„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/81
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში“ (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
2. ამ წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:
ა) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია;
ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც სამართალმცოდნეობაში;
გ) პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც.
3. პირი, რომელიც სავარაუდოდ ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
4. პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.“;
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით კანდიდატთა რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები არ მიიღება.“;
ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული სახით (დამოწმება არ მოითხოვება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში);“;
გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საგამოცდო ტესტის საკითხები თავისი სირთულის მიხედვით იყოფა სამ დონედ: მარტივი, საშუალო და რთული.“;
დ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1.
საექსპერტო კომისია
მუხლი 271. საექსპერტო კომისიის შექმნა და მისი უფლებამოსილება
1. საგამოცდო ტესტის (საგამოცდო ბილეთის) საკითხების შედგენის მეთოდოლოგიასა და მისი სირთულის დონის განსაზღვრას, საკითხების ბაზის მართვასა და საგამოცდო ტესტის (საგამოცდო ბილეთის) ფორმირებას ახორციელებს საექსპერტო კომისია.
2. საექსპერტო კომისია იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 12 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან 4 არის სისხლის სამართლის სპეციალისტი, 3 - სამოქალაქო სამართლის, 3 - ადმინისტრაციული სამართლის, 1 - საკონსტიტუციო სამართლის და 1 - საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. საექსპერტო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საექსპერტო კომისიის წევრთაგან ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. საექსპერტო კომისიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.
4. საექსპერტო კომისიის წევრის საქმიანობა ითვლება სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობად. საექსპერტო კომისიის წევრს უნდა გააჩნდეს კომისიის წევრის ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია, რაც დასტურდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატით.
5. საექსპერტო კომისიის წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების ერთნაირი რაოდენობა მიიღო, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო მეტი წევრის მიერ იყო დასახელებული, აქვს უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი, ან/და პრაქტიკული მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება.
6. საექსპერტო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 3 წელი. გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საექსპერტო კომისია საქმიანობას ახორციელებს საორგანიზაციო კომისიის შექმნიდან საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების დამტკიცებამდე.
7. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია. საექსპერტო კომისიის წევრს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს საგამოცდო ტესტის (საგამოცდო ბილეთის) შინაარსი.
8. საექსპერტო კომისიის წევრის საქმიანობა კომისიის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ანაზღაურებადია. საექსპერტო კომისიის წევრთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება საექსპერტო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება.“.
2. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს მიღებისთანავე.
3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის საგამოცდო ტესტის (საგამოცდო ბილეთის) საკითხების მომზადება ხდება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებით.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე