„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2016 წლის 25 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N01 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge; 16.07.2014წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016179) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მუხლი 1271:

„მუხლი 1271. მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში

1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისათვის აუცილებელი პროექტებისა და ინფორმაციის წარდგენა საერთო კრებისათვის, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების  დებულების დამტკიცების შესახებ“ და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან:

ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე (თავმჯდომარეობაზე) უფლებამოსილ პირს;

ბ) დასახლების საერთო კრებას დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე;

გ) უზრუნველყონ დასახლებათა საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, მატერიალურ–ტექნიკური მხარდაჭერა;

დ) საერთო კრების მიერ შეთავაზებული საკითხის განხილვამდე, 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული.“;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მუხლი 1272:

„მუხლი 1272. დასახლების საერთო კრების მოწვევის და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება

დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების  დებულების დამტკიცება;

ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა;

გ) საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეტარიელ ბაკურაძე