ამნისტიის შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4714-რს
სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.018053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 24 დეკემბერი 2015 წ. N4714-რს | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
ამნისტიის შესახებ
საქართველოს კანონი
ამნისტიის შესახებ
ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სწორი მონაცემების აღდგენის შესახებ საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ცხადდება ამნისტია და ამ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩამდენი პირები.
მუხლი 1🔗
1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება:
ა) პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 332-ე, 333-ე, 338-ე, 339-ე, 340-ე, 341-ე, 342-ე ან 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის ან ამ დოკუმენტებიდან რომელიმეს მსგავსი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ისეთი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, რომელიც საფუძვლად დაედო რომელიმე ზემოაღნიშნული დოკუმენტის გაცემას, თუ ამ დანაშაულის ჩადენისათვის მას ბრალი არ აქვს წაყენებული;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირზე;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირზე.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა ან/და რომელმაც ამ დანაშაულის 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ან შექმნილი ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი ამ კანონის ამოქმედებამდე გამოიყენა.
მუხლი 2🔗
1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ითვლება ნასამართლობის არმქონედ, აგრეთვე თავისუფლდება ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის მომენტამდე სახელმწიფოსგან მიღებული ფინანსური სარგებლის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის საფუძველზე მიღებული იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყოველთვიური შემწეობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიღებული ფინანსური დახმარების (გარდა იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში მიღებული სარგებლისა) სახელმწიფოსთვის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
2. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ნასამართლობის არმქონედ ითვლება:
ა) პირი, რომელმაც მოიხადა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი და რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს;
ბ) პირი, რომელიც ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელისაგან ამნისტიის აქტის საფუძველზე გათავისუფლდა და რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ ან/და აღსრულებულ ჯარიმაზე და ქონების ჩამორთმევაზე, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებულ/გადახდილ ჯარიმაზე.
მუხლი 3🔗
1. იმისათვის, რომ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირმა ისარგებლოს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიით, მან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განცხადება უნდა წარუდგინოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად პირი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბ მოწმობას, მან ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე განცხადება ამ პუნქტში მითითებულ ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე არ ვრცელდება.
3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში, ბინადრობის მოწმობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტში, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში, სხვა სამგზავრო დოკუმენტში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში ან/და სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემ სხვა ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს იმ დოკუმენტს, რომელში მითითებული მონაცემებიც არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ ნამდვილ მონაცემებს, და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას.
4. იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობაში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აუქმებს იმ დოკუმენტს, რომელში მითითებული მონაცემებიც არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ ნამდვილ მონაცემებს, და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებებს შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესწორების შესატანად.
5. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული სამინისტრო ამ პირის შესახებ სათანადო ინფორმაციას აწვდის სააგენტოს. თუ იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბი მოწმობა გაცემულია ყალბი დოკუმენტის − საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
6. თუ სააგენტოს ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პირის მიერ განცხადების ნებაყოფლობით წარდგენის გარეშე, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გაუგზავნოს.
7. თუ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი 2017 წლის 31 დეკემბრამდე ნებაყოფლობით არ წარადგენს განცხადებას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს.
მუხლი 4🔗
1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსასრულებლად გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსასრულებლად გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსასრულებლად გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/პრობაციის ბიურო.
4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.
მუხლი 5🔗
ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საქმის საგამოძიებო ორგანოსთვის განსახილველად გაგზავნის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 6🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ბრძანებები გამოსცენ ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში.
მუხლი 7🔗
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
24 დეკემბერი 2015 წ.
N4714-რს