ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.02.2016
ძალის დაკარგვა 05.12.2019
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) |
| 2 | საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2) |
| 3 | სამრეწველო ზონა 1 (ს-1) |
| საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა | საკრებულოს თავმჯდომარე |
| საკუთრების ფორმა | kfw (2002) |
| სახელმწიფო | 19,7% |
| კერძო | 80% |
| საერთო სარგებლობის | 0,12% |
| ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები | სუსტი მხარეები და საფრთხეები |
| ზოგადი უფლებრივი ზონა | ჰა |
| ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) | 624,1 |
| სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ) | 571,5 |
| სარეკრეაციო ზონა (რზ) | 11,0 |
| საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (სრზ) | 2,6 |
| სპეციალური ზონა (სპეცზ) | 6,6 |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2016 წლის 1 თებერვალი
დაბა ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის ,,ბ“ პუნქტის, 29-ე მუხლის და „ტექნიკური რეგლამენტის-დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების მე-19 მუხლის, შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა
დანართი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს ოთხ ურთიერთიერდაკავშირებულ დოკუმენტს:
ა) დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილი;
ბ) დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილი;
გ) დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილი;
დ) დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თემატური ნაწილი.
2. დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილი მოიცავს:
ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღწერას;
ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებით ბარათს;
გ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანობის შეფასებას;
დ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპებსა და რიგითობას.
3. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილი მოიცავს:
ა) დაბა ჩხოროწყუს ზოგადი უფლებრივი ზონირების რუკას;
ბ) დაბა ჩხოროწყუს კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკას.
4. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილი მოიცავს:
ა) დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არსებული და საპროექტო წყალსადენის ძირითადი ქსელის რუკას;
ბ) დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არსებული და საპროექტო საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი ქსელის რუკას;
გ) დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არსებული და საპროექტო ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელის რუკას;
დ) დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არსებული და საპროექტო სანიაღვრე წყალარინების ძირითადი ქსელის რუკას;
ე) დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არსებული და საპროექტო ქუჩებისა და გზების ძირითადი ქსელის რუკას.
5. დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თემატური ნაწილი მოიცავს:
ა) ტერიტორიის სიტუაციურ რუკას;
ბ) საპროექტო ტერიტორიის ტოპოგეოდეზიურ რუკას;
გ) სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების რუკას;
დ) საპროექტო ტერიტორიის გეგმარებითი შეზღუდვების რუკას;
ე) საპროექტო ტერიტორიის სოციალური ინფრასტრუქტურის რუკას;
ვ) მიწის ნაკვეთების საკუთრების ფორმებს;
ზ) საპროექტო ტერიტორიაზე თავისუფალი და ვაკანტური ტერიტორიების პერსპექტიული განვითარების რუკას.
მუხლი 2🔗.
დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილი
1. დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებითი ბარათი
ა) დაბა ჩხოროწყუს ადგილმდებარეობა, ბუნებრივ-კლიმატური პირობები
დაბა ჩხოროწყუ მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზემო სამეგრელოს ისტორიულ-კულტურულ რეგიონში, დღევანდელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. თბილისიდან დაბა დაშორებულია 317 კილომეტრით; უახლოესი სარკინიგზო სადგურ სენაკიდან – 36 კილომეტრით; უახლოესი პორტი –
ფოთი 80 კმ-შია; სამხარეო ცენტრს – ქ.ზუგდიდს დაშორებულია 27 კმ-ით.
დაბა განთავსებულია ოდიშის ვაკეზე, მდინარე ხობისწყლის (სიგრძე – 150 კმ) მარცხენა ნაპირზე და მდინარე ოჩხომურის (სიგრძე – 70 კმ) ორივე ნაპირზე (სოფელ გარახას ჩათვლით). გეომორფოლოგიურად დაბის ტერიტორია წარმოადგენს სამეგრელოს მთების სისტემის დადაბლებულ ნაწილს. მისი რელიეფი ბორცვიანია; ბორცვები აგებულია მესამეულის ნალექებით. ზღვის დონიდან დაბის აბსოლუტური ნიშნულები მერყეობს 100-200 მეტრის ფარგლებში. ტექტონიკურად დაბა ჩხოროწყუს ტერიტორია მიეკუთვნება მთათაშორის ჩაღრმავების საქართველოს ბელტის ოდიშის ქვეზონას; სეისმურობის მიხედვით, 8-ბალიან სეისმურ რაიონს. გეოლოგიური თვალსაზრისით, დაბის სამხრეთი ნაწილი აგებულია თიხებით და ქვიშაქვებით, სარმატულ მერგელებისა და კონგლომერატების ჩანართებით; ცენტრალურ ნაწილში დალექილია კირქვიანი კონგლომერატები, ბრექჩიები, კირქვები და თიხები.
ჰიდროგეოლოგიური დარაიონების მიხედვით, დაბა ჩხოროწყუ იმყოფება სამეგრელოს არტეზიული რაიონის ცენტრში. სამეგრელოს არტეზიული აუზების ნაპრალების და ნაპრალ-კარსტული მიწისქვეშა წყლები მთელ მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია რამდენიმე წყალშემცველი კომპლექსითა და ჰორიზონტით. დაბის მთავარი წყლის ობიექტია მდინარე ხობისწყალი, ის დაბას ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთი მხრიდან. დაბის სამხრეთ-დასავლეთით მიედინება მდინარე ოჩხომური.
კლიმატური დარაიონების მიხედვით, დაბა და მისი მოსაზღვრე ტერიტორიები მიეკუთვნება ნოტიო სუბტროპიკულ ზონას. იცის რბილი ზამთარი და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული. ყველაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება ივლისი და აგვისტო, რომელთა საშუალო ტემპერატურა შეადგენს 22° C; ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურაა იანვარ-თებერვალში, რომელთა საშუალო ტემპერატურა 0° C უახლოვდება. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომა-ზამთარში მოდის; მათი საშუალო წლიური ოდენობა 1 400 – 1600 მმ-ია.
ბ) დაბა ჩხოროწყუს ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასება
მომდევნო ინფორმაცია აღებულია 1974 წელს საქქალაქმშენსახპროექტში მთ. არქიტექტორის რ.მ. ხატიაშვილის ხელმძღვანელობით დამუშავებული ჩხოროწყუს გენერალური გეგმიდან. შესაბამისად აღსანიშნავია რომ ზოგიერთი ქუჩის დასახელებამ განიცადა ცვლილება: სტალინის ქუჩა გახდა გამსახურდიას ქუჩა, კიროვის ქუჩა – კოსტავას ქუჩა, გორკის ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა, ლენინის ქუჩა – დავით აღმაშენებლის ქუჩა, წულუკიძის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა.
დაბა ჩხოროწყუს ფარგლებში რელიეფი ხასიათდება სწორი და ბორცვიანი რელიეფით. ტერიტორიის ამგები ქანები ძირითადად მდებარეობს მყარ და სამშენებლოდ კარგ პირობებში. უარყოფით ფიზიკურ-გეოლოგიურ მოვლენებს (კასტრები, ჩაქცევები, მეწყერები და სხვა) ადგილი არ აქვს, მცირე გამონაკლისის გარდა დაბა ჩხოროწყუს ცენტრალური ნაწილის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მარცხენა სანაპიროზე გავრცელებულია მცირე სიმძლავრის მეწყერები, რომელიც ჩვენს მიერ შედგენილ სქემატურ რუკაზე სათანადო პირობითი ნიშნითაა აღნიშნული.
გამონაკლისს წარმოდგენს აგრეთვე მდ. მხ. ხობის წყლისა და ოჩხარუმის ტერასების ნაწილები. რომლებიც დაჭაობებულია და მდინარის ადიდების შემთხვევაში ადგილი აქვს დატბორვას. ამ ტერიტორიების გაჯანსაღება შეიძლება სათანადო საინჟინრო სამუშაოების ჩატარების შედეგად.
არსებული საფონდო მასალებისა, ჩვენს მიერ ჩატარებული რეკოგნოსცირებისა და სხვა მასალების საფუძველზე შედგენილ იქნა მდ. ჩხოროწყუს და მისი მიმდებარე ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სქემატური რუკა 1:5000 მასშტაბში.
რუკაზე გამოყოფილია ტერიტორიები მათზე მშენებლობის ვარგისიანობის მიხედვით:
I. სამშენებლოდ ვარგისი ტერიტორიები;
II. სამშენებლოდ შეზღუდულად ვარგისი ტერიტორიები;
III. სამშენებლოდ უვარგისი ტერიტორიები (სპეციალური საინჟინრო მომზადების ჩატარების გარეშე);
IV. სამშენებლოდ უვარგისი ტერიტორიები (დამეწყრილი ადგილები, წყალდიდობის შემთხვევაში მოსალოდნელი დატბორვის ადგილები).
გ) ეკოლოგიური მდგომარეობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რისკები
დაბა ჩხოროწყუს ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობა (საჰაერო აუზი, მიწა, წყალი) – დაბინძურების სტაციონარული თუ მობილური წყაროების მცირერიცხოვნობის გამო – ძირითადად, კეთილსაიმედოა; თუმცა, ზედაპირული წყლების ხარისხის მონიტორინგი არ მიმდინარეობს. მთავარ დამაბინძურებელ ფაქტორს წარმოადგენს ფეკალური კანალიზაციის წყლების ჩაშვება მდინარეებში, გამწმენდი ნაგებობის უმოქმედობის გამო. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები გროვდება ქუჩებში განთავსებულ სტანდარტულ კონტეინერებში და გადის ზუგდიდში ცაიშის ნაგავსაყრელ პოლიგონზე (თვეში, საშუალოდ 200 კუბ. მ).
მოქმედებს ჯართის შეგროვების პუნქტი. სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების განცალკევებული მენეჯმენტი არ ხორციელდება. დაბის საზოგადოებრივ სივრცეში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტების მხოლოდ ნაწილი მოქმედებს.
მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, ბუნებრივ რისკებს, ზოგადად, წარმოადგენს ძლიერი წვიმები, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, მდინარეთა ნაპირების წარეცხვა, ეროზია და გვალვა. საგულისხმოა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბუნებრივი საფრთხეები მომატებულია. მუნიციპალიტეტს გააჩნია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ხანძრები, მიწისძვრები, წყალდიდობები, ღვარცოფები და გვალვები. თუმცა, არ არსებობს ბუნებრივი კატასტროფების წინასწარი შეტყობინების სისტემა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბუნებრივი საფრთხეების ზონების ჩამონათვალში შედის საკუთრივ დაბა ჩხოროწყუ (მეწყერი სტადიონის ზონაში) და დაბის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფელი გარახა (მეწყერი).
გარემოსდაცვითი ორგანოების მიერ, დაბა ჩხოროწყუში, 23.02. 2009 გაიცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (გარემოზე ზემოქმედების ნებართვა) ჩხოროწყუს ელექტროსადგურის განთავსებაზე.
გ.ა) ჰიდროქსელი, ჰიდროლოგიური რეჟიმი, ბუნებრივი რისკები
დაბა ჩხოროწყუ, ძირითადად, განთავსებულია ორ მდინარეს – ხობისწყალსა და ოჩხომურს შორის. მდ.ხობისწყალი სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2326 მეტრ სიმაღლეზე. მისი სიგრძეა 150 კმ; საშუალო დახრა 15,4% აუზია ფართობი 1340 კვ.კმ. მდინარის რეჟიმზე დაკვირვება დაიწყო 1941 წელს. მდინარე შერეული საზრდოობისაა; მაქსიმალური დონე ფიქსირდება მაისში, იშვიათად ივნისში და წყალმცირობის პერიოდთან შედარებით, მატულობს მნიშვნელოვნად (2 მეტრამდე). წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნები – 5-დან 7-მდე – აღინიშნება გაზაფხულზე და ედება წყალდიდობას და გრძელდება 1-15 დღე. შემოდგომაზე წყალმოვარდნა ფიქსირდება 7-9-ჯერ. მაქსიმალური წყლის ხარჯი მერყეობს 85,3-418 კუბომეტრ/წმ შორის.
მდ.ოჩხომური სათავეს იღებს ეგრისის ქედის ერთერთ განშტოებაზე, 1400 მეტრ სიმაღლეზე. მდინარის სიგრძე 47 კმ, საშუალო დახრა 28,1%; აუზის ფართობი 159 კვ.კმ. მდინარეზე სტაციონარული ჰიდროლოგიური დაკვირვება დადგენილი არ არის. ოჩხომური ხასიათდება მთელი წლის განმავლობაში წვიმის წყალმოვარდნების რეჟიმით, განსაკუთრებით, გაზაფხულზე და შემოდგომაზე; დონეთა სხვაობა 1,5 მეტრს აღწევს.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემდეგ სტიქიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებს: დაბა ჩხოროწყუში 2008 წლის 19 ივნისს მდ. ოჩხომურმა დატბორა ნაკვეთები, დააზიანა გზა; 2009 წლის 18-19 ივნისს ძლიერი ქარის (30 მ/წმ) შედეგად დაზიანდა 8 საცხოვრებელი სახლი).
დ) ადმინისტრაციული საზღვრები, სივრცით-ტერიტორიული სტრუქტურა, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია, მშენებლობა
დაბა ჩხორიწყუს ტერიტორია შეადგენს 17,02 კვ. კილომეტრს; მას ესაზღვრება შემდეგი სოფლები: აღმოსავლეთით – ნაკიანი და ახუთი; დასავლეთით – ლეწურწუმე; ჩრდილოეთით – ჭოღა და ხაბუმე; სამხრეთით – ქვედა ჩხოროწყუ. ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ საზღვრებში შედიან გარახისა და მეორე მოიდანახის საროდონაიოს უბნები.
დაბა ჩხოროწყუს საბჭოთა პერიოდის ბოლო გენერალური გეგმა შეიმუშავა საპროექტო ინსტიტუტმა „საქქალაქმშენსახპროექტმა“ 1974 წელს. გენერალური გეგმა, რომელიც 1975 წელს დამტკიცდა, გაანგარიშებული იყო 2000 წლამდე. დაბის მოსახლეობას, 1993 წლის 1 იანვრისთვის უნდა შეედგინა 5.400 ადამიანი.
დაბა ჩხოროწყუს სივრცით-ტერიტორიული სტრუქტურა აკინძულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმართულ ძირითად ღერძზე, რომელიც დაბის საზღვრებში მშვიდობის და დავით აღმაშენებლის სახელობის ქუჩებს ემთხვევა. ამ ქუჩას რამდენიმე ქუჩა კვეთს, მათ შორის მნიშვნელოვანია ლ. გობეჩიას სახელობის ქუჩა. მშვიდობის და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე ადმინისტრაციულ-კულტურული დანიშნულების ობიექტებია კონცენტრირებული, ხოლო გობეჩიას ქუჩაზე უფრო სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფუნქციებით ხასიათდება. ქუჩების ქსელი დაბას კვარტლებად ჰყოფს; განაშენიანება, ძირითადად, საკარმიდამოა, ინდივიდუალური სახლების სართულიანობა – 1-2 სართულია; არის რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.
ბუნებრივი პირობების გამო (ორ მდინარეს შორის მდებარეობა), დაბა ჩხოროწყუ ამჟღავნებს გრძივი განვითარების ტენდენციას. დაბის ურბანული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მიმდებარე სოფლების ინკორპორირების პრაქტიკა. თუ სოფ.მოიდანახეს შემთხვევაში ამის ახსნა გარკვეულ ლოგიკას პასუხობს, სოფ.გარახას ჩართვა დაბის სივრცით-ტერიტორიულ სტრუქტურაში სუბიექტური პირობებით ნაკარნახევს ჰგავს.
ე) დემოგრაფიული და სოციალური ვითარება
დაბა ჩხოროწყუს მოსახლეობა არასდროს ყოფილა მრავალრიცხოვანი. 1989 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა აფიქსირებს 4.770 მოსახლეს, მათ შორის 2.194 კაცს და 2.576 ქალს. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, დაბა ჩხოროწყუს მოსახლეობა შეადგენდა 4.916 ადამიანს, მათ შორის იყო 2.263 კაცი და 2.653 ქალი. საგულისხმოა, რომ დაბა ჩხოროწყუ მიეკუთვნება იმ გამონაკლისთა რიგს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ამ ორ აღწერას შორის პერიოდში გაიზარდა 3.1% პროცენტით, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილთა ხარჯზე. სხვა მონაცემები ასე გამოიყურება: 2002 წელს – 5040 მოსახლე; მოსახლეობის ზრდა 1989 წელთან შედარებით – 6.6%. ამჟამად დაბში 995 (318 ოჯახი) დევნილი ცხოვრობს. 2007 წელს დაბაში 4.300 მოსახლე ირიცხებოდა; 2014 წელს კი – 5,2 ათასი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით – 7.000).
ვ) წარმოება და ეკონომიკა
ჩხოროწყუს მოსახლეობის სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობა წარსულში ორიენტირებული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მეცხოველეობა, მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეხილეობა, მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, ტუნგოს გაშენება) წარმოებასა და გადამუშავებაზე (ჩაის ფაბრიკები; საკონსერვო, რძისა და მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნები; ხე-ტყის გადამამუშავებელი, აგურისა და ინერტული მასალის წარმოებები). დღეს ჩხოროწყუში მრეწველობა ჩამკვდარია; ფუნქციონირებს მხოლოდ რამდენიმე მცირე საწარმო, რომელთა აღჭურვილობა, ტექნოლოგიები, ენერგოეფექტიანობა და ნარჩენების მართვა შორს დგას თანამედროვე მოთხოვნებისაგან.
მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ვაჭრობა და სოფლის მეურნეობის, ძირითადად თხილის პროდუქციის გასაღება.
ზ) საჯარო ფინანსები, საბანკო მომსახურება
ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავლები ეფუძნება ქონებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადებს. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი.
საკუთრივ დაბა ჩხოროწყუს ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის ერთიანი ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის.
დაბაში მოქმედებენ ბანკები: ლიბერთი ბანკი, ფინკა ბანკი.
თ) შიდა და გარე ტრანსპორტი
დაბის ტერიტორია იკვეთება 3 შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზით: 1. ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკი (90 კმ, ინდექსი – შ-6), დაბის საზღვრებში ატარებს დავით აღმაშენებლის და მშვიდობის ქუჩის სახელს, 2. ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუ (26 კმ, ინდექსი – შ-84), დაბის ტერიტორიაზე ატარებს გ. შენგელიას, ზუგდიდის და გ. გაბუნიას ქუჩის სახელს, 3. მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუ (41,5 კმ, ინდექსი – შ-85), დაბაში ატარებს რ. დიხამინჯიას ქუჩის სახელს.
დაბის ტერიტორიაზე შიდა საზოგადოებრივი სატრანსპორტო მოძრაობა ორგანიზებული არ არის. მოძრაობს ტაქსი. გარე სატრანსპორტო კავშირები დამყარებულია თბილისთან, ფოთთან, სენაკთან, ზუგდიდთან, მარტვილთან, წალენჯიხასთან, ქუთაისთან, ბათუმთან.
ზუგდიდში და სენაკში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ორ საათში ერთხელ, წალენჯიხაში დღეში ორჯერ, მარტვილში, ქუთაისში, თბილისში და ფოთში ყოველდღიურად.
ი) ადგილობრივი ტურიზმი
ადგილობრივი ტურიზმი განსახილველია მუნიციპალიტეტის და, მეტიც, მთელი სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის კონტექსტში. ამ მხრივ შეიძლება ლაპარაკი საკმაოდ დიდ პერსპექტივაზე, რომელიც უკავშირდება, უწინარესად, ბუნების ისეთი უნიკალური ობიექტების ჩართვას ტურისტულ მარშრუტებში, როგორიცაა „ტობავარჩხილად“ (ქართულად – „ვერცხლის ტბა“) ცნობილი მაღალმთიანეთის ტბების ჯაჭვი, რომლებიც ჩხოროწყუსა და მეზობელ მუნიციპალიტეტებშია განლაგებული, ისევე, როგორც ბუნების უნიკალური ძეგლი – „ქვაქანცალა“ . ბოლომდე ჯერაც შეუსწავლელია მიწისქვეშა კარსტული მღვიმეების განვითარებული სისტემა, მათ შორის „შურუმბუმუს“ მღვიმე და სხვა. ტურისტული თვალსაზრისით ინტერესს იწვევს ლუგელას განთქმული მინერალური წყლები კურორტ მუხურის მიდამოებში.
სპეციალისტების აზრით კულტურული ტურიზმის მარშრუტებში უნდა ჩაერთოს თვითნაბადი რკინის მადნის ქვიშრობები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII- IV საუკუნეებით დათარიღებული რკინის გამოსადნობი ქურა-სახელოსნოების ნაშთები, რომლებიც მეტალურგიის უძველეს კერებს წარმოადგენს. არქიტექტურულ ობიექტებს შორის გამოსაყოფია წმ.გიორგის სახელობის ოცინდალეს მამათა მონასტერი; მონასტერი XIV-XV საუკუნეებით თარიღდება.
კ) საბინაო ფონდი
დაბა ჩხოროწყუს საბინაო ფონდს 820 საცხოვრებელი სახლი შეადგენს. მთლიანი საცხოვრებელი ფართობი შეადგენს 86.000კვ.მ-ს. დაბის ერთ მცხოვრებზე მოდის 17,1 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი. დაბაში არსებული ექვსი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მაქსიმალური სართულიანობა არის ხუთი. არც ერთ მათგანში არ არის შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და მათი მიწის ნაკვეთებიც გამიჯნული არ არის.
ლ) მიწის ნაკვეთის საკუთრების ფორმები
2002 წლის სისტემური საკადასტრო აღწერების kfw-ს „მიწის კადასტრის და რეგისტრაციის“ პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკუთრების მიხედვით 80% იყო სახელმწიფო, ხოლო 19,7% იყოს კერძო მფლობელობაში. 2014 წლის მდგომარეობით დაბა ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ საზღვრებში (2014 წლის საჯარო რეესტრის მიხედვით, 1702 ჰა) არსებული მიწის ნაკვეთების 8,5% (144 ჰა) არის დარეგისტრირებული სულ. აქედან 95% არის სახელმწიფო, ხოლო 4,5% არის კერძო მფლობელობაში.
ცხრილი 1: დაბა ჩხოროწყუს მიწის ფონდის %-ული დანაწილება საკუთრების მიხედვით.
საკუთრების ფორმა
kfw (2002)
საჯარო რეესტრი (2014)
სახელმწიფო
19,7%
4,5%
კერძო
80%
95%
საერთო სარგებლობის
0,12%
-
მ) საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა
მ.ა) გარე განათება და კეთილმოწყობა
დაბის ცენტრალური ნაწილი კეთილმოწყობილია; ქუჩების დიდი ნაწილი მოასფალტებულია, ცენტრალური პარკი სანიმუშოდ არის მოვლილი; მოწყობილია გარე განათება. გაყვანილია სადრენაჟო არხები. დაბაში რამდენიმე ქანდაკებაა, მათ შორის – წმ.გიორგის მონუმენტური სკულპტურა.
მ.ბ) წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე არხები
დაბა ჩხოროწყუს წყალმომარაგების სისტემა (სატუმბო სადგური, დაწნევითი აუზი და გამანაწილებელი ქსელი) ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წელს. წყალმომარაგება განხორციელდა მდ.ხობისწყლის ფილტრატების ბაზაზე, დაბიდან 5 კმ მდებარე სოფ.ხაბუმეს მიდამოებიდან. წყალშემკრები წარმოადგენს მდინარის სანაპირო ტერასას სიგრძით 1კმ და სიგანით 350-400 მ. წყლის დებიტია 10 ლ/წმ. წყალი თვითდინებით გროვდება მიწისქვეშა რეზერვუარში. მიმღები რეზერვუარიდან წყალი ტუმბოებით მიეწოდება დაწნევით აუზს.
2000 წლიდან, წყალსადენის ამორტიზაციის გამო, დაბის წყალმომარაგება შეფერხდა. 2008 წელს, რეგიონების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში შემუშავდა დაბა ჩხოროწყუს წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც განხორციელდა 2009-2010 წლებში. მთლიანად გამოიცვალა ძველი წყალსადენის ქსელი, აშენდა ახალი დაწნევითი აუზი. მიუხედავად ამისა, დაბის სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგებისათვის საჭიროა ახალი წყაროს მოძიება და ამოქმედება, რადგან, წყალსადენის სათავის მკვებავი მდინარის დონის დაწევის გამო, დებეტი დაახლოებით ორჯერაა შემცირებული, წყალზე მოთხოვნილება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
პროექტის ფარგლებში მოხდა წყალსადენის ძირითადი ქსელების გაგრძელება ამჟამად წყალმომარაგების გარეშე მყოფ დასახლებებამდე. საპროექტო წყალსადენების გარე ქსელში გამოყენებული არის პლასტმასის პოლიეთილენის წყალსადენის მილები. წყალსადენის ჭებში განშტოებების ადგილებში გათვალისწინებულია ჩამკეტი არმატურები. წყალსადენის მილების ჩალაგების ადგილებში ეწყობა ქვიშის მომზადება მილებსქვეშ.
მ.გ) ელექტრომომარაგება
დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე გაყვანილია ორი ძირითადი ქსელი, 35 და 6 კვტ. სიმძლავრის საჰაერო სადენები. დატვირთვის მიხედვით ტერიტორიაზე განლაგებულია 27 სატრასფორმატორო ქვესადგური. ჯამური დატვირთვა შეადგენს 10,506 კვს-ს. ამის მიხედვით საჭიროა დასახლების ქვესადგურში დაიდგას 2 ტრანსფორმატორი სიმძლავრით: 2x6300 კვა ტრანსფორმატორი. ქსელი უნდა იყოს წრიული, ერთი მხარის გამორთვის შემთხვევაში მეორე მხარემ უნდა აიღოს მთელი დატვირთვა. დასახლების ტერიტორიაზე განლაგებული ცალკე მდგომი ს/ქვესადგურები შეერთებულია საკაბელო ხაზებით წრიული სქემით. აუცილებელია წრიული კაბელის კვეთი იყოს დიდი. ნორმალურ რეჟიმში ისინი იმუშავებენ რადიალური სქემით. ანგარიშის დროს მხედველობაში მიღებულია კარგვები ტრანსფორმატორში. ტრანსფორმატორის სიმძლავრე შერჩეულია ისე, რომ ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ 75-90 %-ით.
მ.დ) გაზმომარაგება
ამჟამად დაბა ჩხოროწყუ არ არის გაზმომარაგებული.
ნ) ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების შემდეგი უწყებების (სამინისტროების) წარმომადგენლობები:
ნ.ა) ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის;
ნ.ბ) შინაგან საქმეთა;
ნ.გ) განათლებისა და მეცნიერების;
ნ.დ) სოფლის მეურნეობის;
ნ.ე) იუსტიციის.
ო) მიწათსარგებლობის სტრუქტურა, მახასიათებლები და ტენდენციები
დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის სტრუქტურა ხასიათდება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების ყველაზე დიდი რაოდენობით, მომდევნო ადგილებს იკავებს სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი ტერიტორიები. შედარებით თანაბარი რაოდენობა მიწები მოდის საზოგადოებრივ-საქმიანი, სარეკრეაციო და სატრანსპორტო გამოყენების მიწებზე.
დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის მთავარ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს საცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განვითარება და ინტენსიფიკაცია. რამაც შეიძება ითქვას მიიყვანა დაბა დღეს იმ მდგომარეობამდე, რომ მის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო და ვაკანტური ტერიტორიების ნაკლებობა. ამიტომ ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს შიდა რეზერვების ხარჯზე, რაც გულისხმობს მოცვეთილი შენობების შეცვლას ახალი შენობებით და არსებული ფონდის რეკონსტრუქციას. ეს ყველაფერი ასევე გამოიწვევს საინჟინრო კომუნიკაციების განვითარებას.
პ) არსებული მდგომარეობის ურბანული ანალიზი
ჩხოროწყუს ქალაქმაფორმირებელი ელემენტებია მდინარეები ოჩხომური და ხობისწყალი, მრავალფეროვანი რელიეფი და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები. ინტენსიური განაშენიანებაც შესაბამისად სანაპიროებს და გზებს მიუყვება. სოფელი გარახას ტერიტორიაზეც, რომელიც იყოფა ქვედა და ზედა გარახად, ძირითად მაფორმირებელ ფაქტორს რელიეფი და ტყით დაფარული ტერიტორიების სიმრავლე წარმოადგენს. ქვედა გარახა, ცენტრალურ ნაწილთან უფრო სიახლოვის და შედარებით ვაკე ტერიტორიაზე ადგილმდებარეობის გამო უფრო ინტენსიურად არის განაშენიანებული და შესაბამისად მჭიდრო კავშირი აქვს დაბის ცენტრთან. რუკაზე მკაფიოდ გამოიკვეთება დაბის განაშენიანების ორი ტიპი, ერთი მისი ცენტრალური ნაწილი, რომელიც შედარებით ქალაქური ხასიათით გამოირჩევა და მეორე გარახას უბანი, რომელიც უფრო გაფანტულია და სოფლის ტიპის განაშენიანებას წარმოადგენს. სოციალური და კულტურული ინფრასტრუქტურის კუთხითაც ყველა დაწესებულება და ობიექტი დაბის ცენტრალურ ნაწილშია თავმოყრილი და რის გამოც ვერ ხერხდება დაბის გარეუბნების მომსახურება.
მდინარის სანაპიროებს ფაქტობრივად არ აქვთ საზოგადოებრივი დანიშნულება, ის ათვისებულია ძირითადად სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო და სამრეწველო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით. ამასთან ერთად კალაპოტის და ხეობის მუდმივი ცვალებადობის და მეწყრული ზონების სიხშირის გამო რთულია ამ ტერიტორიებზე რაიმე სახის მშენებლობის ნებართვების გაცემა, მანამ სანამ არ გაკეთდება გეოლოგიური დასკვნები, არ მოხდება სანაპიროების გამაგრება და არ დამუშავდება სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემები.
დაბის თავისებურებას წარმოადგენს არსებულ განაშენიანებაში ადგილობრივი, „მიკრორაიონული“ მნიშვნელობის მწვანე სივრცეების ნაკლებობა, რაც შეიძლება ნაწილობრივ გამართლდეს განაშენიანების საკარმიდამო ხასიათით და, შესაბამისად, ინდივიდუალური (კერძო) ბაღების მრავალრიცხოვნობით. მაგრამ, ეს გარემოება არ აუქმებს ურბანული კულტურისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი გამწვანებული ტერიტორიების საჭიროებას.
ჟ) დაბის ურბანული განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT ) ანალიზი;
არსებული მდგომარეობის აღწერილობითი ნაწილის შემდგომ, შესაძლოა მსჯელობა დაბა ჩხოროწყუს ძლიერ და სუსტ მხარეებზე და დაბის შესაძლებლობებსა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას ქალაქგანვითარების პროცესში. ურბანული თვალსაზრისით არა მხოლოდ ქალაქგეგმარებითი საკითხებია მნიშვნელოვანი არსებული მდგომარეობისა და ქალაქფორმირების პროცესის ანალიზისას. წინამდებარე – SWOT ანალიზი აფასებს როგორც ქალაქგეგმარებით და არქიტექტურულ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ, გეოლოგიურ და ა.შ. პრობლემებს და შესაძლებლობებს.
ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები
სუსტი მხარეები და საფრთხეები
- კარგი ბუნებრივ-კლიმატური პირობები;
- ბუნებრივ ღისღშესანიშნაობათა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მისაწვდომობა;
- ადგილობრივი ტურიზმის განვითარების წინაპირობები;
- კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების ფუნქციონირება (თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა);
- სოლიდარული ადგილობრივი თემი;
- ადგილობრივი ტელევიზია;
- დაბაში მუშაობს მცირე ჰესი;
- მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ეფექტიანი მართვა და ნაგავსაყრელის გამართული ფუნქციონირების წინაპირობები;
- დაბის ცენტრის კეთილმოწყობისა და გამწვანების კარგი დონე;
- მცირე არქიტექტურული ფორმები და ქანდაკებები;
- კარგი საავტომობილო კავშირები მუნიციპალიტეტის სოფლებთან და სამხარეო ცენტრთან;
- რეგიონული მნიშვნელობის აგრარული ბაზრის ფუნქციონირება.
- ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური ფონი;
- სასპორტო და რეკრეაციული ობიექტების ნაკლებობა;
- ბაგა-ბაღების არასაკმარისი რაოდენობა;
- კანალიზაციის ქსელი ფრაგმენტულია, ის არ ფარავს დაბის ტერიტორიას;
- გამწმენდი ნაგებობა არ მოქმედებს;
- გაზმომარაგების ქსელი არ არსებობს;
- დაბის საზღვრების ნაკლებად დამაჯერებელი დელიმიტაცია და სოფლების ინკორპორირების შემთხვევითი ხასიათი;
- მდინარეების ნაპირების ფრაგმენტული წარეცხვა და მეწყრული ზონების არსეობობა;
- სასმელი წყლის რესურსების კლება;
- ჩხოროწყუჰესის ღია სადერივაციო არხი გადის დაბის ტერიტორიაზე და საცხოვრებელი სახლების ქვეშ;
- სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (სარეზერვო ტერიტორიების) სიმცირე;
- დაბაში საზოგადოებრივი ტუალეტების ნაწილი არ მოქმედებს;
- მდინარეების სანაპიროებზე და ხევებში ნაგვის ჩაყრის პრაქტიკა;
- დაბალი ეკონომიკური და სამშენებლო აქტივობა;
- მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ არსებობს.
რ) დაბის ურბანული განვითარების ხედვა
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის კვალდაკვალ, ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პოზიციების გათვალისწინებით, დაბის ურბანული განვითარება ორიენტირებულია მდგრადობის საყოველთაოდ აპრობირებულ პრინციპებზე.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და ხელშეწყობილი ინიციატივების შედეგად, დაბაში ამოქმედებულია ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ძირითადად, თხილი, ტუნგო) ღრმა ტექნოლოგიურ გადამამუშავებაზე ორიენტირებული საწარმოები, გაზრდილია რძის პროდუქტებისა და თაფლის წარმოება, გადამუშავება, დაფასოება – ნატურალური პროდუქტების სერტიფიცირებისათვის სავალდებულო მოთხოვნების გათვალისწინებით. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო/მუნიციპალური საკუთრების მიწის ნაკვეთები დაბის სამრეწველო ზონაში იძლევა საწარმოების განთავსების ოპტიმალურ პირობას. აღორძინებულია ხალხური რეწვის ტრადიციები.
განვითარებულია შიდანაციონალური და საერთაშორისო ტურიზმი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფარგლებში, ცენტრით დაბა ჩხოროწყუში, შექმნილია ტურაგენტებისა და ტუროპერატორების ინსტიტუტი; ფართოვდება საოჯახო სასტუმროების ქსელი; ჩამოყალიბებულია ექსკურსიების, ტურისტული ლაშქრობებისა და ტურისტული მოგზაურობების კატალოგი.
დაბის მოსახლეობა სარგებლობს მუნიციპალური მომსახურების მთელი სპექტრით, ბუნებრივი გაზის მიწოდების ჩათვლით. მრავალბინიან სახლებში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, გამიჯნულია ასეთი სახლების კუთვნილი მიწის ნაკვეთები; მოქმედებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამები, დახვეწილია მყარი საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენების მართვის პროცესი. ყველა დევნილი ღირსეულადაა დაბინავებული. ამოქმედებულია საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობები და საზოგადოებრივი ტუალეტები, დასრულებულია სადრებაჟო არხების მოწყობა. დადგენილია დაცვითი ზონებისა და ზოლების სისტემა (წყალდაცვითი, სანიტარიული და სხვა). მდინარეების ნაპირები საიმედოდაა დაცული წარეცხვისაგან. ბავშვთა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების განლაგება და ტევადობა პასუხობს დადგენილ ნორმატივებს. გახსნილია აგრარული პროფილის პროფესიული სასწავლებელი. განვითარებულია სპორტულ-რეკრეაციული ობიექტები, ამოქმედებულია სპორტული სექციები და კლუბები. ჩხოროწყუს თემი აქტიურად მონაწილეობს ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; (სულ ბოლოს) ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარმატებით ფუნქციონირებს ინტერაქტიურ რეჟიმში. დაბა ჩხოროწყუ დაძმობილებულია უცხოეთის ქალაქთან. წარმატებულია ჩხოროწყუს ბრენდირება. დაბის თემი იმედით უყურებს მომავალს.
ს) დაბა ჩხოროწყუს ურბანული განვითარების პრიორიტეტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საიტზე დადებული ინფორმაცია ცხადჰყოფს დაბის ურბანული განვითარების პრიორიტეტების გარკვეულ იერარქიას:
ს.ა) საბავშვო ბაღების ნაკლებობა – 4,35%;
ს.ბ) სპორტდარბაზის მშენებლობა – 30,43%;
ს.გ) საბავშვო ატრაქციონის მოწყობა – 13,04%;
ს.დ) სკვერების და პარკების კეთილმოწყობა – 21,74%;
ს.ე) კულტურის სახლის რეაბილიტაცია – 30,43%.
მართალია, დაბის მოსახლეობის ეს მცირე გამოკითხვა არარეპრეზენტატიულია (სულ შემოსულია 23 მოსაზრება), მაგრამ ის მაინც იძლევა ზოგად წარმოდგენას დაბის განვითარების ამოცანების თაობაზე, რომლებიც, ძირითადად, სოციალურ-კულტურულ სფეროს მიეკუთვნება.
ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩხოროწყუში წინამდებარე პროექტის წარდგენისას დაბის მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება, რაც დაბის ურბანული განვითარების კონკრეტულ გეგმას უნდა დაედოს საფუძვლად.
ტ) ქალაქგეგმარებითი რეკომენდაციები, წინადადებები
ტ.ა) ადმინისტრაციული საზღვრების ოპტმიზაცია და კორექტირება;
ტ.ბ) სოციალური საცხოვრისის მშენებლობა;
ტ.გ) დაიგეგმოს საჯარო სკოლები და ბაღები გარეუბნებისთვის;
ტ.დ) დადგინდეს წყლის დაცვის ზონა;
ტ.ე) სოფელი გარახასთვის გაკეთდეს წყალმომარაგების და საყოფაცხოვრებო წყალარინების დაქსელვის პროექტი და მოიძებნოს წყაროები წყლის მიწოდებისთვის;
ტ.ვ) კანალიზაციის ქსელით დაბის მთელი ტერიტორიის დაფარვა და გამწმენდი ნაგებობების რეკონსტრუქცია და ამუშავება;
ტ.ზ) მდ. ოჩხამურის და ხობისწყალის სანაპიროების მოწესრიგება, სანაპიროების გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება;
ტ.თ) დაბაში სასპორტო-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარება;
ტ.ი) საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა და ფუნქციონირება;
ტ.კ) კინოთეატრის ამუშავება;
ტ.ლ) განაშენიანებულ ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების დახურვა;
ტ.მ) მაგისტრალური ხაზობრივი ნაგებობებისთვის მიწის ზოლის სიგანის მიჩენა და მიწის ნაკვეთთა ფართობების (გასხვისების ზოლის) პროექტების შემუშავება და მათი დადგენილი წესით დამტკიცება.~
2. დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღწერა
ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პარამეტრები
ა.ა) ზოგადი უფლებრივი ზონირება
ზონირების ნაწილში, თანახმად გეგმარებითი დავალებისა, წარმოდგენილია დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგელობის გენერალური გეგმის ზოგადი ზონირების რუკა. ზოგადი ზონირების რუკის საფუძველს წარმოადგენს 2002 წელს KFW მიერ შედგენილი დაბა ჩხოროწყუს ნაკვეთების აზომვითი ბაზა. ზოგადი ზონირების ნაწილში წარმოდგენილი ზოგადი ფუნქციური ზონები მოცემულია ცხრილი 2-ში.
ცხრილი 2: ზოგადი უფლებრივი ზონები ჰა-ში.
ზოგადი უფლებრივი ზონა
ჰა
ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ)
624,1
სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ)
571,5
სარეკრეაციო ზონა (რზ)
11,0
საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (სრზ)
2,6
სპეციალური ზონა (სპეცზ)
6,6
საცხოვრებელი ზონა (სზ)
307,5
საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ)
18,5
სამრეწველო ზონა (ს)
15,7
სატრანსპორტო ზონა (ტზ)
82,5
ზოგადი ზონირების რუკა ასახავს დაბა ჩხოროწყუს არსებულ და პერსპექტიულ ზონებს. რადგანაც დაბა ჩხოროწყუს მოსახლეობა სტაბილურია, დაბას არ გააჩნია მწვავე მოთხოვნილება ახალი ტერიტორიების ასათვისებლად, რისთვისაც სავსებით საკმარისია შიდა რესურსები განაშენიანებულ ნაწილში.
წარმოდგენილი ზოგადი ზონირების შედგენის პროცესში გამოვლინდა რიგი ხარვეზებისა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია ამ პროექტის ფარგლებში. კერძოდ აღმოჩნდა:
ა.ა.ა) საინჟინრო კომუნიკაციების საკითხში: რეესტრში რეგისტრირებულია რამდენიმე ხაზობრივი ობიექტი და საინჟინრო ინფრასტრუქტურის დანიშნულების ტერიტორია. ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს ქალაქის კომუნალური მეურნეობის ზონას და ამის გამო ყველა ეს ობიექტი, თავისი გასხვისების ზონებით, შეტანილია სამრეწველო ზონაში;
ა.ა.ბ) ზონირების საფუძვლად აღებულია 2002 წლის KFW-ს მიერ აგეგმილი ნაკვეთების სურათი. გასული წლების განმავლობაში ნაკვეთების სტრუქტურაში შესულია გარკვეული ცვლილებები. ამასთან ერთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დაბის ნაკვეთების არაუმეტეს 50%-ისა. უნდა ითქვას, რომ ეს მასალა ურთიერთ-შეთავსების შემთხვევაში, ჯამში მაინც არ იძლევა საშუალებას მივიღოთ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული სურათი. ამიტომ ზონირების რუკა ნაკვეთების ნაწილში ითხოვს მუდმივ კორექტირებას. ყველა შემთხვევაში, როცა საკითხი დადგება ნაკვეთის საზღვრების დადგენაზე ან სამშენებლო ნებართვის გაცემაზე, უნდა მოხდეს ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება ან რეესტრის რეგისტრაციის მიხედვით, ან, თუ ესეთი არ არსებობს, აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
ა.ა.გ) მდინარე ოჩხომურის და ხობისწყალის კალაპოტების სისტემატიური ცვალებადობა, რის გამოც ძნელი არის მდინარეების კალაპოტის დადგენა და შესაბამისად მისთვის წყლის დაცვის ზონების მინიჭება;
ა.ბ) მიწათსარგებლობის ინტენსივობის ზოგადი სარეკომენდაციო მონაცემები
ზოგადი ზონირების ინტენსივობის სარეკომენდაციო მაჩვენებლები შემდეგია:
ა.ბ.ა) საცხოვრებელი ზონა 0,6-დან 1,3-მდე;
ა.ბ.ბ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 3,0-მდე;
ა.ბ.გ) საკურორტო- სარეკრეაციო ზონა – 3,0-მდე.
საფუძველი: „ტექნიკური რეგლამენტი – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თობაზე“, საქართველოს მთავრობის დადგენილება №59, 15.01.2014, ქ. თბილისი.
ა.გ) კონკრეტული ფუნქციური ზონები და ქვეზონები
კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკა აკონკრეტებს დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილ ზოგადი ზონირების რუკას. კონკრეტულ ზონირებაში მოცემულია ქვეზონებისათვის კანონით დადგენილი განაშენიანების გეგმარებითი რეგულაციები და პარამეტრები. ამ რეგულაციების და პარამეტრების საფუძველზე დაბა ჩხოროწყუს გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ გაიცემა სამშენებლო ობიექტების გეგმარებითი დავალებები და მშენებლობის ნებართვები. თუ რომელიმე ტერიტორიისათვის იქნება შემუშავებული სპეციალური განაშენიანების რეგულირების გეგმა, მაშინ ამ ტერიტორიის გეგმარებითი პარამეტრები დგინდება განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე. თუ სამშენებლო ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად აღმოჩნდება, რომ იგი განსხვავებით წარმოდგენილი ზონირების რუკისა, იმყოფება არა ერთ რომელიმე ფუნქციურ ზონაში ან ქვეზონაში, არამედ მოიცავს ორ ან მეტ სვადასხვა ფუნქციურ ზონას თუ ქვეზონას, მაშინ ესეთი ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულება დგინდება უპირატესად მასში დომინირებული სახეობის მიხედვით დაბა ჩხოროწყუს გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ (იხ. ცხრილი 3.).
ცხრილი 3: ფუნქციური ზონების და ქვეზონების გეგმარებითი პარამეტრები
კონკრეტული
ზონები
ჰა
კ-1
კ-2
კ-3
სარეკომენდაციო სართულიანობა
ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა’ (ლსზ’)
624,1
სასოფლო-სამეურბენო ზონა’ (სოფზ’)
571,5
სარეკრეაციო ზონა’ (რზ’)
11,0
საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2)
2,6
0,3
3.0-მდე
0,1
3
სპეციალური ზონა’ (სპეცზ’)
6,6
საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1)
82,0
0,5
0,8-მდე
0,3
3
საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2)
212,6
0,5
0,6-მდე
0,25
3
საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3)
13,0
0,5
1,3-მდე
0,2
3
საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1)
18,5
0,6
3,0-მდე
0,1
5
სამრეწველო ზონა 1 (ს-1)
15,7
სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)
82,5
ბ) მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემა და განაშენიანების რეგულირების ხაზები
ვინაიდან პროექტის ფარგლებში არ მოხდა ახალი ტერიტორიების დაპროექტება, შესაბამისად არ გახდა საჭირო განაშენიანების წითელი ხაზების და ლურჯი ხაზების დატანა. მთელი დაბის ტერიტორიაზე ყველა ახალი მშენებლობის შემთხვევაში შენობა უნდა განთავდეს საზოგადოებრივი სივრციდან როგორც წესი 3,0 მ-ით ნაკვეთის სიღრმეში, თუ რამე სხვა არ იქნება დასაბუთებული კონკრეტული არქიტექტურული პროექტით. მდინარის სანაპირო ზოლის და კალაპოტის გაყოლებაზე ნებისმიერი სამშნებლო ნებართვის გაცემამდე გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილ უნდა იქნას ნაკვეთის გეოლოგიური დასკვნა.
გ) სარეზერვო ტერიტორიები
დაბა ჩხოროწყუში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების დეფიციტის გამო ძნელი იყო საზოგადოებრივი დანიშნულებისთვის სარეზერვო ტერიტორიების გამოყოფა. მიუხედავად იმისა რომ აშკარა დეფიციტია ამ მხრივ. საბოლოოდ გამოყოფილი იყო სამი ნაკვეთი, აქედან ორ ნაკვეთზე არის საშუალება რომ საზოგადოებრივი დანიშნულებით განვითარდეს მომავალში (იხ. ცხრილი 4, რუკა 3.08).
ცხრილი 4: სარეზერვო ტერიტორიები.
№
კონკრეტული უფლებრივი ზონა
ფართობი (ჰა)
1
საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1)
1.1
2
საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2)
2.63
3
სამრეწველო ზონა 1 (ს-1)
0.95
3. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასება
ქალაქის გამართული განვითარების უმთავრესი პირობაა ტერიტორიების ფუნქციური ზონების დადგენა, ზონების საზღვრების გარკვევა და მათ შორის ფუნქციური კავშირების ოპტიმიზაცია.
ქალაქის ტერიტორიების ფუნქციური ზონირება ითვალისწინებს როგორც არსებულ მდგომარეობას, ასევე ქალაქის განვითარების ხასიათის გათვალისწინებით – პერსრექტიულ ზონირებას, რომელიც ორგანულად უკავშირდება არსებულ მდგომარეობას.
ქალაქის ზოგადი ფუნქციური ზონირება განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენების სივრცით-გეგმარებით საკითხებს, ხოლო ქალაქის ტერიტორიების კონკრეტული ზონირება განსაზღვრავს განაშენიანების რეგულირების უფლებრივ მხარეებს. ყოველივე ეს ერთად ჰქმნის სამართლებრივ საფუძველს ადგილობრივი თვითმართველობისთვის არქიტექტურულ გეგმარებითი დავალებების და მშენებლობის ნებართვების გასაცემად.
ტერიტორიების დაგეგმვის მიზანშეწონილება განისაზღვრება აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ქალაქის განაშენიანება ვითარდება არა სტიქიურად, არამედ მყარი და საყოველთაოდ ცნობილი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე, დგინდება სამუშაოთა წარმოების მოცულობები და რიგითობა, იკვეთება კერძო და საზოგადოებრივი პასუხისგების ზონები და, ამასთან ერთად, იკვეთება დაფინანსების საჭირო და მოსალოდნელი მოცულობები, ხდება ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ეფექტური მართვა.
ტერიტორიის დაგეგმარების პროცესში იკვეთება დასახლების ძლიერი და სუსტი მხარეები, საჯარო განხილვის და საზოგადოების ფართო ინფორმირების შედეგად ისახება პირველი რიგის, გადაუდებელი ქალაქთგეგმარებითი ხასიათის ამოცანები. ქალაქთგეგმარებითი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად ამაღლდება დასახლების ფუნქციონირების საერთო სოციალურ-ეკონომიკური ეფექტურობა და, ამასთან ერთად, ზოგადად მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი. ყოველივე ზემოდ აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოდ, რომ წარმოდგენილი მიწათსარგებლობის ეფექტურობა იქნება სავსებით დამაკმაყოფილებელი.
4. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა
ა) გენგეგმაში შეტანილი ქალაქგეგმარებითი ღონისძიებების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება;
ბ) სატრანსპრტო კომუნიკაციების სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება;
გ) საინჟინრო კომუნიკაციების სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება;
დ) საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების მუშა დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება.