საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი – „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – თემურ კახიძე და ანზორ თხილაიშვილი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2015 წლის 24 დეკემბერი
№150-უ.ს.რ.ს.
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 109-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.“.
2. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს გადაწყვეტილებას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
2016 წლის
№
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე – „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა ხდება საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. იგივე ვადა არის განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 152-ე მუხლის მე-4 პუნქტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიშის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის წარსადგენად. აღნიშნული საკანონმდებლო აქტებისაგან განსხვავებით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენას ითვალისწინებს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიშის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის შესაძლო ვადის გაზრდის გათვალისწინებით, ასევე მიზანშეწონილია, რომ გაიზარდოს ამ ანგარიშის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესაძლო ვადებიც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის მიზანია, ერთის მხრივ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის შესაბამისობაში მოყვანა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებთან, ხოლო მეორეს მხრივ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობისათვის მაქსიმალური ვადის გაზრდა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმადაც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიშის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის ვადად განისაზღვრება საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვე, ხოლო 111-ე მუხლში შესატანი ცვლილებით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის კანონმდებლობით დადგენილია – ივნისის ბოლო პარასკევი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის – ივნისის მესამე ხუთშაბათი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 109. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და წარუდგენენ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს არა უგვიანეს 15 თებერვლისა. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო, თავის მხრივ, ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
2. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.
მუხლი 111. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.