თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 10.03.2016
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე | თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2015 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში –
პროგრამა) თანდართული დანართების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მიზანი
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის მიზანია იმ მიზნობრივი ჯგუფებისათვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე.
მუხლი 3🔗.
პროგრამის დაფინანსება, ანგარიშსწორება და კონტროლი
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, წარმოადგენს სოციალურ დახმარებას ფულადი ფორმით. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ბენეფიტის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ამ დადგენილების მე-5 დანართით დამტკიცებული „საახალწლოდ დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სურსათის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ოჯახებზე განაწილებას.
3. პროგრამის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობა პროგრამის შესრულების შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს.
მუხლი 4🔗.
ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი
როდესაც ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ბენეფიციარი ობიექტური მიზეზების გამო პირადად ვერ ახერხებს განახორციელოს პროგრამით გათვალისწინებული/მოთხოვნილი (ბანკში ანგარიშის გახსნა და ა.შ) დოკუმენტაციის წარმოდგენა, შესაძლებელია მის ნაცვლად მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა აწარმოოს ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს), ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სოციალური დახმარება ჩარიცხოს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე. პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებაზე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განაცხადს და პროგრამით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას დამატებით უნდა ახლდეს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 5🔗.
პროგრამის ადმინისტრირება
1. პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 6🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრს.
4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.
5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახური უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
მუხლი 7🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყველა სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული იქნება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 9🔗.
სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
მუხლი 10🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №38 დადგენილება.
მუხლი 11🔗
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე
დანართი №1
გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 06 01 01)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – ვეტერანთა და დევნილთა გარდაცვალებისას დაკრძალვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის არარსებობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).
მუხლი 3🔗.
დახმარების მოცულობა
დაკრძალვისათვის დახმარების მოცულობა შეადგენს 500 ლარს.
მუხლი 4🔗.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი.
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 5🔗.
პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 21,500 (ოცდაერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
დანართი №2
ერთჯერადი ფულადი დახმარება კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად (პროგრამული კოდი 06 01 02)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერადი ფულადი დახმარების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები
1. პროგრამა უზრუნველყოფს ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერად ფულად კომპენსაციას თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის, საქაშეთის და დოღლაურის, აგარის, ქ.გორის, ვარიანის მეურნეობის. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწმძღვრიაანთკარის ტელევიზიის I –II კორპუსებში, დიღმის ტურბაზის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში, გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით.
2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერადი ფულადი დახმარების მიზნით, თიღვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, შესაბამისი სახსრების განკარგვის უზრუნველსაყოფად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:
ა) 2016 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გასაცემ ფულადი დახმარების მოცულობას (ფულადი თანხის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);
ბ) 2016 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის შესაძენი თანხის გაცემა.
მუხლი 3🔗.
დახმარების მოცულობა
დახმარების მოცულობა შეადგენს ოჯახზე – 200 ლარს.
მუხლი 4🔗.
პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 29,0 (ოცდაცხრა ათასი) ლარის ოდენობით.
დანართი №3
ყოველ ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 06 01 03)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ახალშობილთა პირველადი სოციალური პირობების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან ახალშობილის მშობლები, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებისას მშობლების ქორწინება შეწყვეტილია ან ბავშვი დაიბადა მარტოხელა დედის მიერ, დახმარების მიმღებია მხოლოდ ბავშვის დედა.
მუხლი 3🔗.
დახმარების მოცულობა
დახმარების მოცულობა ყოველ ახალშობილზე შეადგენს 300 ლარს.
მუხლი 4🔗.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლებ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
მუხლი 5🔗.
პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16.500(თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
დანართი №4
80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 06 01 04)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია 80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან 80 წლისა და 80 წელს გადაცილებული პირები.
მუხლი 3🔗.
დახმარების მოცულობა
პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 200 ლარს.
მუხლი 4🔗.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების ან მისი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
მუხლი 5🔗.
პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 27.0( ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
დანართი №5
საახალწლოდ დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
დევნილი მოსახლეობის სურსათით საახალწლო დახმარების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები
თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:
ა) 2016 წლის 25 ნოემბრამდე შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი სასურსათო დახმარების მოცულობას (გადასაცემი სახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);
ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ოჯახებისთვის სურსათის მიწოდება.
მუხლი 3🔗.
პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 38 300.0 ( ოცდათვრამეტი ათას სამასი) ლარის ოდენობით.