„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.127.016199
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2016 წლის 27 იანვარი

ქ. ზესტაფონი     

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილების (სსმ. ვებგვერდი, 15/07/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.127.016114) №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები და 1351 მუხლი, XIX და XX თავი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 1351. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისათვის აუცილებელი პროექტებისა და ინფორმაციის წარდგენა საერთო კრებისთვის, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით  „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან:

ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე (თავმჯდომარეობაზე) უფლებამოსილ პირს;

ბ) დასახლების საერთო კრებას დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე;

გ) უზრუნველყონ დასახლებათა საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;

დ) საერთო კრების მიერ შეთავაზებული საკითხის განხილვამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული.

3. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება.

დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულების დამტკიცება;

ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა;

გ) საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა.“

 „თავი  XIX.  პეტიცია

მუხლი 138. პეტიციის ცნება

1. პეტიცია წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა წერილობით ან ელექტრონულ მიმართვას.

2. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

3. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.

მუხლი 139. პეტიციის წარდგენის უფლება

პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს.

გ) დასახლების საერთო კრებას (შემდგომ - საერთო კრება).

მუხლი 140. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეკვიზიტები

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამის განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, XIX თავის 138-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, XIX თავის 138-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, XIX თავის 138-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. XIX თავის 139-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას, რომელიც უნდა შეიცავდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

2. საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში - რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, XIX თავის 138-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, XIX თავის 138-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, XIX თავის 138-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 141.  პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, ამ თავით განსაზღვრულ საკითხებზე, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

2. XIX თავის 139-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენისას:

ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის წარმდგენ სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს გადასცემს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.

ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ბლანკებს, რომელიც უნდა შეიცავდეს მხარდამჭერის სახელის და გვარის, დაბადების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომრის, რეგისტრაციის ადგილის, ხელმოწერის თარიღს და ხელმოწერას;

გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება;

ე) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის და შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების XIX თავის 139–ე  მუხლის პირველი პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ოდენობის ხელმოწერათა შეგროვება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;

ვ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს პეტიციას და 7 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას;

ზ) ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ზ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ზ.გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

ზ.დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას;

ზ.ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ზ.ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ.ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

ზ.თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ზ.ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.

თ) თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 10%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 10 კალენდარული დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.

ი) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით, 5 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

3. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება XIX თავის 139–ე  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ შემთხვევაში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი მხოლოდ საერთო კრების ოქმის ნამდვილობას ამოწმებს.

მუხლი 142. პეტიციის გამოქვეყნება

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი უზურუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას პროაქტიულად, როგორც ელექტრონული ასევე ბეჭდური ფორმით, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

2. პეტიცია ქვეყნდება ბეჭდური ფორმით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოყოფილ განცხადებების დაფაზე და დასახლებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ელექტრონული ფორმით პეტიცია ქვეყნდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ან/და მის მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 143. პეტიციის განხილვისთვის მომზადება  

1. XIX თავის 138-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.  

2. XIX თავის 138-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

მუხლი 144. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას XIX თავის   143-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) XIX თავის 138-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;  

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

2. მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის პეტიციის გაგზავნის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

3. XIX თავის 143-ე  მუხლის და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს.

4. პეტიციის ინიციატორებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და მდებარეობა 1 კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ.

მუხლი 145. პეტიციის განხილვა

1. XIX თავის 144-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. XIX თავის 144-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

3. XIX თავის 144–ე  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც იგი ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია განიხილოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ, უფლებამოსილების შესაბამისად, გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

6. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

მუხლი146. პეტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

1. პეტიციის განხილვის შემდეგ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის განხილვასთან დაკავშირებულ განცხადების წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

თავი XX. დასკვნითი დებულებები

მუხლი 147. საკრებულოს რეგლამენტის მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

2. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;

გ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ინიციატივით;

დ) პეტიციის წესით.

3. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.“

მუხლი 2
ეთხოვოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკის ფორმის დამტკიცება.
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე ეთხოვოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ტარიელ თურარაშვილს.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე