„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;“.
2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, უმაღლესი სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“;
ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;“.
3. მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რაიონულ (საქალაქო) პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი პროკურორები, რომელთაც შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
2. რაიონულ (საქალაქო) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, პროკურორებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.
4. მე-17 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას“;
ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, გენერალური პროკურატურის შესაბამისი დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, საოლქო პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, ქ. თბილისის პროკურორს, მის მოადგილეებსა და რაიონულ პროკურორებს თავიანთი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, აგრეთვე გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, საოლქო პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და რაიონული პროკურორების მიერ განსაზღვრულ სხვა პროკურორებს.“.
5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. მითითება
1. პროკურორს უფლება აქვს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში წერილობითი მითითება მისცეს წინასწარი გამოძიების ორგანოებს.
2. პროკურორის მითითება წინასწარი გამოძიების საკითხებზე სავალდებულოა შესასრულებლად.“.
6. 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ გენერალური პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს მხოლოდ გენერალური პროკურატურა.
5. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დადგენილი წესით დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებს გენერალური პროკურორი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1342–Iს