საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.03.2016
ძალის დაკარგვა 01.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016359
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი | თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№13
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №708 დადგენილებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (შემდგომ ტექსტში – ჰოსპიტალი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) (შემდგომ ტექსტში – მოსამსახურეები), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერები), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი”.
3. ჰოსპიტლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კანონმდებლობა და წინამდებარე დებულება.
4. ჰოსპიტალი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. ჰოსპიტალს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები.
6. ჰოსპიტლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. №56.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ჰოსპიტალი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) მოსამსახურეებისათვის, პენსიონერებისათვის, მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის ლიცენზიით მინიჭებული უფლებების ფარგლებში;
ბ) პროფილაქტიკური ღონისძიებებით მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური სტატუსის შენარჩუნება და განმტკიცება; ავადობის მაჩვენებლებისა და შრომისუუნარობის ხანგრძლივობის შემცირება;
გ) მოსამსახურეების ამბულატორული, სტაციონარული მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია და დისპანზერიზაცია;
დ) საბრძოლო მოქმედებების დროს, ჰოსპიტალში ევაკუირებულ დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და მკურნალობა, სათანადო ღონისძიებების გატარება სანიტარიული დანაკარგის მინიმუმამდე შესამცირებლად;
ე) სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სამედიცინო დახმარების ან ექსპერტიზის უზრუნველყოფა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, როდესაც ამ ღონისძიებების განხორციელება ჰოსპიტალში შეუძლებელია;
ზ) მოსამსახურეების, პენსიონერების და საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპული ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) საბაზისო სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარ დამტკიცებული სიით, ამ მიზნით ჰოსპიტლისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
თ) პენსიონერთა სამედიცინო შემოწმება;
ი) ჰოსპიტლის სამედიცინო და სხვა დამხმარე საშუალებებით აღჭურვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, მისი განახლება-შევსება (საველე პირობების მოთხოვნათა გათვალისწინებით);
კ) სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი;
ლ) სამედიცინო კვალიფიციური კადრების შერჩევა და თანამშრომელთა შორის სანიტარიულ საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება, საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება;
მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა რეგიონში პროფილაქტიკური სამკურნალო და საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენის მიზნით, ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალიდან, მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება და მივლინება დანიშნულების ადგილზე;
ნ) საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზება ჰოსპიტლის კომპეტენციის ფარგლებში;
ო) პაციენტთა მკურნალობის შედეგების ანალიზი და მკურნალობის ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება და გატარება;
პ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
2. ჰოსპიტალის მიერ მოსამსახურეების, პენსიონერების და მათი ოჯახის წევრების მომსახურება პრიორიტეტულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ჰოსპიტალი ქვემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ პირადად, ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით, საბიუჯეტო დაფინანსებით, ახორციელებს შემდეგი პირების მომსახურებას:
ა) მოსამსახურეების მომსახურება ხორციელდება ანაზღაურების გარეშე;
ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირების, ამავე აქტით დადგენილ შემთხვევებში ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით მომსახურება ხორციელდება, თუ ისინი წარმოადგენენ:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის/ პენსიის მიმღებ პირებს;
ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;
ბ.გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);
ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);
ბ.ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს.
3. ჰოსპიტალი თავის საქმიანობას ახორციელებს საბიუჯეტო ასიგნებების და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ხელშეკრულებები ფორმდება, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან.
4. ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი, მეთოდური და პედაგოგიური მუშაობის ორგანიზაციის ფორმები განისაზღვრება ჰოსპიტლის შინაგანაწესით. სამეცნიერო კვლევითი მუშაობა წარიმართება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამკურნალო, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის ოპტიმიზების მიზნით, ჰოსპიტალს უფლება აქვს ხელშეკრულებით მოიწვიოს დროებითი ან მუდმივი დახმარებისათვის, ქვეყნის ან საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტები, რომელთა შრომითი ანაზღაურება განხორციელდება საკონტრაქტო პირობით, შესრულებულ სამუშაოთა მნიშვნელობისა და მოცულობის შესაბამისად.
6. ჰოსპიტალი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება იყოს დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი ან გამოყენებული იქნეს დიპლომამდელი სწავლების, პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისათვის კლინიკურ ბაზად სამხედრო მედიცინის ან მედიცინის სხვა დარგში. ამ ფუნქციის შესასრულებლად ჰოსპიტალი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
7. ჰოსპიტლის სიმძლავრის გათვალისწინებით, მისი უშუალო ფუნქციების გარდა, ჰოსპიტალს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო დახმარება საქართველოს ან საზღვარგარეთის მოქალაქეებს მოქმედი კანონმდებლობით. ამ მიზნით:
ა) ჰოსპიტალს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების პროგრამების შესრულებაში;
ბ) ჰოსპიტალს უფლება აქვს მიიღოს შეკვეთები სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაციებიდან მოქალაქეთა გარკვეული კონტინგენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. შესრულებული სამუშაოთა ღირებულება დამკვეთის მიერ ანაზღაურდება დადგენილი წესით.
8. აღჭურვისა და სერვისის მაღალი დონის გათვალისწინებით ჰოსპიტალს უფლება აქვს, გარდა მოსამსახურეებისა, პენსიონერებისა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისა, სხვა პირებისათვის სახელმწიფო შეკვეთების გარდა დააწესოს მკურნალობის ღირებულების განსხვავებული საფასურები.
9. ჰოსპიტალს უფლება აქვს შესთავაზოს მოქალაქეებს სერვისის სხვადასხვა სახე სამედიცინო და არასამედიცინო სფეროში სათანადო კანონმდებლობის დაცვით.
10. ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების დონის ზრდას საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის მუდმივი განათლებითა და განვითარებით, სამედიცინო ტექნოლოგიების მაქსიმალური მიახლოებით საერთაშორისო სტანდარტებსა და მედიცინის პრინციპებთან.
11. ჰოსპიტალი ანხორციელებს ჰოსპიტლის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას.
მუხლი 3🔗. ჰოსპიტლის მართვა
1. ჰოსპიტალს ხელმძღვანელობს ჰოსპიტლის დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
2. დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3. ჰოსპიტლის დირექტორი:
ა) ასრულებს ჰოსპიტლის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ჰოსპიტლის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის, განსაზღვრავს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ბ) წარმოადგენს ჰოსპიტალს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ჰოსპიტლის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ჰოსპიტლის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;
გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰოსპიტლის” სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს;
დ) ახორციელებს ჰოსპიტლის თანამშრომლების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას;
ე) ეკისრება პასუხისმგებლობა ჰოსპიტლის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე;
ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ჰოსპიტლის წლიურ ბიუჯეტს, საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და ანგარიშებს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;
თ) პასუხს აგებს ჰოსპიტლის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;
ი) სპეციალური დავალებების შესასრულებლად ჰოსპიტალში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით;
კ) ახორციელებს ჰოსპიტლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას;
ლ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება მიანიჭოს მის მოადგილეებს;
მ) ჰოსპიტალში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებით განსაზღვრავს და ამტკიცებს სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს და პირობებს;
ნ) უფლებამოსილია ჰოსპიტლის თანამშრომლებს, მკურნალობის, სახელმწიფო ან შიდა სტანდარტებით გამომუშავებული თანხებიდან დაუდგინოს დანამატი, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
4. ჰოსპიტლის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის დავალებით, დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
5. ჰოსპიტლის დირექტორის დანამატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 4🔗. ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ჰოსპიტლის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საჯარო მიზნის განხორციელებისას უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ჰოსპიტლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ჰოსპიტლის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
5. ჰოსპიტალმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, კანონით გათვალისწინებული წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილების მიღება ჰოსპიტლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ)” და ,,გ)” ქვეპუნქტების განსახორციელებლად, აუცილებელია აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 5🔗. ჰოსპიტლის ქონება და სახსრები
1. ჰოსპიტალს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტლის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქველმოქმედო შემოწირულობები;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი.
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ჰოსპიტლის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
4. ჰოსპიტალი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი, წლიური ბიუჯეტი, საშტატო განრიგი, ხელფასის ფონდი, ანგარიშები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს.
5. ჰოსპიტლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 6🔗. საქმიანობის შეწყვეტა. ლიკვიდაცია
1. თუ ჰოსპიტალი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ჰოსპიტლის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.