საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2015
ძალაში შესვლა 04.01.2016
ძალის დაკარგვა 16.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №237
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №237
2015 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ოქტომბრის №142 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიგლა აგულაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში –
მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადამინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სააგენტოს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, სააგენტოს ლოგო და ასევე იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. სააგენტოს ლოგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0114, გ. გულუას ქ. №6
.
მუხლი 2🔗.
სააგენტოს ძირითადი მიზანი და ფუნქციები
1. სააგენტოს მიზანია ადამიანისა და გარემოს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა როგორც აწმყოში, ისე მომავალში.
2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განხორციელება;
გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ავტორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელება;
ე) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის, განხორციელებული ინსპექტირებების და რადიაციულ ინციდენტებზე რეაგირების უწყებრივი და პროფესიული დასხივების დოზების რეესტრის შექმნა და მათი წარმოება;
ზ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტის დაცვითი ზონების საზღვრების შეთანხმება;
თ) რადიოაქტიური ნივთიერებებისა და შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემის ფუნქციონირების კონტროლი;
ი) ბირთვული და რადიაციული ავარიებისა და ინციდენტებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმის მიხედვით, სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან ერთად, რადიაციული ავარიის გამოკვლევის ორგანიზება და ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული ავარიის შედეგად ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა;
მ) რადიაციული ავარიის შემთხვევაში სამინისტროსთვის შესაბამისი ანგარიშის მიწოდება საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად, ასევე შესაბამისი ანგარიშის მიწოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს რადიაციული ავარიის შედეგებმა;
ნ) საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად;
ო) ბირთვული მასალის აღრიცხვა, ანალიზი, კონტროლი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
პ) გარემოს რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების ანალიზი;
ჟ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვა და მოპყრობის უსაფრთხოებაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება ან/და მონაწილეობა;
ს) რადიოლოგიური გამოკვლევის შესახებ მომართვის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
ტ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
უ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში, შესაბამისი ეროვნული სტრატეგიებისა და ამ სტრატეგიების განსახორციელებელი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ქ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, რეგულირებიდან გათავისუფლების, ამოღების და ბირთვული და რადიაციული ობიექტის განთავსების ადგილის რეგულირებიდან გათავისუფლების დონეების განსაზღვრა;
ღ) გეგმური ინსპექტირების პროგრამის შემუშავება და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფა;
შ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებზე საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ც) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ანალოგიური პროფილის სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და უცხო ქვეყნების სამსახურებთან თანამშრომლობა;
ძ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;
წ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების გაწევა;
ჭ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება;
ხ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში –
მინისტრი).
2. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის მოადგილე.
4. სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და წარმართავს მის საქმიანობას;
ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე;
გ) დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის კანდიდატურას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, გარდა ამ პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს წახალისების საკითხებს და განსაზღვრავს დანამატის ოდენობას;
ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს;
თ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს, თანამდებობრივ სარგოებს, შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოს ფულად სახსრებს და სააგენტოს შემოსავლებს. კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, ფულადი სახსრებისა და ქონების მიზნობრივად და კანონიერად ხარჯვაზე;
კ) ხელს აწერს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობებს. ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ლ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს;
მ) სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;
ნ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ო) ამტკიცებს სააგენტოში სტაჟირების გავლის წესს;
პ) ამტკიცებს სააგენტოში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესს;
ჟ) შუამდგომლობს სააგენტოს თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
რ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ს) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული სამსახური;
გ) ავტორიზაციის სამსახური;
დ) ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახური.
მუხლი 5🔗.
რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი
1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი და იგი ანგარიშვალდებულია, მათ შორის, მინისტრის წინაშე.
2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი:
ა) წარმართავს რადიოაქტიური ნარჩენების დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) 6 თვეში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე;
დ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს დეპარტამენტის თანამშრომლებს;
ე)აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ)კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციების შესრულებისას რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით;
ბ) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაცია;
ვ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზება;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა;
თ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დადგენის/შეცვლის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ლ) რადიაოქტიური ნარჩენების მიმართულებით საექსპერტო დასკვნის მომზადება;
მ) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების რეესტრის წარმოება;
ნ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავში და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში არსებული ბირთვული მასალის აღირცხვის, კონტროლისა და ფიზიკური ინვენტარიზაციის განხორციელება;
ო) რადიოაქტიური ნარჩენების საცავში და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში არსებულ ბირთვულ მასალებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ეროვნული პასუხისმგებელი პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისათვის რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმების დადგენა;
ჟ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
რ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
ადმინისტრაციული სამსახური
ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზება;
ბ) საარქივო საქმიანობისწარმოების უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოს შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვა;
დ)სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების ნაწილში სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროსთვის და სახაზინო სამსახურისთვის წარსადგენად კვარტალური და წლიური საფინანსო/სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
ვ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ)სააგენტოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
თ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საკადრო რესურსების მართვისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამივლინებო დოკუმენტაციის გაფორმება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით, სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ორგანიზება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ნ) განცხადებების, სარჩელების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;
ო) სააგენტოს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;
პ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 7🔗.
ავტორიზაციის სამსახური
ავტორიზაციის სამსახურის ფუნქციებია:
ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვის გაცემასთან, გაუქმებასთან, გაცემაზე უარის თქმასთან და მასში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ბ) ავტორიზაციის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, პროფესიული დოზების უწყებრივი რეესტრის წარმოება;
გ) ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ბირთვული და რადიაციული ობიექტის პროექტის და მათში ცვლილებების შეთანხმება;
ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება და აღრიცხვა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 8🔗.
ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახური
1. ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განსახორციელებლად;
ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მოპყრობაზე კონტროლი;
დ) უსაფრთხოების შეფასების მიზნით დამოუკიდებელი კვლევების და ხარისხის კონტროლის განხორციელება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული ავარიების პრევენციის, შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით ავარიული მდგომარეობის შეფასება, ღონისძიებების დასახვა და კონტროლი;
ვ) გეგმური ინსპექტირების პროგრამის შემუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) ინსპექტირების, სააგენტოს თანამშრომლების პროფესიული დოზების და ინციდენტებზე რეაგირების რეესტრის წარმოება;
თ) ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე საობიექტო, ადგილობრივი და ეროვნული მზადყოფნისა და რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების პერიოდულ შემოწმებაზე ზედამხედველობა;
ი) ნებისმიერი რადიაციული ინციდენტისა და ავარიის კვლევის შედეგების ანალიზი მისი განმეორების თავიდან აცილების მიზნით;
კ) ავარიული მზადყოფნის ფორმატში საქმიანობის ობიექტებიდან მიღებული რადიაციული მონიტორინგის და გარემოს მონიტორინგის მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ლ) რადიაციული ავარიის კერის რადიოლოგიური შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
მ) დაზარალებულების დეკონტამინაციის და რადიაციული მონიტორინგის ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი;
ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე რეაგირება და კრიმინალური სცენის რადიაციული მონიტორინგი, ნივთმტკიცების პირველადი რადიოლოგიური შემოწმება;
ო) სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, პირველად რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
პ) შემოსულ ინფორმაციაზე (შეტყობინებებზე) რეაგირება;
ჟ) არალეგალური, მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება;
რ) არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებულ ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე და მასალებზე კონტროლის განხორციელება დადგენილი წესით;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ბირთვული და რადიაციული ავარიის, ინციდენტის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებას, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებენ ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლები.
მუხლი 9🔗.
სააგენტოს სამსახურის უფროსი
1. სააგენტოს სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ასრულებს სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილის დავალებებსა და მითითებებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;
დ) უფროსს წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე) პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 10🔗.
სააგენტოს ფულადი სახსრები
1. სააგენტოს შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს სააგენტოს უფროსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
მუხლი 11🔗.
სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗.
სააგენტოს ქონება
კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗.
სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 14🔗.
სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. სააგენტო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
მუხლი 15🔗.
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16🔗.
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.