შპს,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი”-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2118 -2015
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2015 წლი ს 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის” კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2014 წლის 29 აგვისტოს შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი ს” წარმომადგენელმა გადახდისუუნარობის განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი ს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის” განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შ.პ.ს. ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის” მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმისწარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით კრედიტორ როინ მიგრიაულის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება შპს ,,ქართულ - გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი”-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და ამავე სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე. საქმე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობების დადგენის მიზნით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიაჩნია, რომ შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო ,,ბ“ პუნქტის მიხედვით მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე არის მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო.
,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მიხედვით მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ, ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.
მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის“ მიმართ წარმოდგენილი მოთხოვნებიდან აღიარებული იქნა კრედიტორ როინ მიგრიაულის მოთხოვნა 4000 ლარის ოდენობით და კ.ს. ,,ტესო ტელ ელზენ გმბჰ&კო“-ს მოთხოვნა 1355256 ლარის და 47 თეთრის ოდენობით. ასევე მოვალის მიმართ წარმოდგენილია შემდეგი მოთხოვნები: 1) ალექსანდრე დოროყაშვილი – 67200 ლარი; 2) ნოშრევან იარაჯული – 5120 ლარი; 3) ოთარ დოროყაშვილი – 44800 ლარი; 4) შოთა აბდელანი – 2176 ლარი; 5) შემოსავლების სამსახური – 329463 ლარი 79 თეთრი 6) ალესანდრე დოროყაშვილი – 300000 ლარი.
მეურვემ კრედიტორთა კრებაზე წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნა მოვალის ქონების შესახებ, რომლის მიხედვით შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის“ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: 1) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №53.08.37.098 – 1 880 000 ლარი (ს.ფ. 187-188); 2) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №53.08.37.007 – 315 000 ლარი (ს.ფ. 226-236); 3) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №53.08.37.004 – 26 000 ლარი (ს.ფ. 237-247); 4) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №530837.010 – 14 000 ლარი; (ს.ფ. 248-258); 5) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №53.08.37.099 – 1 630 000 ლარი (ს.ფ. 259-264); უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №53.08.037.011 – 490 000 ლარი (ს.ფ. 265- 276); მოძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 1 063 500 ლარით (ს.ფ. 219-225).
განსახილველ შემთხვევაში, მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას და ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. როდესაც მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, ასეთ შემთხვევაში ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი მომრიგებელი საბჭოს შექმნას არ ითვალისწინებს.
დადგენილია, რომ შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის“ მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების ჯამი შეადგენდა სულ – 2 108 016 ლარს და 26 თეთრს (საიდანაც აღიარებული არის მხოლოდ კრედიტორ როინ მიგრიაულის მოთხოვნა 4000 ლარის ოდენობით და კ.ს. ,,ტესო ტელ ელზენ გმბჰ&კო“-ს მოთხოვნა 1355256 ლარის და 47 თეთრის ოდენობით. სხვა კრედიტორთა მოთხოვნები არ არის განხილული, ვინაიდან წარმოსადგენი იყო დამატებითი დოკუმენტები, ხოლო შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა იყო სადავო), მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება კი შეადგენს 5 418 500 ლარს. 2015 წლის 18 ნოემბერს კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ქართულ - გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის” დირექტორმა ალექსანდრე დოროყაშვილმა განმარტა, რომ ამ პერიოდში საწარმოს ვალდებულებები კიდევ შემცირდა, დაკმაყოფილდა რამდენიმე კრედიტორი, კერძოდ, დაფარულია სახელფასო დავალიანებებები და სს ,,თელავის წყალკანალის” დავალიანება.
კრედიტორთა კრებაზე კ.ს. ,,ტესო ტელ ელზენ გმბჰ&კო“-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის მარწმუნებელს და ალექსანდრე დოროყაშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ალექსანდრე დოროყაშვილმა შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის” კაპიტალში მისი კუთვნილი წილი 50% გადაუფორმა კ.ს. ,,ტესო ტელ ელზენ გმბჰ&კო“-ს, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი გახდა საწარმოს 100% წილის მფლობელი და პარტნიორი ითხოვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტას.
,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი“ არ არის გადახდისუუნარო და არ იმყოფება მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე, მოვალეს შეუძლია დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები. საწარმოს პარტნიორებს არ სურთ გაკოტრების საქმის წარმოების გაგრძელება და არც საწარმოს მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას ეთანხმებიან პარტნიორები და კრედიტორები, რის გამოც უნდა შეწყდეს შპს ,,ქართულ გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-13, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის” (ს/ნ 231247102) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლ . ქოჩიაშვილი