სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საქმიანობის სპეციფიკასთან
დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (25)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | პროექტირება, ექსპერტიზა, ელექტრო ლაბორატორიის მომსახურება |
| 2 | ტრანსფორმატორების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება |
| 3 | სპეც.ტექნიკის შეკეთება, ტექნიკური მომსახურება |
| 4 | სპეც. ტექნიკის დაქირავება |
| 5 | სხვადასხვა სახის ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. |
| 6 | აღრიცხვის კვანძის კარადები |
| 7 | მრიცხველის ყუთები |
| 8 | სპეც.ტექნიკის სათადარიგო ნაწილები |
| 9 | ლითონის მილები, კუთხოვანები, არმირებული რკინა |
| 10 | სამშენებლო და ინერტული მასალები |
| 11 | სხვადასხვა სახის ელექტრო და მექანიკური მოწყობილობები და მათი ნაწილები |
| 12 | ლუქები და ბოქლომები |
| 13 | ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჯაჭვები, ბაგირები, ქუროები, შლანგები და ზამბარები/რესორები, საჭრელი ქვები. |
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| № | მომსახურების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №657
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2017 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო
1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ (შემდგომში –
საწარმო) საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. წესის მიზანია, საწარმოს მიერ სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეუფერხებლად გატარება, მისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და მოქმედება.
4. შესყიდვების განხორციელებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები და/ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს, მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. საქონლის/მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. შესყიდვების ძირითადი პრინციპები
საწარმოში შესყიდვების განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა;
ბ) რაციონალური არჩევანი;
გ) საჯაროობა და ტრანსფარენტულობა;
დ) პოტენციურ მონაწილეთა მიმართ შესაძლებლობათა გამოხატვის თანასწორი გარემო პირობების ფორმირება და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;
ე) საზოგადოებრივი ნდობის გარემოს ფორმირება;
ვ) ეკონომიკური ეფექტიანობა.
მუხლი 3🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია –
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება;
დ) საქონელი – წესის №1 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები;
ე) მომსახურება – წესის №2 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები;
ვ) შესყიდვების გეგმა – საწარმოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა;
ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას ან, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს ან მის ქონებას;
კ) ფასთა კოტირება – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის დასაშვებია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (შესყიდვის მოსაწვევი იგზავნება და პრეტენდენტის შეთავაზებები მიიღება ელექტრონული ფოსტით) ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად, ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენებაც;
ლ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;
მ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი;
ნ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი - „ტენდერი“);
ო) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა);
პ) ფასის კლების ბიჯი – ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით;
ჟ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;
რ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;
ს) ელექტრონული ვაჭრობა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც, პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
ტ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები;
უ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ფ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის საფუძველი;
ქ) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ღ) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება;
ყ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;
შ) მრავალწლიანი შესყიდვა – შესყიდვა, რომელიც გრძელდება 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეზე მეტი ვადით.
მუხლი 4🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები
1. საწარმო უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. საწარმო ვალდებულია:
ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი. შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა
1. საწარმო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საწარმოს დირექტორი.
2. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს დირექტორი.
3. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში, თუ მისი დაფინანსება ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში.
მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები და პროცედურები
1. შესყიდვის საშუალებებია: გამარტივებული შესყიდვა, ფასთა კოტირება და შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალების (მათ შორის, დასაშვებია შესყიდვის მოსაწვევის გაგზავნა და პრეტენდენტის შეთავაზებების მიღება ელექტრონული ფოსტით) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე, თუ:
ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს;
ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია;
გ) ისეთი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რაც აუცილებელია საწარმოს მიერ სხვა პირის დაკვეთით, აგრეთვე საქართველოს მთავრობის განკარგულებით;
დ) ადგილი აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.
3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს (გარდა, ფასთა კოტირებისა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა), აგრეთვე, თუ შესყიდვის ობიექტია ინტერნეტით გამოწერის გზით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. ასეთ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას, მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/სახელწოდება, ს/ნ), ხოლო ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
4. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა კოტირების საშუალებით, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება მეტია 100 000 ლარზე და არ აღემატება 200 000 ლარს.
5. ფასთა კოტირების საშუალებით შესყიდვისას, მოწვევა ფასთა კოტირებაში მონაწილეობისათვის წერილობით ეგზავნება არანაკლებ 2 სათანადო (წინასწარ შერჩეულ) პრეტენდენტს. მოწვევის გაგზავნა და ფასთა კოტირებაში მონაწილის შეთავაზების (ოფერტის) მიღება, ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენებზე. ფასთა კოტირებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს, შესასყიდ ობიექტზე წარსადგენ ინფორმაციაში, შესაძლებელია მოთხოვნილ იყოს ერთეულის და საერთო ფასების, მიწოდების ვადების, ადგილის, მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი ფირმის და სხვა სპეციფიკაციების მინიშნების აუცილებლობა, რაც განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, იღებს მოწვეული პირების გადაწყვეტილებებს მონაწილეობის თაობაზე და განაცხადებს.
7. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ფასთა კოტირების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესაბამისი საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამასთან, გამარტივებული შესყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე პირობებით, რა პირობებითაც იქნა წარმოებული არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ფასთა კოტირება.
8. ფასთა კოტირების საშუალებით, საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია, ფასთა კოტირებაში მონაწილეობის შესახებ მოსაწვევ წერილში, უთითებს შესყიდვის ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებას.
10. პრეისკურანტის საფუძველზე, ფასთა კოტირების ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ფასთა კოტირებაში მონაწილეობის შესახებ მოსაწვევ წერილში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული საქონლის ან/და მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.
11. პრეისკურანტში საქონლის ან/და მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში საქონლის ან/და მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
12. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გამოვლენილ მიმწოდებელთან.
13. ამ მუხლის მე-2-მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას.
მუხლი 7🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განმახორციელებელი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 (სამი) წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
მუხლი 8🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.
მუხლი 9🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 (ორი) დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით, თუ – მათ გარეშე;
თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
კ) ბიჯის ოდენობა;
ლ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე.
5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
მუხლი 10🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა, სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ე) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;
ვ) მითითებას, შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე, შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 11🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან, წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია, მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.
4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).
მუხლი 13🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი, შერჩევის პირველ ეტაპზე, ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს, მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ მონაწილე პრეტენდენტების მიერ ყველაზე დაბალ და მომდევნო ფასს შორის დაფიქსირებული სხვაობით გამოვლენილი ახალი გარემოება საფუძვლიან ეჭვს ბადებს, შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულების შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
მუხლი 14🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.
2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;
ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას, ამ წესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;
ე) თუ ის, ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;
ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს, წინადადების ვადის დასრულების დროისთვის, არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.
მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში წარდგენილი გარანტია
1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს საბანკო გარანტია, ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. გარანტია შესაძლებელია გაცემულ იქნეს, როგორც საბანკო, ისე სადაზღვევო დაწესებულების მიერ.
2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს.
3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.
4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:
ა) გამარჯვების შემდეგ, უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;
გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს, არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;
დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე.
მუხლი 16🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.
4. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, გამოიყენება ხელშეკრულების უზრუნველყოფის (შესრულების) გარანტირების მექანიზმი. გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს და არ უნდა იყოს 2 (ორი) პროცენტზე ნაკლები. გარანტირების მექანიზმი მოითხოვება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (გარდა, აკრედიტივის ფორმით ანგარიშსწორებისა). საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში, საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ წინასწარი ანგარიშსწორების თანხის ოდენობისა.
5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისაგან, შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ხარისხის და ცნობადობის გათვალისწინებით.
6. ხელშეკრულების შესრულების გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და საავანსო გადახდის გარანტიები, ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. გარანტია შესაძლებელია გაცემულ იქნეს, როგორც საბანკო, ისე სადაზღვევო დაწესებულების მიერ.
7. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
8. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდების, ხელშეკრულების და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.
მუხლი 17🔗. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით, შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა
1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით, შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.
3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს, მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
4. პრეისკურანტის საფუძველზე, ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
მუხლი 18🔗. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში.
2. შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია.
3. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის განხორციელების სხვა საშუალება.
მუხლი 19🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება (პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში არ მიეთითება შესყიდვის ობიექტის რაოდენობა);
გ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;
ე) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ან/და ეტაპობრივი ვადები და ადგილი;
ვ) საქონლის ან მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები);
თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);
ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;
კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;
ლ) ფორს-მაჟორული სიტუაციები;
მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა;
ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ო) დავების გადაწყვეტის წესი;
პ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები (არსებობის შემთხვევაში).
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე.
მუხლი 20🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია გამოყოფს შესაბამის პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი).
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;
ბ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება;
გ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება;
ე) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნი) ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, სუბკონტრაქტორების მიერ მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ინსპექტირება.
5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 21🔗. სასამართლო განხილვა და სამართალი
1. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით.
2. სასამართლოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 22🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საქმიანობის სპეციფიკასთან
დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი
№
საქონლის დასახელება
1
კაბელები, სადენები
2
რკინა-ბეტონის საყრდენები
3
საიზოლაციო მასალები
4
ტრანსფორმატორები ძალოვანი, დენის და ძაბვის
5
სატრანსფორმატორო ქვესადგურები
6
აღრიცხვის კვანძის კარადები
7
მრიცხველის ყუთები
8
სპეც.ტექნიკის სათადარიგო ნაწილები
9
ლითონის მილები, კუთხოვანები, არმირებული რკინა
10
სამშენებლო და ინერტული მასალები
11
სხვადასხვა სახის ელექტრო და მექანიკური მოწყობილობები და მათი ნაწილები
12
ლუქები და ბოქლომები
13
ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჯაჭვები, ბაგირები, ქუროები, შლანგები და ზამბარები/რესორები, საჭრელი ქვები.
დანართი №2
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საქმიანობის სპეციფიკასთან
დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი
№
მომსახურების დასახელება
1
პროექტირება, ექსპერტიზა, ელექტრო ლაბორატორიის მომსახურება
2
ტრანსფორმატორების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება
3
სპეც.ტექნიკის შეკეთება, ტექნიკური მომსახურება
4
სპეც. ტექნიკის დაქირავება
5
სხვადასხვა სახის ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.