სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შპს ენგურჰესისა და შპს ვარდნილჰესების კასკადის მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საჯარო შესყიდვების შესახებ შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ შპს თბილსერვის ჯგუფის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება
№27
2015 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 82 პუნქტის, მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე
სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია, განსაზღვროს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის (შემდგომში – ხელოვნურად დაყოფა) გამოვლენის მეთოდოლოგია, წესი და პირობები.
2. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგისას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელოვნურ დაყოფას ავლენს წინამდებარე მეთოდოლოგიის გამოყენებით.
3. მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი).
მუხლი 2🔗. ხელოვნურად დაყოფის ცნება
1. ხელოვნურად დაყოფა არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების რაოდენობის ან მოცულობის შემცირება ან/და დაყოფა, ასევე სხვა ქმედება, რომლის მიზანია კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდება.
2. ხელოვნურ დაყოფად არ განიხილება შემთხვევები, როდესაც შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია:
ა) გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;
ბ) ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და, დადგენილი წესით, აიტვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა).
მუხლი 3🔗. რისკის მქონე შესყიდვები
ხელოვნურად დაყოფა შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება შემდეგი საშუალებებით:
ა) გამარტივებული შესყიდვა მონეტარული ზღვრის დაცვით;
ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერით, გარდა კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, რა დროსაც პირდაპირ მითითებულია შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განხორციელების შესახებ.
მუხლი 4🔗. ხელოვნურად დაყოფის გამოსავლენად საჭირო ინფორმაცია
ხელოვნურად დაყოფის გამოსავლენად, საჭიროა, სისტემიდან გენერირებულ იქნეს ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება შემდეგი მონაცემები:
ა) შესყიდვის/ხელშეკრულების რეგისტრაციის უნიკალური ნომერი;
ბ) კლასიფიკატორი (CPV კოდი);
გ) ხელშეკრულების დადების თარიღი;
დ) გამოყენებული შესყიდვის საშუალების დასახელება;
ე) შესყიდვის საფუძველი – გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში;
ვ) შესყიდვის დაფინანსების წყარო;
ზ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება;
თ) ხელშეკრულების ღირებულება.
მუხლი 5🔗. ხელოვნურად დაყოფის გამოვლენა
1. ამ მეთოდოლოგიის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების გამოყენებით, ხელოვნური დაყოფის გამოსავლენად, ამ მეთოდოლოგიის მე-3 მუხლში მითითებული შესყიდვის საშუალებებით დადებული ხელშეკრულება უნდა დაჯამდეს მის წინმსწრებ, იმავე დანაყოფის კოდზე გაფორმებული შემდეგი ხელშეკრულებების ჯამურ ღირებულებასთან:
ა) მონეტარული ზღვრის დაცვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
გ) ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
დ) კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ე) კონკურსის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ვ) გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ზ) გეოგრაფიული ფაქტორით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
თ) რაციონალური ხარჯვის პრინციპით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ი) წინასწარ უცნობი, ობიექტური პირობებით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელოვნური დაყოფა იარსებებს, თუ იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთ და იმავე დანაყოფის კოდზე:
ა) გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება 5 000 ლარს;
ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება 200 000 ლარს.
3. ხელოვნურ დაყოფად აგრეთვე ითვლება შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ არის ცნობილი იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთ და იმავე დანაყოფის კოდზე შესყიდვის აუცილებლობა, თუმცა, მიუხედავად ამისა:
ა) იგი, პირველ ეტაპზე, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს მონეტარული ზღვრის დაცვით, ხოლო მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ, იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ან ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას;
ბ) იგი, პირველ ეტაპზე, ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს, მონეტარული ზღვრის დაცვით, დებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერ(ებ)ის საშუალებით, ხოლო მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ, იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას.
მუხლი 6🔗. ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის დამხმარე მეთოდი
1. ხელოვნური დაყოფის გამოსავლენად, დამხმარე მეთოდის სახით, შესაძლებელია სარისკო შემსყიდველი ორგანიზაციების იდენტიფიცირება და მონიტორინგის რიგითობის დადგენა. ამ მიზნით, გენერირებულ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმების ჯამური ღირებულება და ამ ღირებულებიდან გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი;
ბ) კონკრეტული დანაყოფის კოდზე გათვალისწინებული თანხა და ამ თანხიდან გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი;
გ) რა ოდენობის დანაყოფის კოდი აქვს გათვალისწინებული კონკრეტულ შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში და, საშუალოდ, რამდენი დანაყოფის კოდს ითვალისწინებენ მსგავსი პროფილის სხვა შემსყიდველი ორგანიზაციები.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს უფრო სარისკოდ:
ა) რაც უფრო მაღალია სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის ჯამური ღირებულება და რაც უფრო ჭარბობს გეგმაში გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი;
ბ) რაც უფრო მეტია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების წილი ცალკეული დანაყოფის კოდებში;
გ) რაც უფრო მეტი დანაყოფის კოდი აქვს გათვალისწინებული შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში მსგავსი პროფილის სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებთან შედარებით;
დ) რაც უფრო მეტ დანაყოფის კოდში უახლოვდება შესყიდვისთვის განსაზღვრული თანხა კანონით დადგენილ მონეტარულ ზღვარს.