა;
ამჟამად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიას, არც ბალანსზე და არც საკუთრებაში, უძრავი ქონება არ ერიცხება.
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2015 წლის 15 ივლისის MIA 9 15 01547326 წერილის თანახმად, სს „ხორშის ეთერზეთის“ (ს/ნ 239897858) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალება „SAZ 3507-16“ (ძრავის №21167, შასის №0871857) სახელმწიფო სანომრე ნიშნით FAJ-795 რეგისტრირებულია „ხორშის ეთერზეთების მეურნეობის“ (ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი და სამართლებრივი ფორმა მითითებული არ არის, მისამართი: სენაკის რაიონი, სოფელი ხორშა) სახელზე. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობა დაუდგენელია. შესაბამისად უცნობია მისი ნარჩენი ღირებულებაც. კომპანიას ბალანსზე სხვა მოძრავი ქონება არ ერიცხება.
სს „ხორშის ეთერზეთს“ (ს/ნ 239897858) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ხოლო, უზრუნველყოფილი კრედიტორია, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და ყადაღით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 86 803.60 (ოთხმოცდაექვსიათას რვაასსამი ლარი და სამოცი თეთრი ) ლარს (22 283.60 ლარი (ნარჩენი) + 64 520.00 ლარი (საურავი) = 86 803.60 ლარი). საწარმოს დებიტორული მოთხოვნები არ ერიცხება.
სს „ხორშის ეთერზეთს“ (ს/ნ 239897858) ანგარიშსწორების ანგარიში არ აქვს გახსნილი არცერთ ბანკში. ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს სს ,,ხორშის ეთერზეთის’’ გაკოტრებას.
2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სს ,,ხორშის ეთერზეთს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს „ხორშის ეთერზეთის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 29 ოქტომბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სს „ხორშის ეთერზეთი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს სს „ხორშის ეთერზეთის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. სს „ხორშის ეთერზეთი“ (ს/ნ 239897858) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს „ხორშის ეთერზეთის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე