შპს „გარდაბანწყალკანალი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20659-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/20659-15 (330210315001119508)

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 11 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

 

განმცხადებელი: შპს ,,გარდაბანწყალკანალი” (ს/კ 226529487)

წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საწარმოს გაკოტრების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,გარდაბანწყალკანალის” (ს/კ 226529487) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა შპს ,,გარდაბანწყალკანალის” (ს/კ 226529487) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ საწარმო წარმოადგენს შპს „რეაბილიტაციის” 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. ის დღეისათვის არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაციას არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ორგანიზაციის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 1 664 561,96 ლარს. საწარმო ამჟამად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს ,,გარდაბანწყალკანალის” (ს/კ 226529487) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,გარდაბანწყალკანალს” (ს/კ 226529487) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს ,,გარდაბანწყალკანალის” (ს/კ 226529487) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 22 ოქტომბერს; სსიპ - შემოსავლების სამსახურსაც განჩინება ჩაჰბარდა 2015 წლის 22 ოქტომბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ,,გარდაბანწყალკანალის” (ს/კ 226529487) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, არსებობს საფუძველი შპს ,,გარდაბანწყალკანალის” (ს/კ 226529487) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმებისა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,გარდაბანწყალკანალი” (ს/კ 226529487) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს განმცხადებელმა.

3. მოვალე შპს ,,გარდაბანწყალკანალს” (ს/კ 226529487) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე:                                                                                                  ბესიკ სისვაძე