შეთანხმება საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მიღების თარიღი 13.05.2015
ძალაში შესვლა 28.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №69/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016366
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) | ისლანდიის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის
შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
შეთანხმება
საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველო და ისლანდია,
სურთ რა, შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
მუხლი 2🔗
გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”).
b) ისლანდიის შემთხვევაში:
(i) სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადი (tekjuskattar rikissjods);
(ii) მუნიციპალური საშემოსავლო გადასახადი (utsvar til sveitarfelaganna);
(შემდგომში „ისლანდიის გადასახადი”).
4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3🔗
ზოგადი განსაზღვრებები
1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „ისლანდია” ნიშნავს ისლანდიას და გეოგრაფიული მნიშვნელობის გამოყენებისას აღნიშნავს ისლანდიის ტერიტორიას, მისი ტერიტორიული ზღვის და ტერიტორიული ზღვის გარშემო ნებისმიერი სივრცის ჩათვლით, რომლის მიმართაც ისლანდია ახორციელებს იურისდიქციასა და სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ზღვის ფსკერს, წყლებს მათ ზემოთ და მათ ბუნებრივ რესურსებს;
c) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
d) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
e) ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;
f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ისლანდიას, კონტექსტის შესაბამისად;
h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ეფექტური მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
(ii) ისლანდიის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მინისტრის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
j) ტერმინი „ნაციონალური პირი" ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა ან ეროვნება; და
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან გაერთიანებას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;
k) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა" მოიცავს პროფესიულ მომსახურებასა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ნებისმიერ საქმიანობას.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით.
მუხლი 4🔗
რეზიდენტი
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოსა და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ეფექტური მართვის ადგილი.
მუხლი 5🔗
მუდმივი დაწესებულება
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ძირითადად მოიცავს:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს და
f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a) - e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.
6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.
მუხლი 6🔗
შემოსავალი უძრავი ქონებიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს „უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები და ნავები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.
მუხლი 7🔗
მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით; ამასთან, განაწილების მეთოდი უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი შესაბამისობაში მოდიოდეს ამ მუხლის პრინციპებთან.
5. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შეძენის საფუძველზე.
6. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.
მუხლი 8🔗
საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი.
2. თუ სანაოსნო საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ სახელმწიფოში მდებარედ, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გემის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.
მუხლი 9🔗
ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,
და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არარსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.
მუხლი 10🔗
დივიდენდები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:
a) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელი არის კომპანია (ამხანაგობის გარდა), რომელიც პირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 25 პროცენტს;
b) დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს, ყველა სხვა შემთხვევაში.
ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ შეზღუდვების გამოყენების საკითხს. ეს პუნქტი არ გავრცელდება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრაზე, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „დივიდენდები” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.
მუხლი 11🔗
პროცენტი
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი პროცენტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიშობა, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.
3. მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი დაიბეგრება მხოლოდ იმ მეორე სახელმწიფოში, თუ მიმღები არის ამგვარი პროცენტის ბენეფიციური მფლობელი და მას იღებს:
a) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო;
b) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ან ეროვნული ბანკი;
c) სხვა ნებისმიერი სამთავრობო დაწესებულება, პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ინსტიტუტი, რაც დაითქმება და შეთანხმდება გაცვლილ წერილებში ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ.
4. ტერმინი „პროცენტი” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
6. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.
7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 12🔗
როიალტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი როიალტი შეიძლება ასევე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო თანხის 5 პროცენტს. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგენენ ამ შეზღუდვების რეჟიმს.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
5. როიალტი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როდესაც გადამხდელია ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გადამხდელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.
6. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗
შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
5. მე-4 პუნქტის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების უფლებაზე დაბეგრონ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე, კომპანიის აქციების ან უფლებების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, კაპიტალი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ დანაწევრებულია აქციების სახით და რომელიც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, მიღებული ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია და პირველად ხსენებულ სახელმწიფოში რეზიდენტი იყო, აქციების ან უფლებების გასხვისებამდე სამი წლის განმავლობაში.
მუხლი 14🔗
შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
1. მე-15, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
მუხლი 15🔗
დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 16🔗
ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
1. მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. პირველი და მე-2 პუნქტის დებულებები არ ვრცელდება სპორტსმენის ან ხელოვნების მუშაკის მიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ვიზიტი ამ სახელმწიფოში ხორციელდება სრულად ან ძირითადად ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სახელმწიფო სახსრებით. ასეთ შემთხვევაში, შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის სპორტსმენი ან ხელოვნების მუშაკი.
მუხლი 17🔗
პენსიები
ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის გადახდილი პენსიები, სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და სხვა მსგავსი ანაზღაურება, შეიძლება დაიბეგროს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.
მუხლი 18🔗
საჯარო სამსახური
1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ასეთი პენსია დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.
3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, სხვა მსგავს ანაზღაურებასა და პენსიებზე.
მუხლი 19🔗
სტუდენტები
1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ ამგვარი ანაზღაურების წარმოშობის წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში პერიოდში ან პერიოდებში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა მოცემული საგადასახადო წლის განმავლობაში არ აღემატება 183 დღეს, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამგვარი მუშაობა პირდაპირ უკავშირდება მის სწავლას ან პრაქტიკის გავლას პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.
მუხლი 20🔗
სხვა შემოსავლები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, რეალურად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
მუხლი 21🔗
ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ისლანდიაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ისლანდიაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
1. a) როდესაც ისლანდიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ისლანდია დაუშვებს, ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ასეთი გამოქვითვა, ამასთან, არ უნდა აღემატებოდეს საშემოსავლო გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოანგარიშებული იყო გამოქვითვამდე და რომელიც დაკავშირებულია შემოსავალთან, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ისლანდიაში.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ისლანდიის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია ისლანდიაში, ამის მიუხედავად, ისლანდიას შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
მუხლი 22🔗
დისკრიმინაციის აკრძალვა
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით.
3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოთა დაბეგვრა. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები გაათავისუფლოს გადასახადისგან, მიანიჭოს საგადასახადო შეღავათი ან შეუმციროს გადასახადი მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ვრცელდება ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. მიუხედავად მე-2 მუხლის დებულებებისა, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებზე.
მუხლი 23🔗
ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.
მუხლი 24🔗
ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამ პუნქტების მიუხედავად, ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებისთვისაც, თუ ორივე სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასეთი სხვა მიზნებისათვის და მიმწოდებელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუშვებენ მის გამოყენებას.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordere public).
4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.
5. მე-3 პუნქტის დებულებები, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.
მუხლი 25🔗
დახმარება გადასახადების აკრეფაში
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები გადასახადების მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას. ეს დახმარება არ შემოიფარგლება პირველი და მე-2 მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების გზით დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენება.
2. ტერმინი „საგადასახადო მოთხოვნა” ამ მუხლში გამოყენებისას, ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახის გადასახადებთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებას, იმ პირობით, რომ ასეთი გადასახადები არ მოდის წინააღმდეგობაში კონვენციის დებულებებთან ან ნებისმიერ სხვა შეთანხმებასთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე როგორც პროცენტი, ადმინისტრაციული ჯარიმები და ამ ვალდებულებების ამოღებისა და შესრულების დროს გაწეული ხარჯები.
3. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებული მოთხოვნა ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უნდა იყოს განხორციელებული და ეს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება პირს, რომელიც სხვა სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი ხელი შეუშალოს ამ საგადასახადო ვალდებულების ამოღებას, მაშინ ასეთი ვალდებულება მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით, ამოღებული იქნება სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. სხვა სახელმწიფო წარადგენს ამ საგადასახადო დავალიანებას მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება ამ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით.
4. საგადასახადო მოთხოვნა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, მიღებული უნდა იქნეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური უწყების მიერ შესაბამისი აღსრულების მეთოდების გამოყენებისთვის, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს მოთხოვნას, როდესაც სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით ვალდებულია გამოიყენოს საგადასახადო აღსრულების მეთოდები მის შესასრულებლად. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, გამოიყენებს საგადასახადო აღსრულების ისეთ მეთოდებს, რომელსაც იგი გამოიყენებდა ამ სახელმწიფოში წარმოშობილი საგადასახადო მოთხოვნის შესასრულებლად, მიუხედავად იმისა, თუ იმ დროისათვის, როდესაც გამოყენებული იქნა ამგვარი მეთოდები, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ეს საგადასახადო მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა საგადასახო აღსრულების მეთოდების გამოყენებას, ან ეხებოდა პირს, რომელსაც უფლება ჰქონდა მისი შესრულებისათვის ხელი შეეშალა.
5. მიუხედავად მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებებისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად მიღებული საგადასახადო ვალდებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ ექვემდებარება დროში შეზღუდვას ან არ მიენიჭება რაიმე უპირატესობა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, მისი შინაარსიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მიღებულ საგადასახადო მოთხოვნას ამ სახელმწიფოს მიერ არ მიენიჭება არავითარი პრიორიტეტი მეორე სახელმწიფოში, ამ პირველად ხსენებულ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით.
6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის წარმოქმნის, ხანდაზმულობის და მისი თანხის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული გამოძიება წარმოებული უნდა იქნეს ამ სახლემწიფოს სასამართლოს ან მის ადმინისტრაციულ უწყებაში. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ანიჭებს რაიმე უპირატესობას ან წარმოქმნის დამატებით უფლებას წარმართოს გამოძიება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული უწყების წინაშე.
7. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 და მე-4 პუნქტის გათვალისწინებით მეორე სახელმწიფოს მიმართავს საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე, და მანამდე, სანამ მეორე მხარე ამ მოთხოვნას შეასრულებს და გადასცემს პირველ სახელმწიფოს, ეს საგადასახადო მოთხოვნა აღარ განიხილება:
a) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო მოთხოვნის მიწოდების შემთხვევაში, პირველად ხსენებული სახელმწიფოს მოთხოვნა ამ საგადასახადო მოთხოვნის აღსრულების თაობაზე ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმებით იქნება განხორციელებული და ეხება პირს, რომელსაც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით არ შეუძლია ხელი შეუშალოს საგადასახადო მოთხოვნის; ან
b) მე-4 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის მიმართ, პირველად ხსებენულ სახელმწიფოს, საგადასახადო მოთხოვნის შესასრულებლად, მისი კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლია გამოიყენოს საგადასახადო აღსრულების მეთოდები.
პირველად ხსენებულმა სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მეორე სახელმწიფოს ამ ფაქტის შესახებ და მეორე სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე უნდა შეწყვიტოს ან გადაავადოს მოთხოვნის შესრულება.
8. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს წარმოქმნის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ვალდებულებას:
a) განახორციელოს ადმინისტრაციული ზომები, რომელიც წინააღმდეგობაშია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ გამოცდილებასთან;
b) განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საზოგადოებრივ ინტერესებთან;
c) უზრუნველყოს დახმარება, თუ მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ საგადასახადო ვალდებულების შესასრულებლად ან აღსასრულებლად არ მოიმოქმედა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით გათვალისწინებული ზომები;
d) უზრუნველყოს დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს ადმინისტრაციული მოთხოვნა აშკარად არათანაზომიერია იმ სარგებლის მიმართ, რომელიც წარმოიშვება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
მუხლი 26🔗
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები
ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების ან ცალკეული შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 27🔗
ძალაში შესვლა
1. თოთოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით აცნობებს ერთმანეთს ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე, უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღეს. ეს შეთანხმება იმოქმედებს:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
b) შემოსავალებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
მუხლი 28🔗
მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებულ იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
b) შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2015 წლის 13 მაისს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ისლანდიურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
სახელით
(ხელმოწერილია)
ისლანდიის
სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
ისლანდიასა და საქართველოს შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:
ამ შეთანხმებასთან მიმართებაში:
საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები” ან ,,ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ ნიშნავს ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს და ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”.
რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2015 წლის 13 მაისს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ისლანდიურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
სახელით
(ხელმოწერილია)
ისლანდიის
სახელით
(ხელმოწერილია)