თბლისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს „სანის" კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1076-14
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში
სხდომის დანიშვნის შესახებ
2016 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სანის” (ს/კ 220016113) გადახდისუუნარობის საქმესთან მიმართებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა-მოწვევის საკითხი და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლო მოვალე შპს „სანის” მიმართ აწარმოებს გადახდისუუნარობის საქმეს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ. იგივე კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების დანაწესთა თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე სათითაოდ და თანმიმდევრულად განხილვის გზით კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო. ამ წარმოების ფარგლებში კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარდა სხდომა, თუმცა კრედიტორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების, კერძოდ, წარმოდგენილი კრედიტორული მოთხოვნების სრულყოფილი განხილვა ვერ მოხერხდა კრედიტორთა სიმრავლის გამო. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის აუცილებელია შპს „სანის“ კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით და დამახასიათებელია კრედიტორთა პირველი კრებისათვის.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 23-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დაადგინა :
1. შპს „სანის“ (ს/კ 220016113) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხომა შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხსენების მოსმენა და ანალიზი;
ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;
გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
2. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 5 თებერვალი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სხდომის დარბაზი №23) 1200 (თორმეტი) საათზე.
3. ამ განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ - სსიპ - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაუგვიანეს 2016 წლის 28 იანვრისა. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
4. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვე სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე