შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მიღების თარიღი 13.05.2015
ძალაში შესვლა 04.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №61/8
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016365
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის
თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის
არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია კ ო ნ ვ ე ნ ც ი ა საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველოს მთავრობა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობა,
სურთ რა ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორმხრივი ეკონომიკური, კულტურული და მეცნიერული ურთიერთობები შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების გაფორმების გზით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.
მუხლი 2🔗
გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით და, ასევე, კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი;
(iii) ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”);
b) კვიპროსის რესპუბლიკის შემთხვევაში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) კორპორაციის მოგების გადასახადი;
(iii) რესპუბლიკის თავდაცვისათვის განკუთვნილი სპეციალური შენატანი;
(iv) გადასახადი კაპიტალის მატებიდან მიღებულ შემოსავალზე;
(v) უძრავი ქონების გადასახადი;
(შემდგომში „კვიპროსის გადასახადი”).
4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესებულია არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3🔗
ზოგადი განსაზღვრებები
1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს იურისდიქციასა და სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავის სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „კვიპროსი” ნიშნავს კვიპროსის რესპუბლიკას, რომელიც გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას მოიცავს ეროვნულ ტერიტორიას, ტერიტორიული წყლების ჩათვლით, ასევე ტერიტორიული წყლების მიმდებარე ნებისმიერ სივრცეს, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომლის მიმართაც, საერთაშორისო სამართლის და კვიპროსის ეროვნული სამართლის შესაბამისად, კვიპროსს შეუძლია განახორციელოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან კვიპროსს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემით ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო გემის და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) კვიპროსის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
i) ტერმინი „ნაციონალური პირი” ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს ან გაერთიანებას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე.
j) ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის საქმიანობის წარმართვას;
k) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა” მოიცავს პროფესიონალურ მომსახურებასა და დამოუკიდებელი ხასითის მქონე ნებისმიერ საქმიანობას.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისათვის, ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით.
მუხლი 4🔗
რეზიდენტი
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, რეგისტრაციის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და, ასევე, მოიცავს ამ სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებულ წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არცერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არცერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ეფექტური მართვის ადგილი.
მუხლი 5🔗
მუდმივი დაწესებულება
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ძირითადად მოიცავს:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს და
f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების, ან კვლევა-ძიებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი ან მათთან დაკავშირებული მაკონტოლებელი ხასიათის მქონე საქმიანობა, მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ სამუშაოები ამგვარ მოედანზე, ობიექტზე ან მაკონტროლებელი საქმიანობა გრძელდება ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.
6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში თავის საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.
მუხლი 6🔗
შემოსავალი უძრავი ქონებიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს „უძრავი ქონება” აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.
მუხლი 7🔗
მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შეძენის საფუძველზე.
5. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.
მუხლი 8🔗
საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
1. საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემების და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებულ შემოსავალი მოიცავს:
a) საზღვაო გემების ან საჰაერო ხომალდების ეკიპაჟითა და სრული აღჭურვილებით (სამუშაო დრო ან რეისი) გაქირავებით მიღებულ შემოსავალს;
b) საზღვაო გემებისა ან საჰაერო ხომალდების ეკიპაჟისა და სრული აღჭურვილობით გაქირავებით მიღებულ შემოსავალს;
c) კონტეინერების (მათ შორის, ტრაილერების, ბარჟებისა და ანალოგიური აღჭურვილობის, რომელიც განკუთვნილია კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის) გამოყენებით, შენახვით ან გაქირავებით მიღებულ შემოსავალს.
3. ამ მუხლის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.
მუხლი 9🔗
ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,
და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და, შესაბამისად, გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.
მუხლი 10🔗
დივიდენდები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
ეს პუნქტი არ გავრცელდება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრაზე, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ტერმინი “დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალე მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
4. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როცა ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. გადასახადით არ დაიბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.
მუხლი 11🔗
პროცენტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადახდილია პროცენტი, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
4. პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად ჩაითვლება, თუ გადამხდელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა, ამასთან ამ პროცენტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოქმნილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.
5. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 12🔗
როიალტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი როილტი დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს როიალტის ბენეფიციური მფლობელი.
2. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, მათ შორის კინემატოგრაფიული ფილმების, კომპიუტერული უზრუნველყოფის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულება არ გამოიყენება თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
4. როიალტი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როცა გადამხდელია ამ სახელმწიფოს მთავრობა, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ან ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.
5. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗
შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
4. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
მუხლი 14🔗
შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
1. ამ შეთანხმების მე-15, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივ დაწესებულებიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებით მუშაობისათვის მიღებული ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში.
მუხლი 15🔗
დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან სხვა მსგავსი ორგანოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 16🔗
ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
1. ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ვრცელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ვიზიტი ამ სახელმწიფოში ხორციელდება სრულად ან ძირითადად ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სახელმწიფო სახსრებით. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი.
მუხლი 17🔗
პენსიები
ამ შეთანხმების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, წარსულში დაქირავებით შრომასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 18🔗
საჯარო სამსახური
1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიების გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკური პირს ამ სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიმართ გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებებისა, ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ამ სახელმწიფოს, მისი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ასეთი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.
3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
მუხლი 19🔗
პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერი მუშაკები
პროფესორის, მასწავლებლის ან მეცნიერი მუშაკის მიერ, რომელიც წარმოადგენდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს უშუალოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩასვლამდე, საგანმანათლებლო საქმიანობის ან კვლევითი სამუშაოების, განსახორციელებისას მიღებული შემოსავალი უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლასა და სხვა მსგავს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში, არაუმეტეს 2 წლის პერიოდის განმავლობაში, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. მიუხედავად ამისა, ამ მუხლის დებულება ვრცელდება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ამ მიზნებისათვის პირის პირველად ჩამოსვლიდან არაუმეტეს 2 წლის პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 20🔗
სტუდენტები
ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ იბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
მუხლი 21🔗
სხვა შემოსავლები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებით ხდება შემოსავლის გადახდა, მჭიდროდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
მუხლი 22🔗
კაპიტალი
1. კაპიტალი, წარმოდგენილი ამ შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების ფლობაში არსებულ ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლოატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 23🔗
ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს კვიპროსზე, საქართველო დაუშვებს:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც კვიპროსზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც კვიპროსზე კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. კვიპროსის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
კვიპროსის გადასახადებში უცხო ქვეყნის გადასახადების ჩათვლასთან დაკავშირებით კვიპროსის კანონმდებლობის გათვალისწინებით, როდესაც, ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი ან კაპიტალი ირთვება კვიპროსის დასაბეგრ ბაზაში, ამ შემოსავალზე და კაპიტალზე საქართველოში გადახდილი გადასახადი, გამოიქვითება შესაბამის შემოსავალზე და კაპიტალზე კვიპროსზე გადასახადის გადახდისას. ამასთან, ასეთი გამოქვითვა, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს კვიპროსზე.
მუხლი 24🔗
დისკრიმინაციის თავიდან აცილება
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. მოქალაქეობის არმქონე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პირები, არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებში დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომელსაც იგი გამოიყენებდა ანალოგიურ გარემოებებში მყოფ ნაციონალური პირის, რეზიდენტობის სტატუსის გათვალისწინებით, მიმართ.
3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იმავე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ეკუთვნის ან კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადებზე.
მუხლი 25🔗
ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია, მისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და დამოუკიდებლად არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროის რეგლამენტის მიუხედავად.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ შეუძლიათ აგრეთვე ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებზეც.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი, ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.
მუხლი 26🔗
ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით ხელშემკვრელი სახელმწიფოების პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordre public).
4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.
5. მე-3 პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.
მუხლი 27🔗
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები
ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 28🔗
ცვლილებები
ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ეს ცვლილებები ძალაში შევა ამ შეთანხმების 29-ე მუხლის დებულებების შესაბამისად, თუ სხვა რამ არ იქნა შეთანხმებული ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ.
მუხლი 29🔗
ძალაში შესვლა
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს წერილობით აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
2. ამ შეთანხმების დებულებები ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმოქმედებენ:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული ან დარიცხული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ კალენდარულ წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
მუხლი 30🔗
მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული ან დარიცხული იქნა მოსული შეტყობინებიდან წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება წერილობითი შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრის შემდგომ.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2015 წლის 13 მაისს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
-----------------------------------
ნოდარ ხადური
ფინანსთა მინისტრი
კვიპროსის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
-----------------------------------
ჰარის გეორგიადესი
ფინანსთა მინისტრი
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროს ორივე მხარე შეთანხმდა, რომ აღნიშნული ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:
26-ე მუხლის „ინფორმაციის გაცვლა” მიმართ:
1. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო აგზავნის მოთხოვნას ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 26-ე მუხლის საფუძველზე, იგი ვალდებულია მოთხოვნაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
a) ძიებას დაქვემდებარებული პირის პირადი მონაცემები;
b) ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაციის სახეობა და მთხოვნელი მხარისათვის მიწოდების ფორმა;
c) ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაციის საგადასახადო საფუძველი;
d) საფუძველი, რომ ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაცია შესაძლოა მოპოვებულ იქნეს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ან მფლობელობაში არის ან ექვემდებარება თხოვნის მიმღები მხარის რეზიდენტი პირის კონტროლს;
e) პირის სახელი და მისამართი, რომელიც შესაძლოა ფლობდეს ძიებას დაქვემდებარებულ ინფორმაციას;
f) მტკიცებულება, რომ ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაცია თანხმობაში მოდის თხოვნის წარდგენის მხარეს კანონმდებლობსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან. თუ ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაციის მიმართ, თხოვნის წარმდგენი სახელმწიფო თავიანთ იურისდიქციას ახორციელებდა, ამ შემთხვევაში ამ სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებება ვალდებულია, თხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის, ამ შეთანხმების დებულებათა ან ადმინისტრაციული გამოცდილების გათვალისწინიებით, მოიპოვოს ინფორმაცია;
g) მტკიცებულება, რომ თხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ ამოწურა მის ტერიტორიაზე არსებული ყველა წყარო ინფორმაციის მოსაპოვებლად, გარდა იმისა, რომელიც დამატებით სირთულეებს წარმოქმნიდა;
2. ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაციის მიწოდება არ უნდა განხორციელდეს, სანამ თხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს არ გააჩნია ურთიერთდახმარების დებულება ან/და იყენებს 26-ე მუხლის დებულებათა მიმართ შესაბამის ადმინისტარციულ პრაქტიკას.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2015 წლის 13 მაისს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
------------------------------------
ნოდარ ხადური
ფინანსთა მინისტრი
კვიპროსის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
-----------------------------------
ჰარის გეორგიადესი
ფინანსთა მინისტრი