საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი – „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ კახიძე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2015 წლის 24 დეკემბერი
№153-უ.ს.რ.ს.
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „წარმომადგენლობითი ორგანო“ − საქართველოს პარლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;“.
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს/პრეზიდიუმს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება განეკუთვნება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს პარლამენტის ბიურო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურო/პრეზიდიუმი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წყვეტს პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პირი ლობისტად რეგისტრირებულად ჩაითვლება.“.
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს პარლამენტის აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აწარმოებს ლობისტთა რეესტრს, რომელშიც აისახება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) ცნობა ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ, მისი შეწყვეტის ფორმისა და საფუძვლის მითითებით.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტის აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია პირის ლობისტად რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უზრუნველყოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი მოწმობით.“.
4. მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ანგარიში წარედგინება იმ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომელმაც მოახდინა პირის ლობისტად რეგისტრაცია, და ინახება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ბოლო ანგარიშის წარდგენის დღიდან 2 წლის განმავლობაში.
5. ანგარიშის წარდგენის დღედ ითვლება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მისი ჩაბარების დღე. “.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
2016 წლის
N
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე – „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებთან მიმართებაში არსებული ვაკუუმი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის მიზანია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებში ლობისტური საქმიანობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ვინაიდან კანონის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი „წარმომადგენლობით ორგანოს“ კანონის მიზნებისათვის განმარტავს მხოლოდ საქართველოს პარლამენტს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს, გარდა აღნიშნულისა მიზანშეწონილია ხსენებული ტერმინი ასევე მოიცავდეს „ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს“.
პროექტის შესაბამისად, ცვლილება ასევე შედის კანონის მე-5, მე-9 და მე-13 მუხლებში, რომლებიც ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ლობისტის საქმიანობასთან და ლობისტის მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებულ ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ლობისტური საქმიანობა” – საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე ლობისტად რეგისტრირებული პირის (შემდგომში – „ლობისტი”) ისეთი ზემოქმედება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით;
ბ) „წარმომადგენლობითი ორგანო“ − საქართველოს პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;
გ) „აღმასრულებელი ორგანო“ − საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო;
დ) „საკანონმდებლო ცვლილება” – ნორმატიული აქტის მიღება ან ნორმატიული აქტის პროექტის შეცვლა ან უარყოფა.
მუხლი 5. ლობისტად რეგისტრაციის წესი
1. ლობისტად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ლობისტად რეგისტრაციის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისი სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, ნორმატიული აქტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტები), ნორმატიული აქტის პროექტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტები), რომლის მიღებით ან, შესაბამისად, შეცვლით ან უარყოფით დაინტერესებულია განმცხადებელი, აგრეთვე მისი საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომრები;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) დავალების ხელშეკრულება ლობისტური საქმიანობის განხორციელების შესახებ (შემდგომში – „დავალება”), რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე მის ზემოქმედებას;
დ) ცნობა მისი ნასამართლობის შესახებ.
2. თუ დავალებაში მარწმუნებლად წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე იურიდიული პირი, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ამ იურიდიული პირის წესდების (დებულების) და რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლები.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საბუთები წარედგინება:
ა) საქართველოს პარლამენტის ბიუროს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
გ1) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს მთავრობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1966).
4. საქართველოს პარლამენტის ბიურო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წყვეტს პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პირი ლობისტად რეგისტრირებულად ჩაითვლება.
5. პირის ლობისტად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობება ლობისტს და წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ლობისტის მიერ ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.
6. საქართველოს პარლამენტის აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აწარმოებს ლობისტთა რეესტრს, რომელშიც აისახება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) ცნობა ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ, მისი შეწყვეტის ფორმისა და საფუძვლის მითითებით.
მუხლი 9. წარმომადგენლობითი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისა და გადაადგილების უფლება
1. ლობისტს უფლება აქვს შევიდეს და გადაადგილდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, ამ ორგანოს საჯარო მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალურის გარდა) ფარგლებში.
2. საქართველოს პარლამენტის აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია პირის ლობისტად რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უზრუნველყოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი მოწმობით.
მუხლი 13. ლობისტის ანგარიშგება
1. ლობისტი ვალდებულია რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის პირველიდან ათ რიცხვამდე, აგრეთვე ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის დღიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში წარადგინოს ანგარიში, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) დავალებით გათვალისწინებული მიზნებისათვის მისთვის გადაცემული ფულადი თანხების, სხვა მატერიალური თუ არამატერიალური ფასეულობების შესახებ, ფულადი თანხის ოდენობის, სხვა მატერიალური თუ არამატერიალური ფასეულობის სახეობის, მათი გადაცემის თარიღისა და პირობების, აგრეთვე გადამცემი პირის მითითებით;
ბ) ლობისტის მიერ დავალების შესასრულებლად გაწეული ხარჯების შესახებ, მათი გაწევის მიზნის, თარიღისა და პირობების მითითებით.
2. ანგარიშს უნდა დაერთოს იმ დოკუმენტების ოფიციალური ასლები, რომლებიც ადასტურებს ანგარიშში მითითებულ მონაცემებს.
3. ანგარიშში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე პერიოდის მონაცემები.
4. ანგარიში წარედგინება იმ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომელმაც მოახდინა პირის ლობისტად რეგისტრაცია, და ინახება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ბოლო ანგარიშის წარდგენის დღიდან 2 წლის განმავლობაში.
5. ანგარიშის წარდგენის დღედ ითვლება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მისი ჩაბარების დღე.