თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/27641-15 (შპს "შ.პ.ს. ,,GEORGIAN METAL” -ის გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 27641-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
201 5 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი შპს ,,GEORGIAN METAL”
წარმომადგენელი ინგა გაბრიელიანი
მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,GEORGIAN METAL”-ის წარმომადგენლის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2015 წლის 25 დეკემბერს შპს ,,GEORGIAN METAL”-ის წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, შპს ,,GEORGIAN METAL”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
განმცხადებლის მითითებით, შპს ,,GEORGIAN METAL”-ის განცხადების შემოტანის დროისათვის გააჩნია დავალიანება 875 278,18 ლარის ოდენობით, საწარმოს არ აქვს ქონება და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებს და მიაჩნია, რომ შპს ,,GEORGIAN METAL”-ს უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის N49/12/3-01079894 ცნობით დადგენილია, რომ შპს ,,GEORGIAN METAL”-ის სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 388).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის N301944 ცნობით დადგენილია, რომ შპს ,,GEORGIAN METAL” არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (ს.ფ. 387).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 დეკემბრის N301729 ცნობით დადგენილია, რომ შპს ,,GEORGIAN METAL”-ის სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 386).
მოვალის ინფორმაციით საწარმოს დებიტორები არ ჰყავს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს ,,GEORGIAN METAL”-ს არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,GEORGIAN METAL”-ის (ს/ნ 404887397) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ შეუძლიათ მომართონ სასამართლოს შპს ,,GEORGIAN METAL”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი