სს „იონის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 110210007067586
№2/15-2007 წელი
განჩინება
საქართველოს სახელით
2015 წლის 15 დეკემბერი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე
განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური
მოთხოვნა– გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განხილა სს ,,იონის’’ კრედიტორის შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის განჩინებით მოვალე სს ,,იონის’’ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით სს ,,იონის’’ მიმართ შეწყდა გაკოტრების საქმის წარმოება და საზოაგადოება გადავიდა რეაბილიტაციის რეჟიმზე და დღემდე აღნიშნული რეჟიმი არ შეცვლილა.
ამჟამად რეაბილიტაციის მმართველია მამუკა გაბეხაძე.
2015 წლის 1 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,იონის’’ კრედიტორმა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება შემდეგ გარემოებათა გამო: სს ,,იონის’’ რეაბილიტაციის გეგმა არ სრულდება, რომლითაც საწარმო კისრულობდა ვალდებულების პირველ რიგში სახელმწიფო დავალიანების დაფარვას, რაც არ იქნა შესრულებული, უფრო მეტიც, სს ,,იონის’’ საბიუჯეტო დავალიანება გაიზარდა, რითაც ფაქტობრივად შეწყვეტილია რეაბილიტაციის პროცესი. აღნიშნულინ გამომდინარე, ვინაიდან რეაბილიტაციის გეგმა არ სრულდება, არ ხდება კრედიტორების გასტუმრება, შესაბამისად უნდა შეწყდეს რეაბილიტაციის პროცესი და დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიურო.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმის მასალები და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესი შეწყდება, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის შეწყვეტის შესახებ, იმ მიზეზით, რომ რეაბილიტაციის გეგმა არ სრულდება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული განცხადებით რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, რეაბილიტაციის გეგმის იმ პუნქტების მითითებით, რომლებიც დარღვეულია განცხადების წარდგენის მომენტისათვის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრედიტორის (კრედიტორების) განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის გეგმის შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის შესახებ.
ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე განიხილოს გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.
დადგენილია, რომ სს ,,იონის’’ საერთო კრედიტორული დავალიანება შეადგენს 495258,42 ლარს.
შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტის მიხედვით, 2015 წლის 24 ნოემბრის მონაცემებით სს ,,იონის’’ დავალიანება შემოსავლების სამსახურის მიმართ შეადგენს 362 938.4 ლარს, რაც საერთო დავალიანების 50%-ზე მეტია.
შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია კრების მოწვევის გარეშე განიხილოს აღნიშნული საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში არ სრულდება რეაბილიტაციის გეგმა (რეაბილიტაციის გეგმის არშესრულება დაადასტურა რეაბილიტაციის მმართველმა მ. გაბეხაძემაც 2015 წლის 17 აგვისტოს კრედიტორთა კრებაზე ). ამჟამად რეაბილიტაციის გეგმასთან შედარებით გაზრდილია კრედიტორთა დავალიანება, რაც ადსტურებს, რომ არ ხორციელდება რეაბილიტაციის გეგმა და გეგმის შესაბამისად კრედიტორთა დავალიანების გასტუმრება. 50%-ზე მეტი ხმის უფლების მქონე კრედიტორი მხარს უჭერს რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტას, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას და გაკოტრების მმართველად ითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 52-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,იონის’’ მიმართ შეწყდეს რეაბილიტაციის პროცესი.
2. სს ,,იონის’’ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
3. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, განჩინების გადაცემიდან, ან გაცნობიდან 5 დღის განმავლობაში.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე