შპს „თელი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/23053-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2016 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს ,,თელი’’ (ს/კ 240892735)
წარმომადგენელი: მალხაზ ალბორაშვილი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,თელის’’ (ს/კ 240892735) დირექტორმა მალხაზ ალბორაშვილმა და მოითხოვა შპს ,,თელის’’ (ს/კ 240892735) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ საწარმო წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს და 2015 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით კრედიტორთა ჯამური მოთხოვნა შპს ,,თელის’’ მიმართ შეადგენს 119 295 ლარს. ის დღეისათვის არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაციის უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს მხოლოდ სსიპ – შემოსავლების სამსახური. საწარმოს სხვა კრედიტორები არ ჰყავს. ორგანიზაციის სახელფასო დავალიანება სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ შეადგენს 119 295 ლარს. საწარმო ამჟამად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს ,,თელის’’ (ს/კ 240892735) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,თელს’’ (ს/კ 240892735) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს ,,თელის’’ (ს/კ 240892735) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 18 ნოემბერს. სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2015 წლის 18 ნოემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ,,თელის’’ (ს/კ 240892735) კრედიტორს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ის გარემოება, რომ შპს ,,თელის’’ (ს/კ 240892735) კრედიტორმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ,,თელის’’ (ს/კ 240892735) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,თელი’’ (ს/კ 240892735) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს ,,თელს’’ (ს/კ 240892735) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალემ.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე