ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.02.2016
ძალის დაკარგვა 01.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 02.08.2011
დოკუმენტის ტექსტი
ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №2
2016 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და 66-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის ბანკნოტების/ მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის საკოლექციოდ ან/და სხვა საჭიროებისათვის რეალიზაციის წესებსა და პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემიდან ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასის გაანგარიშების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და რეალიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
3. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს სერტიფიკატების შესაბამის სტანდარტიზირებულ ოქროს ზოდებზე.
მუხლი 2🔗. სარეალიზაციო ლარის ბანკნოტები/მონეტები, ოქროს ზოდები და ნუმიზმატიკური ფასეულობა
1. სარეალიზაციო ლარის ბანკნოტებს/მონეტებს (შემდგომში – ბანკნოტები/მონეტები) განეკუთვნება:
ა) საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტები/მონეტები;
ბ) საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტები;
გ) მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტები/მონეტები.
2. სარეალიზაციო ოქროს ზოდებს განეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული ოქროს ზოდები, რომლებზეც დატანილია ეროვნული ბანკის ლოგო და/ან წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი“ ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე.
3. სარეალიზაციო ნუმიზმატიკურ ფასეულობას განეკუთვნება:
ა)საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო;
ბ) ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები.
4. ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში - საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი).
მუხლი 3🔗. სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა
1. ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი.
2. მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) ნომინალურ ღირებულებას;
ბ) საკომისიო დანამატს.
3. საკოლექციო ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) ნომინალურ ღირებულებას;
ბ) მათ დამზადება-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს;
გ) საკომისიო დანამატს.
4. საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა
მოიცავდეს:
ა) მონეტის შემადგენლობაში არსებული ოქროს ღირებულებას, რომლის გაანგარიშება ხდება დღეში ერთხელ, ,,ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის“ ვებგვერდზე წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) 1 უნცია ოქროზე აშშ დოლარით დაფიქსირებული ფასით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსის მიხედვით;
ბ) საკომისიო დანამატს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობის 5–80 პროცენტის ფარგლებში.
5. ოქროს ზოდების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) მათ დამზადება-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს;
ბ) საკომისიო დანამატს.
6. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამზადებული ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა)მათ დამზადება-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს (ფასის დადგენის მომენტისათვის არსებული კურსით);
ბ) საკომისიო დანამატს.
7. იმ ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიოზაციო ფასი, რომელთა დამზადება არ განუხორციელებია საქართველოს ეროვნულ ბანკს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მისი ფაქტობრივი რაოდენობიდან და მასზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.
8. იმ შემთხვევაში, თუ ბანკნოტები/მონეტები, ოქროს ზოდები და ნუმიზმატიკური ფასეულობა მოთავსებულია სპეციალურ შესაფუთ საშუალებაში (კოლოფი, ალბომი და სხვა), სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს მათ ღირებულებასაც.
9. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით ბანკნოტების/მონეტების (გარდა საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტებისა), ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი შეიძლება განისაზღვროს საკომისიო დანამატის გარეშე.
10. ბაზარზე ლითონის ფასის ცვლილების, ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის რაოდენობის ან/და სხვა მიზეზის გამო საკომისიო დანამატის ოდენობის ზრდა ან შემცირება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.
მუხლი 4🔗. ბანკნოტების / მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის (შემდგომში - ფასეულობა) რეალიზაციას ახორციელებს როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ პირებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2. საქართველოს ეროვნული ბანკიდან ფასეულობის შეძენა შესაძლებელია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო (საბანკო გადარიცხვით, პლასტიკური ბარათით, ინტერნეტ მაღაზიით) ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორებით ფასეულობის შეძენა შესაძლებელია როგორც წინასწარი ისე შემდგომი ანგარიშსწორების პირობით.
4. წინასწარი უნაღდო ანგარიშწორების პირობით, ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია როგორც ხელშეკრულების, ისე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტყობინების საფუძველზე, შემდეგი პირობებით:
ა) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში:
ა.ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება განაცხადი, სადაც მიეთითება შემკვეთი პირის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა, შესაძენი ფასეულობის დასახელება, ნომინალი (არსებობის შემთხვევაში), რაოდენობა, მათ გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ელექტრონული ზედნადების საჭიროების შემთხვევაში დამატებით ზედნადებისთვის საჭირო ინფორმაცია).
ა.ბ) ფასეულობის რეალიზაცია ხდება გარიგების დღისათვის დადგენილი ფასის მიხედვით. ქვეყნის გარეთ პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში ფასის გაანგარიშება უნდა მოხდეს უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარსა ან ევროში) გარიგების დღისათვის, შესაძენ ფასეულობაზე ლარში დადგენილი ფასითა და ლარის მიმართ აშშ დოლარის ან ევროს გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით.
ა.გ) განაცხადის საფუძველზე ფასეულობის შემკვეთს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეგზავნება კომერციული ინვოისი სარეალიზაციო ფასეულობის დასახელების, რაოდენობის და ღირებულების შესახებ, რომლის გაგზავნის დრო ითვლება გარიგების მომენტად;
ა.დ) გარიგების საფუძველზე ფასეულობის მთლიანი თანხის საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა უნდა მოხდეს ერთჯერადად, გარიგების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო მათი გატანა – შესაბამისი თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ა.ე) რეალიზებული ფასეულობა გაიცემა “ნუმიზმატიკური ან სხვა სარეალიზაციო ფასეულობის გაცემის შესახებ“ დავალების საფუძველზე;
ა.ვ) შეკვეთა ითვლება გაუქმებულად, თუ გარიგების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში არ მოხდა შეძენილი ფასეულობის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ან შესაბამისი თანხის დროულად ჩარიცხვის მიუხედავად არ მოხდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან მათი გატანა თანხის ჩარიცხვიდან 15 (თხუთმეტ) სამუშაო დღის განმავლობაში;
ა.ზ) შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, შემკვეთის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გადმორიცხული თანხა ექვემდებარება შემკვეთისათვის უკან დაბრუნებას, ხოლო გადარიცხვის ხარჯები გამოიქვითება შემკვეთის მიერ გადმორიცხული თანხიდან;
5. საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეალიზებული ფასეულობის გატანას უზრუნველყოფს თვითონ შემკვეთი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. შემდგომი უნაღდო ანგარიშსწორების პირობით იურიდიულ პირებზე ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საქართველოს ეროვნული ბანკიდან ფასეულობის შეძენა ასევე შესაძლებელია:
ა)ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით (რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ - გვერდზე). ამ ფორმით ფასეულობის რეალიზაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული სავალდებულო ხასიათის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, სადაც კონკრეტულადაა განსაზღვრული როგორც ანგარიშსწორების, შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები, ასევე მხარეთა ვალდებულებები;
ბ)აუქციონის მეშვეობით, რომლის პირობები ყოველ ცაკლეულ შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ.
8. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებითა და წერილობითი ხელშეკრულების/შეთანხმების საფუძველზე, მოახდინოს ფასეულობის რეალიზაცია იურიდიული პირების მეშვეობით.
9. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირს შეუძლია შეზღუდოს ფასეულობის რეალიზაცია.
10. საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფასეულობის სარეალიზაციო ფასებისა და რეალიზაციის პირობების თაობაზე ინფორმაციის განთავსებას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
11. როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანაგარიშსწორებით რეალიზებული, ასევე იურიდიული პირების მეშვეობით სარეალიზაციო ფასეულობის გაცემის პროცედურები რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5🔗. ფასდაკლების პირობები
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით ფასდაკლება შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ
ბანკნოტების/მონეტების (გარდა მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტების/მონეტების), ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის საკომისიო დანამატზე, შემდეგი პირობების მიხედვით:
ა) 20-დან 100 ცალამდე რეალიზაციის შემთხვევაში – საკომისიო დანამატის 25 პროცენტით;
ბ) 100-დან 250 ცალამდე რეალიზაციის შემთხვევაში – საკომისიო დანამატის 30 პროცენტით;
გ) 250-დან 500 ცალამდე რეალიზაციის შემთხვევაში – საკომისიო დანამატის 45 პროცენტით;
დ) 500 ცალის და მეტი ოდენობით რეალიზაციის შემთხვევაში – საკომისიო დანამატის 50 პროცენტით.