1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a)  ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი „ისლანდია” ნიშნავს ისლანდიას და გეოგრაფიული მნიშვნელობის გამოყენებისას აღნიშნავს ისლანდიის ტერიტორიას, მისი ტერიტორიული ზღვის და ტერიტორიული ზღვის გარშემო ნებისმიერი სივრცის ჩათვლით, რომლის მიმართაც ისლანდია ახორციელებს იურისდიქციასა და სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ზღვის ფსკერს, წყლებს მათ ზემოთ და მათ ბუნებრივ რესურსებს;

c)  ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

d)   ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;

e) ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;

f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი  სახელმწიფოს  საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g)  ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ისლანდიას, კონტექსტის შესაბამისად;

h)  ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას  საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ეფექტური მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

i)  ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

(ii) ისლანდიის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მინისტრის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

j)  ტერმინი „ნაციონალური პირი" ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა ან ეროვნება; და

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან გაერთიანებას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;

k)  ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა" მოიცავს პროფესიულ მომსახურებასა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ნებისმიერ საქმიანობას.

2.  ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები